"სახალხო სასამართლოს" მოლოდინში - კვირის პალიტრა

"სახალხო სასამართლოს" მოლოდინში

სასამართლოს უშედეგო რეფორმით შეწუხებულ ქართველებს "სახალხო სასამართლოს" სატელევიზიო შოუს იდეა უკვე კარგა ხანია უკარგავს მოსვენებას. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გვპირდება, რომ პირველი პროცესი მალე გაიმართება და ის უპირველესად სკანდალურ საქმეებს განიხილავს.

გელა ნიკოლაიშვილი: - საბჭომ უკვე დაამტკიცა სასამართლოს წესდება, ამის ამსახველი ვიდეომასალაც გვაქვს. მზად გვაქვს დარბაზი, სადაც სხდომები გაიმართება. ხელისუფლებამ არ წარმოადგინა თავისი ადვოკატი, ამიტომ კონკურსი გამოვაცხადეთ. რამდენიმე კანდიდატურისგან ჯერ მხოლოდ ორ მათგანზე შევაჩერეთ არჩევანი.

ესენი არიან ცნობილი ადვოკატები, ვახტანგ და გრიგოლ გაგნიძეები, რომელთაც ხელისუფლების ინტერესების დაცვის სურვილი აქვთ. თავიდან ნათქვამი იყო, რომ მე ვიქნებოდი სახალხო ბრალმდებელი, მაგრამ საკმაოდ დიდი მოცულობის მასალების შემოსვლას ველით და ამიტომ მოვითხოვე, სახალხო ბრალმდებლის ტვირთი სხვებსაც დაჰკისრებოდათ.

ასე რომ, საქმეებს შალვა ხაჭაპურიძე და ეკა ბესელიაც გაეცნობიან და საზოგადოებას სახალხო ბრალმდებლის ამპლუაში წარუდგებიან. სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების  მონაწილეობის პრინციპით წარიმართება, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სახალხო მსაჯულები დაერქმევათ.

მალე საჩივრების მიღება დაიწყება. მოქალაქეებს, რომლებიც თავს დაზარალებულებად მიიჩნევენ, სპეციალური ფორმების შევსება მოუწევთ. ფორმა სტრასბურგის სასამართლოში მიღებული ფორმის მსგავსია. რა თქმა უნდა, მომჩივანმა ბრალდებები თუ დოკუმენტებით არ გაამყარა, მის განცხადებას ვერ მივიღებთ.

პირველ სხდომაზე ვაზაგაშვილის საქმეს განვიხილავთ. უკვე ვესაუბრეთ მის მშობლებს, ახლა ველით საჩივრის შემოტანას, რადგან სხვა ყველა მასალა ხელთ გვაქვს. ქუჩაში ჩაცხრილული სხვა ბიჭების საქმეებსაც განვიხილავთ. სახალხო სასამართლოში მხოლოდ გირგვლიანის საქმე არ განიხილება, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით და სახალხო სასამართლოს განხილვა აზრს კარგავს. განვიხილავთ აფრასიძეების საქმესაც და თან წარმოვადგენთ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ სატელევიზიო განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურმე აფრასიძეების ჩახოცვა გამართლებული იყო.

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სკანდალურ საქმესაც განიხილავთ?

- ის ჩანაწერები, რომელთა შესახებაც თემურ შაშიაშვილი ინტერვიუებში ლაპარაკობდა, ჯერჯერობით ჩვენამდე არ მოსულა.

- რომელი ტელევიზიით გადაიცემა სახალხო სასამართლოს სხდომები?

- თავდაპირველად "მაესტროსთან" გვქონდა მოლაპარაკება, რომელმაც  გადაცემის მომზადებისთვის ძალზე დიდი თანხა მოითხოვა. სამწუხაროდ, თანხა ვერ ვიშოვეთ. სახალხო სასამართლოს აქვს ფონდი, სადაც ადმინისტრაციულ საკითხებს ნანა დევდარიანი აგვარებს. მან მოახერხა ერთ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება და სასამართლო სხდომის გადაღება-ჩაწერა ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება.

ახლახან კიდევ ვესაუბრეთ "მაესტროს" დირექტორ კახა ბექაურს, რომელიც დაგვპირდა, რომ თუ ჩვენი ვიდეოჩანაწერები სათანადო ხარისხის იქნება, ტელეეთერში გაუშვებს. ვფიქრობთ, სახალხო სასამართლოს სხდომები რომელიმე რადიოს ან ინტერნეტტელევიზიის მეშვეობითაც გადაიცეს.

ველაპარაკეთ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომელთაც მეორე არხის განსაზღვრული დროით სურვილისამებრ განკარგვის საშუალება მისცეს. ლეიბორისტული პარტია მზად არის, რომ თავისი საეთერო დრო სახალხო სასამართლოს დაუთმოს.