თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!) - რამდენიმე სატირულ-იუმორისტული ეპიზოდი მერის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!) - რამდენიმე სატირულ-იუმორისტული ეპიზოდი მერის ცხოვრებიდან

თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!)

გასულ კვირას თბილისის მერიამ ყურადღება ერთი მეტად კურიოზული ფაქტით მიიქცია, არც მეტი, არც ნაკლები, მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო(?!). კვირის ბოლოს პეკინზე მიმდინარე სამუშაოების დროს წყლის მილი გასკდა და მიმდებარე მაღაზიების სარდაფები დაიტბორა. დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრა" მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს, ლაშა ჩხიკვიშვილს დაუკავშირდა:

-"სანამ პეკინის ქუჩაზე სამუშაოებს დავიწყებდით, ვთქვით, რომ პრობლემები აუცილებლად იქნებოდა. 60 წელიწადია იქ რეაბილიტაცია არავის ჩაუტარებია. მიწის ქვეშ არაერთი უკანონო კომუნალური მიერთებაა როგორც წყლის, ასევე გაზის მილებთან. ამიტომაც ამ კომპანიების წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მზადყოფნაში არიან, პრობლემის წარმოქმნისას ოპერატიულად იმოქმედონ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, წყალი დროულად გადაიკეტა.

- საფრთხეებისთვის მზადყოფნას რას უწოდებთ? იყვნენ თუ არა ამის შესახებ გაფრთხილებული იმ მაღაზიის მფლობელები, რომელთა სარდაფებიც დაიტბორა?

- ბუნებრივია, ისინი რისკების შესახებ გაფრთხილებული იყვნენ.

- ზარალი როდის აუნაზღაურდებათ?

- ამ საკითხებზე ვმსჯელობთ.

- იქნებ აგვიხსნათ, როგორ მოხდა, რომ მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი დააგო?

- ამის გამო ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა პირად საქმეში საყვედური გამოუცხადა იმ ზედამხედველს, ვისაც ამ საქმიანობის გაკონტროლება ევალებოდა. ლიანდაგი კი რამდენიმე საათში აღდგა...

ასფალტის ლიანდაგზე დაგება ნარმანიას მერობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი იქნება, ისევე როგორც "დახვეწილობის კურსების" დაფინანსება მერიის თანამშრომლებისთვის. შეგახსენებთ, რომ "მედიატორის" ინფორმაციით, თბილისის მერია რესტორნებში თვეში დაახლოებით 47.000 ლარს ხარჯავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ ჭამა-სმას, სუფრასთან ქცევის წესების შესწავლასაც აფინანსებდა. დიახ, მასწავლებელი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს სუფრასთან ქცევის წესებს ასწავლიდა. საწყის ეტაპზე ჩაცმისა და სუფრასთან ქცევის წესები მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელმა შეისწავლა, შემდეგ კი მაგალითი სხვებს მისცეს(?!).

reclama

თბილისის მერმა მილიონი ხის დარგვის ინიციატივითაც დაგვამახსოვრა თავი, რაც უმოკლეს დროში "ორსიტყვიან ანეკდოტად" იქცა.

ნარმანიას სახელს დაუკავშირდა ჭკუის საკითხავად ჩამოყვანილი უცხოელი ექსპერტების გასაოცარი დასკვნაც, რომ სოლოლაკში, ლადო ასათიანის ვიწრო ქუჩაზე ტრამვაის ხაზი უნდა გავიყვანოთ.(?!)

ეკა ასათიანი