"ორმა ქვეყანამ ეს შავი ლაქა უნდა ჩამოირეცხოს" - კვირის პალიტრა

"ორმა ქვეყანამ ეს შავი ლაქა უნდა ჩამოირეცხოს"

"იმედია, საქართველო მუჰთარლის საქმეს გამოიძიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დარჩება სამარცხვინო ისტორიად"

გასულ კვირას ევროპარლამენტმა აფგან მუჰთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც მკაცრად მოუწოდებს საქართველოსა და აზერბაიჯანს, დაწვრილებით გამოიძიონ ეს საქმე. რა მოჰყვება რეზოლუციას და რა გავლენა ექნება ამ ინციდენტს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ამ თემებზე დოკუმენტის ერთ-ერთ ავტორს, ლიტველ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს ვესაუბრეთ:

- რამდენად რეალურია, რომ ბაქო და თბილისი ამ საქმეს გამოიძიებენ?

- რაც მოხდა, ძალიან ცუდია საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟისთვის - თქვენს სუვერენულ ტერიტორიაზე იტაცებენ ადამიანს, რომელიც შემოგეხიზნათ და იმედოვნებდა, რომ აქ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა. ის მოვლენებიც, რაც შემდგომ აზერბაიჯანში განვითარდა, კარგს არაფერს ამბობს... უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ორმა ქვეყანამ ყველაფერი იღონოს, რათა შავი ლაქა ჩამოირეცხოს. იმედია, საქართველო საქმეს გამოიძიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დარჩება სამარცხვინო ისტორიად. დაისმება შეკითხვა, რამდენად შეიძლება ვენდოთ საქართველოს ხელისუფლებასა და მის სიტყვას. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება დემოკრატიულობასა და კანონის უზენაესობას ქვეყანაში. დასანანი იქნება, თუ საქართველო ამ შანსს ხელიდან გაუშვებს. მმართველმა ძალამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მოსაზრება, რაც ბრიუსელში გვაქვს საქართველოზე, სწორია, რომ ქვეყანა მიისწრაფვის მეტი დემოკრატიულობისკენ, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.

- აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი და ენერგომომმარაგებელია. როგორ ფიქრობთ, თბილისს რომ ოფიციალურად გადაეცა მუჰთარლი ბაქოსთვის, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია?

- რატომ უნდა გადაეცა? როგორც ვიცი, მას დანაშაული არ ჩაუდენია. ჟურნალისტი, მით უმეტეს, საგამოძიებო მედიაში, კრიტიკული უნდა იყოს. ჩვენ არ ვცხოვრობთ პუტინის რუსეთში, სადაც ოპოზიციასა და ჟურნალისტებს ძალით აჩუმებენ.

- საქართველოში საკმაოდაა ხალხი, ვინც თვლის, რომ არ ღირს ერთი ადამიანის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭება.

- არა მგონია, მუჰთარლის ამხელა ზეგავლენა ჰქონდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე. დღეს ევროპასა და ევროკავშირში დიდ ყურადღებას აქცევენ კანონის უზენაესობას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირთან დაახლოებით. თუ აფგან მუჰთარლის საქმესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას პასუხი არ გაეცა, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე.

ეს არ იქნება ურთიერთობის გაწყვეტის საბაბი, მაგრამ ჩაითვლება, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ დაგვრჩება ეჭვები და შეკითხვები ქართულ მხარესთან.

ვაჟა თავბერიძე