"სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა"

"ის, რაც უკრაინაში ხდება, ცივილიზაციებს, მსოფლმხედველობებს შორის დაპირისპირებაა და არა უბრალო ომი"

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს მისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადს შეიტანს. უკრაინასა და საქართველოს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე უკრაინელ მკვლევარს, ორგანიზაცია პენ Uკრაინე-ს დირექტორ ტარას მიხალნიუკს ვესაუბრეთ:

- ნატო გეგმავს, მეტად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეეხება ეს ჩვენს ქვეყნებს და რამდენად ძალუძს ნატოს, რუსეთთან კონფლიქტის გარეშე დაიმკვიდროს თავი შავ ზღვაზე?

- დასავლეთში თანდათან ხვდებიან, რომ კრემლი ცდილობს დააზიანოს მათი ინფრასტრუქტურა, ძირი გამოუთხაროს მათ პოლიტიკურ სისტემას. ის, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ძალიან აწუხებთ ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც. რუსული აგრესია ბალტიისპირეთში ნიშნავს ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ამოქმედებას - ანუ ყველა მოკავშირე სახელმწიფოს მოუწევს, რუსეთს ომი გამოუცხადოს. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არც ერთი მხარე არ არის მზად, პუტინი ცდილობს, მოსინჯოს ალიანსის მზადყოფნა - იომებენ კი ისინი, მაგალითად, ლატვიისთვის? რუსეთთან მეზობლობა მუდმივი საფრთხის შემცველია, ამის არაღიარება თავის მოტყუებაა.

- პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ საკუთარი თავი უნდა იპოვოს. როგორი უკრაინა სურთ უკრაინელებს?

- ბოლო გამოკითხვებით, 80% იმ ხალხისა, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, თავს უკრაინელად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რა ენაზე საუბრობენ, კათოლიკეები არიან თუ მართლმადიდებლები. დასავლეთ უკრაინაში ხალხს ევროპული მომავალი სურს. აღმოსავლეთ უკრაინაში კი საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდათ არა იმიტომ, რომ ის განვითარებული იყო, დიდი ინდუსტრიებითა და კარგი ხელფასებით, არამედ საბჭოთა კავშირის მთავარი მაგნეტიზმი შიშია, მთელ მსოფლიოს ეშინოდა მისი. ასე რომ, ის, რაც უკრაინაში ხდება, ცივილიზაციებს, მსოფლმხედველობებს შორის დაპირისპირებაა და არა უბრალო ომი.

- სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ბრიუსელის ნაცვლად, ტანზანიაში მიდიოდა კონფერენციაზე. ითქვა, რომ შიშობდა, პოროშენკო, რომელიც იმავე კონფერენციაზე მიიწვიეს ბრიუსელში, მოქალაქეობას ჩამოართმევდა და უკრაინაში დაბრუნების ნებას აღარ მისცემდა.

- სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა. ოდესელებს უამრავ რამეს დაჰპირდა, მაგრამ გაკეთებული ძალიან მცირეა.

- საკმარისი დრო მიეცით ამისთვის? ლაპარაკია ქვეყანაზე, სადაც ყველა მნიშვნელოვანი სფერო ოლიგარქს უდევს ჯიბეში.

- სააკაშვილს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ გამოცდა ჩაებარებინა. ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუციები. შეადარეთ ეს იანუკოვიჩის მმართველობის წლებს, რომელსაც უნდოდა, მართვის სადავეები მის ხელში ყოფილიყო. მაგრამ არ გამოუვიდა. ოლიგარქებიც კი დემოკრატიის წესებით თამაშობენ - ძალაუფლების სრული მონოპოლიზების უფლება არავის ეძლევა. აქ არსებობს ძალთა ბალანსი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის იბრძოლოს.

ვაჟა თავბერიძე