"მაჟორიტარებმა ხელისუფლება საერთაშორისო შარში გახვიეს!" - კვირის პალიტრა

"მაჟორიტარებმა ხელისუფლება საერთაშორისო შარში გახვიეს!"

"ჯანი ბუკიკიოს პოზიცია ემთხვევა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, უშუალოდ პროცესში ჩართული კონსტიტუციონალისტების შენიშვნებს - "ქართულმა ოცნებამ" ორი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რამაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა"

"ყველამ კარგად იცის, რა ფენომენად იქცნენ ქართულ პოლიტიკაში მაჟორიტარები - მათი დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის და დეპუტატობის მიუხედავად, ფარულად საკუთარ ბიზნესს ლობირებს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ"

"იმედგაცრუებული ვარ", "ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები", "საკონსტიტუციო პროცესი ბლოკირებულია" - ასეთი შეფასებებით ასრულებდა ბათუმში მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მმართველ გუნდთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, ორდღიანი ვიზიტის დასასრულს კი აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან შესაძლო კომპრომისისთვის საფუძველი არსებობს. ბუკიკიოსთვის განსაკუთრებით გაუგებარი აღმოჩნდა ის ცვლილებები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის გვერდის ავლით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიიღო... რა გავლენას მოახდენს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ვინ არის პასუხისმგებელი, რომ საკონსტიტუციო პროექტზე კითხვის ნიშნები არა მხოლოდ ქვეყანაში, მის ფარგლებს გარეთაც საერთაშორისო ორგანიზაციებს უჩნდებათ.

"მაჟორიტარებს "მწვანე" აუნთეს, ეგონათ, სათავისოდ გამოიყენებდნენ"

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი: - ჯანი ბუკიკიომ ვიზიტის მეორე დღეს შედარებით დიპლომატიური განცხადება გააკეთა - აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის იმედი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, ის, რაც პირველ დღეს თქვა იმედგაცრუების თაობაზე, აბსოლუტურად ესადაგებოდა იმ შეხედულებებს, რაც საკონსტიტუციო პროექტზე საერთაშორისო ასპარეზზე არსებობს.

ფაქტია, ბუკიკიოს პოზიცია ემთხვევა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, უშუალოდ პროცესში ჩართული კონსტიტუციონალისტების შენიშვნებს - "ქართულმა ოცნებამ" ორი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რამაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

ხელისუფლების ტყუილს აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება - რისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რა მიზანი ჰქონდა სახალხო განხილვებს და ვენეციის კომისიაში პროექტის გადაგზავნას, თუ მათ მიერვე შემუშავებულ ცვლილებებს ერთ დღეში თავადვე შეცვლიდნენ. გამოვიდა, რომ მმართველმა გუნდმა არა მხოლოდ მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოატყუა - ვენეციის კომისია აბსოლუტურად სხვა პროექტზე ამუშავეს და რეკომენდაციებიც დააწერინეს და სულ სხვა პროექტს უყარეს კენჭი. სწორედ ამან გადარია ბუკიკიო. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ საერთაშორისო შარში ხელისუფლება მის სახელსვე ამოფარებულმა მაჟორიტარებმა გახვიეს.

- მმართველი გუნდის ნაწილიც აღიარებს, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდნის ზღვარზე იდგა. როგორ მოხდა, რომ მაჟორიტარები თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომლის უშუალო ინიციატივა გახლდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, უფრო გავლენიანები აღმოჩნდნენ?

- ის, რომ მაჟორიტარები დღეს მთელ გუნდს დღის წესრიგს კარნახობენ და რეფორმის ჩაგდებით ემუქრებიან, "ქართულ ოცნებას" ძვირად დაუჯდება.

ყველამ კარგად იცის, რა ფენომენად იქცნენ ქართულ პოლიტიკაში მაჟორიტარები - მათი დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის და დეპუტატობის მიუხედავად, ფარულად საკუთარ ბიზნესს ლობირებს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ. ბევრი მათგანი თავიანთ რაიონებს ისე უყურებს, როგორც სათავადოებს. მაჟორიტარების ფეოდალური მენტალიტეტის შესახებ ხელისუფლებაშიც კარგად იციან, უბრალოდ, მათ "მწვანე" აუნთეს, რადგან ეგონათ, საჭიროების შემთხვევაში სათავისოდ გამოიყენებდნენ. საბოლოოდ კი მთლიანად გუნდი აღმოჩნდა მათი შანტაჟის მსხვერპლი. განა არ იციან შესაბამისმა პირებმა, რომ მაჟორიტარების გარეშე კონკრეტულ რეგიონში ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია და ნებისმიერი პროექტიდან 10%-იანი ფინანსური შემოსავალი პირდაპირ მათ ჯიბეში მიდის?

ან იქნებ ისიც გვითხრან, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტიდანაც მაჟორიტარები ფულს არ იპარავენ? ყველამ ყველაფერი იცის, თქმას და მოქმედებას ვერავინ ბედავს.

ხელისუფლებას მაჟორიტარების ეშინია, რადგან სუსტი მმართველი ძალა გვყავს. მაჟორიტარები კი ამ სისუსტეს სათავისოდ იყენებენ და ქმნიან განწყობას, რომ რეგიონებში ვითარების "არევის" რესურსი აქვთ და ამას შანტაჟისთვის იყენებენ. გვინდა ამ კასტის კიდევ 7 წლით შენარჩუნება?!

არადა, მათ ხალხი სიმპათიების გამო კი არ ირჩევს, იმდენად დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, რომ ქველმოქმედების სახელით ნებისმიერი მოქალაქის ირიბად მოსყიდვა შეუძლიათ - ზოგი ხალხს მედიკამენტებით ეხმარება და საკუთარ კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, ზოგიც სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ერთი ტომარა ფქვილით ამარაგებს და ა.შ. ხალხსაც ეკონომიურად იმდენად უჭირს, რომ ასეთ ერთჯერად დახმარებას გადარჩენად აღიქვამს. აბა, ნახეთ, რა მიიღო წალკამ ან დმანისმა კახა ოქრიაშვილის რამდენიმეწლიანი მაჟორიტარობით? ან ხულოში რა შეიცვალა თუ მაჟორიტარად 12 წლის განმავლობაში ანზორ ბოლქვაძეს ირჩევს?!

რამდენიმე დღის წინ მათი განცხადება მოვისმინე - ჩვენ ზეპარტიულები ვართო და ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე, დიახ, ზეპარტიულები არიან, რადგან იდეოლოგიაც კი არ გააჩნიათ, იმ პოლიტიკურ ძალასთან გარბიან, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აღარ იქნება, პირველები სწორედ მაჟორიტარები გაიქცევიან ე.წ. გუნდიდან.

ისიც კი მოვისმინე, მაჟორიტარებს ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმაო. ეს მართლაც ცინიზმის პიკი გახლდათ! მაჟორიტარების ნაწილი რა სქემითაც იგებს არჩევნებს, უკვე განვმარტე, მეორე ნაწილი კი პარტიას არის ამოფარებული. ვინ აირჩევდა ფეხბურთელებს ან მორაგბეებს მაჟორიტარად, "ქართული ოცნების" სახელით რომ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა?

- თქვენი განწყობა მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ვერც 2024 წელს მოხერხდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა?

- კონსტიტუციაში დაანონსებული დაპირება სულაც არ გვაძლევს გარანტიას, რომ მაჟორიტარები 2024 წელს ისევ შანტაჟის ენით არ ისაუბრებენ ხელისუფლებასთან. იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყოს თუნდაც საარჩევნო მიმართულებით, სხვა რეფორმასთან ერთად, მაჟორიტარების ინსტიტუტის დემონტაჟი აუცილებელია!

- პროპორციულ სისტემაზე გადასვლას პრინციპულ საკითხად მიიჩნევდა პარლამენტის თავმჯდომარე. ვრცელდება ხმები, რომ შესაძლოა, სწორედ ჩავარდნილი ცვლილებების გამო მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ის გია ვოლსკიმ ჩაანაცვლოს.

- ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო მთელ ამ პროცესში, თუმცა, პასუხისმგებლობა მთლიანად გუნდმა უნდა გაიზიაროს.

არ გამოვრიცხავ, არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საბაბად გამოიყენონ, თუმცა, არ იქნება სამართლიანი. გუნდის სხვა წევრების განცხადებებიც გვახსოვს, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა, არაფერი გაუკეთებიათ რეფორმის გასატარებლად.

"ხელისუფლებამ ვენეციის კომისიაც მოატყუა"

კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი: - როდესაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იყენებს ისეთ ტერმინს - "ბლოკირებული", ღიად ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და დასძენს, რომ კონსტიტუცია მთლიან პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას, მმართველი გუნდისთვის ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ბუკიკიო იმანაც გააბრაზა, რომ, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ არა მხოლოდ საზოგადოება, ვენეციის კომისიაც მოატყუა - ორგანიზაციას გადაუგზავნა პროექტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უჭერდა მხარს. მათ იმუშავეს ამ პროექტზე და შესაბამისი რეკომენდაციებიც გააცნეს მმართველ გუნდს, თავად კი ერთ დღეში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს...

არ მესმის, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამ ქმედებას მწვავე საერთაშორისო კრიტიკა არ მოჰყვებოდა.

- რა გავლენას მოახდენს ბუკიკიოს განცხადებები მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე?

- ფაქტია, რომ ჯანი ბუკიკიოს განცხადებებმა უკვე მოახდინა გავლენა მმართველ გუნდზე და ამის პირველი ნიშანი ის გახლდათ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, ეთქვა, ვენეციის კომისიასთან დიალოგს გავაგრძელებთო. "ქართული ოცნება" უნდა შეეცადოს, მთავარი რეკომენდაცია გაითვალისწინოს და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიოს. რაც შეეხება ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს, ბუნებრივია, მსგავს შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ყურადღებით აკვირდებიან. არ არის გამორიცხული, საკითხის განხილვა ევროპარლამენტშიც გაგრძელდეს და ქვეყნის იმიჯს ზიანი მიადგეს. ბოლო დროს საქართველოსთან დასავლეთს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაუგროვდა...

რუსუდან შელია