ჭკუა დაუშლის თუ რა?.. - კვირის პალიტრა

ჭკუა დაუშლის თუ რა?..

ვინ იცის, როდის იყო მზად საცურაო აუზი ხუთი დეკემბრის ქუჩაზე, ან კიდევ, სასადილო 55-ე სკოლაში, შეიძლება ერთი კვირის წინ ან უფრო ადრეც, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებს უპრეზიდენტოდ როგორ გახსნიდნენ? პრეზიდენტი კი სამშობლოში არ იყო.

ჩამოვიდა და მაშინვე თავის საყვარელ საქმეს - ობიექტების გახსნას შეუდგა. ეს საქმე იმდენად უყვარს, რომ ხშირად ერთსა და იმავე ობიექტს რამდენჯერმეც ხსნის. მაგრამ ახლა იმდენ ხანს არ იყო ქვეყანაში, რომ ობიექტები დაგროვდა კიდეც და რამდენიმეს გახსნა ერთად მოუხდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის, ალბათ, სკოლის სასადილო იყო. როდის ყოფილა აქამდე, რომ სკოლის სასადილო უპრეზიდენტოდ გაეხსნათ?  აუზები, სასადილოები, მოედნები პირადად უნდა გახსნა, რათა ყველაფერი შენს სახელს დაუკავშირდეს, თუნდაც ობიექტი კერძო იყოს.

თუნდაც დედაქალაქის მერის არჩევნები იყოს მოახლოებული და პიარი შენზე მეტად მერს სჭირდებოდეს. არაფრით არ უნდა დათმო. დასასრულ: თუ ოპოზიცია თავქარიანს გეძახის, საწინააღმდეგო კი არ უნდა ამტკიცო, შენც შეგიძლია საკუთარ თავს დასცინო და როდესაც აუზზე წყალბურთელის ქუდს დაგახურავენ, იხუმრო: "თქვენ გგონიათ, ჭკუა დამიშლის, რომ წყალში გადავხტე?"

შედეგი სახეზეა!..

საქართველოს პრეზიდენტი ლამის სამკვირიანი მოგზაურობიდან სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც ჯერ რომში გაემგზავრა, პაპთან, შემდეგ კი - კოსტა-რიკაში, ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაციაზე დასასწრებად. "მიხეილ სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, ვინც ინაუგურაციაზე იყო მიწვეული", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, სადაც არაფერი წერია იმის შესახებ, რატომ ერგო ესოდენ დიდი პატივი ქალბატონ ჩინჩილიასგან ჩვენს პრეზიდენტს. სამაგიეროდ, განმარტებულია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი კოსტა-რიკის ახალ პრეზიდენტთან, ჰონდურასისა და გვატემალის პრეზიდენტებსა და სხვა სახელმწიფო მეთაურებთან საქმიან ვახშამზეც იყო მიწვეული. შეხვედრებისას პრეზიდენტებს შორის საუბარი ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა".

ის, რომ ჩვენი პრეზიდენტი ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, უკრაინულ და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენ ენასთან ერთად ესპანურსაც ფლობს, პრეზიდენტის ოფიციალურმა საიტმა აუცილებლად უნდა გვამცნოს. სხვანაირად როგორ იქნება? საიტი პირდაპირ არ გვეუბნება, რაზე ისაუბრეს ესპანურად პრეზიდენტებმა, მაგრამ მიგვანიშნებს: "გვატემალის პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება სთხოვეს". სულ ეს არის, დანარჩენს თავად უნდა მივხვდეთ. უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ისე მოხიბლა თავისი ესპანურით გვატემალის პრეზიდენტი, რომ მან აფხაზეთისა და ოსეთის ცნობა გადაიფიქრა. ამას რა სჯობია, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც საქართველოში წინა კვირას გაჩნდა, ასეთია: სად იყო კოსტა-რიკის შემდეგ ჩვენი პრეზიდენტი? სან-ხოსედან ქართულ საინფორმაციო საშუალებებს მისი კვალი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ, პრეზიდენტის საიტი კი გვაუწყებს: "საქართველოს დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკის რეგიონში დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მიზნით.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საელჩოები გაიხსნება ბრაზილიასა და მექსიკაში"." რა გამოდის, პრეზიდენტი პირადად სტუმრობდა ბრაზილიასა და მექსიკას დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად? ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეჩვიეთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი პრეზიდენტის გასაკეთებელია, მაგრამ ეჭვი, რომ მთლად ეს არ უნდა ყოფილიყო მისი გადაკარგვის მიზეზი, მაინც გვღრღნის. რა ვუყოთ, რომ კითხვაზე, სად იყო პრეზიდენტი, რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხი არც პრეზიდენტის პრესსპიკერსა და არც პრესსამსახურის უფროსს არ ჰქონდათ. მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ დაიდო საიტზე, მაგრამ ნაკლებდამაჯერებელია.

ამიტომ ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა დედუქციური მეთოდით ჭეშმარიტების დადგენა. ამ ამბავს დიდი შერლოკჰოლმსობა არ სჭირდება, რადგან შედეგი პირდაპირ სახეზეა. დიახ, დიახ, ამ გადაკარგვის შედეგი სახეზეა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ პრეზიდენტს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისეთი "დაზაგრულია", თქვენი მოწონებული, რაღაცნაირი "სვეტსკი ზაგარი" აქვს. თქვენ კიდევ კითხულობდით, სად იყო ამდენ ხანს, მთელი თვით რომ დაიკარგა, ან რატომ იყო წასულიო. რადგან შედეგი სახეზეა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასასვენებლად ბრძანდებოდა. ეს ხომ ელემენტარულია, ექიმო უოტსონ? და რატომ სამხრეთ ამერიკაში? იმიტომ, რომ თურქეთში რამდენიც ჩავიდა, იმდენი ჩააშხამეს. თურქი ჟურნალისტები ცნობენ და ფოტოებს უღებენ. აქედან დასკვნა: დასვენება მით უფრო გერგება, სამშობლოსგან რაც უფრო შორს ხარ.

პ. ს. ვიცი, პრეზიდენტის მომხრეები მისაყვედურებენ, პრეზიდენტიც ადამიანია, მასაც სჭირდება დასვენება და რა პრობლემაა, ასეც რომ ყოფილიყოო. დასვენება, რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი დასასვენებლად მიდის, შვებულებაში  ოფიციალურად უნდა გავიდეს, თავისი ხარჯით დაისვენოს და არამც და არამც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე. რა, საქულას დუქანია?!

...ნუთუ?

ბოლო ორი კვირაა პოლიტიკოსების აგრესიის ობიექტი გავხდი. ეს ამბები, ძირთადად, რადიო "პალიტრის" ეთერში ხდება, სადაც გადაცემა "რეზიუმე" მიმყავს. ჯერ იყო და, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი მეჩხუბა, რომ გამოვაცხადე, სუბარი-ალასანიას ტანდემი დაიშალა-მეთქი. ეს ის დღე იყო, როცა გაირკვა, რომ მათი ნაქები "უძლეველი" დუეტი ალასანია-სუბარი არჩევნებზე ერთად აღარ გავიდოდა, ანუ სუბარი საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებდა. სუბარი "ალიანსში" რჩება და რა დაშლაზეა ლაპარაკიო. სიმართლე გითხრათ, არც მე მითქვამს, "ალიანსი" დაიშალა-მეთქი. საარჩევნო ტანდემი კი გინდა აქედან მიუდექი, გინდა - იქიდან, დაშლილი გამოდის, რადგან ერთად აღარ მიდიან არჩევნებზე. არაო, - მითხრა ქალბატონმა თინამ, - როცა ამას ამბობ, შენც "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" პიარკამპანიის ნაწილი ხდები, რომლებიც იმავეს ამტკიცებენო.

მოკლედ, მათგან არ განსხვავდებიო. შემდეგი ზვიად ძიძიგური იყო. ალბათ, გახსოვთ ის დღე, როდესაც თავის სახლთან ინციდენტი შეემთხვა და ჰაერში გაისროლა. გადაცემაში მიმტკიცებდა: 50 კაცი თავს დამესხა, ჩემს სახლში შემოვარდნას ლამობდნენ და ამიტომაც გავისროლეო. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკურად ვკითხე: თუნდაც ინციდენტის დასრულების შემდეგ საპატრულო პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ, თუ თავს დაგესხნენ-მეთქი. ისე გაბრაზდა, შემეშინდა, ისევ არ გაესროლა. სულ ბოლოს კი მისივე თანაგუნდელი კახა კუკავა მომდგა. მისი გულისწყრომა ერთ-ერთი "ფიქრების" გამო დამიმსახურებია, სადაც ის და დავითაშვილი ჟირინოვსკისთან შეხვედრის გამო გავაკრიტიკე. შენ "ალიანსის" ფანი ხარო, პირდაპირ ეთერში მეუბნება ბატონი კახა (ნეტა თინა ხიდაშელმა თუ იცოდა ეს ამბავი?). რატომ-მეთქი? - სულ ჩვენ გვაკრიტიკებ და ალასანიას - არაო.

ამის შემდეგ მეც და სხვა ჩემს კოლეგებსაც გაგვიჩნდა კითხვა: რით განსხვავდება ოპოზიცია სააკაშვილისგან, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა, ვინც მას აკრიტიკებს, მისი მტერია, მოსყიდულია ან ვიღაცის თამაშს თამაშობს? ნუთუ ყველა პოლიტიკოსი ერთნაირია?..