"საქართველოს ხელისუფლებამ ეს ამბავი ან უნდა ჩაყლაპოს, ან რუსეთს გამოუცხადოს ომი" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლებამ ეს ამბავი ან უნდა ჩაყლაპოს, ან რუსეთს გამოუცხადოს ომი"

"რუსეთი არ გამორიცხავს რომ ხვალ ან ზეგ, სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო აქტივობა გახდეს საჭირო, ამისთვის კი კულახმეტოვი ზედგამოჭრილი ფიგურაა"

რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ საფორთიფიკაციო სამუშაოები განაახლეს. სოფლების - ბერშუეთისა და სობისის განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად სათანადო ზომები მიიღოს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:

- ამ ამბავს გვერდიდან რომ შევხედოთ, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის თვალით არის მხოლოდ ორი ვარიანტი: საქართველოს ხელისუფლებამ ეს ამბავი ან უნდა ჩაყლაპოს, ან რუსეთს გამოუცხადოს ომი, სხვა გამოსავალი, ერთი შეხედვით არ ჩანს. რუსეთის მხარის ეს ნაბიჯები, ორიენტირებულია იმაზე, რომ აიძულოს ქართული მხარე, დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან და სალაპარაკო თემა იყოს საზღვრები, ბუნებრივია ამას ქართული მხარე არ გააკეთებს. პოლიტიკაში არსებობს ასეთი ტერმინი - "პოლიტიკური ვაჭრობა", ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამონახოს ისეთი თემა, რაც საინტერესოა რუსეთისათვის და საქართველოს ინტერესებსაც არ აზიანებს. ეს იმისათვის, რომ ამ თემის ირგვლივ შეიქმნას დიალოგის ფორმატი და აქედან გამომდინარე, ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობის პლატფორმად აქციოს, სადაც, ბუნებრივია, გააქტიურებული იქნება ამ პირობითი საზღვრების თემა.

- ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დაინიშნა, რომელიც 2008 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობას იკავებდა. ეს რუსეთის მხრიდან, საქართველოსადმი ცინიკურ დამოკიდებულებაზე ხომ არ მიუთითებს?

- რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ცინიზმზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუმცა რუსულ მხარეს რომ ჰკითხო, თუ რატომ დანიშნეს კულახმეტოვი, ის გიპასუხებს, რომ კი ბატონო, კულახმეტოვი არის სამხედრო პირი, მაგრამ მას მერე, რაც სამხედრო სამსახურს დაანება თავი, ის გახდა დიპლომატი და ეს იქნება სიმართლე ( მაგ: 2011 წელს ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა ), გარდა იმისა რომ კულახმტოვი არის დიპლომატი, ის არის რეგიონის კარგად მცოდნე და ამიტომაც გამოუშვეს. რეალურად კი მისი დანიშვნა, ვითომდა მისი დიპლომატობის გამო იქნება ფარსი, რადგან მის წინამორბედს, ელჩობის ვადა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოიძებნება ბევრი დიპლომატი, რომელიც ეროვნებით ოსია და ასევე კარგად იცის ეს რეგიონიც, მაგრამ კულახმეტოვში, ერთ კაცში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გაერთიანებული - ის არის დიპლომატი და ამავე დროს არის სამხედროც. რუსეთი არ გამორიცხავს რომ ხვალ ან ზეგ, სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო აქტივობა გახდეს საჭირო, ამისთვის კი კულახმეტოვი ზედგამოჭრილი ფიგურაა. ბუნებრივია, მისი დანიშვნა არ ნიშნავს, რომ დღეს და ხვალ დაიწყება ეს ამბავი, მაგრამ თუ დაიწყო, მათ კადრი უკვე ჰყავთ.

- მცოცავი ოკუპაციის შედეგად უამრავი გლეხი დაზარალდა, რომელთა სავარგულები ოკუპირებული აღმოჩნდა, ზოგი გლეხი საერთოდაც, მოსავლის გარეშე დარჩა. საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ აქვთ რაიმე ბერკეტი რომ ოკუპანტები აიძულონ და თუნდაც მოსავლის აღების უფლება მისცენ გლეხებს.

- საერთაშორისო ორგანიზაციებს რაიმე რომ შესძლებოდათ აქამდეც გააკეთებდნენ, მათ ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ რუსეთი იძულებული გაეხადათ და იმ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესრულებინა, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს, თან გაითვალისწინეთ, რომ მაშინ ნიკოლა სარკოზი (რომელიც რეზოლუციის ინიციატორი იყო), საფრანგეთის პრეზიდენტობის გარდა, ის იყო ევროკავშირის თავმჯდომარეც. ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი არის მხოლოდ შემაკავაბელი და არა გარდამტეხი და ეს პრაქტიკამ გვაჩვენა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)