"თუ რუსეთი საქართველოში თავის გავლენას ტანკით აძლიერებს, სხვა აძლიერებს რელიგიით და ფულით" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი საქართველოში თავის გავლენას ტანკით აძლიერებს, სხვა აძლიერებს რელიგიით და ფულით"

14 ივლისს "ქართველთა მარშის" მიერ მსვლელობის ჩატარების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგის აზრით, ასეთი საკითხებით ყურადღების გადატანა ხდება სხვა თემაზე, რომლითაც სარგებლობენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მეორე ნაწილის თქმით კი, ასეთი აქციები ევროპის ბევრ ქვეყანაში ტარდება და ხელს უწყობს სახელმწიფოს დაცვას სხვას ქვეყნების აგრესიისგან.

თავად ღონისძიების მონაწილეების თქმით, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და იმ კანონის მიღება, რომელიც გაართულებს უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.

თემაზე კომენტარი კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.

- როგორც მივხვდი, ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები ითხოვენ, ყურადღება მიექცეს საკმაოდ ქაოტურ მდგომარეობას, რომელიც უცხოელების, განსაკუთრებით, აფრიკიდან და აზიიდან ჩამოსვლას და აქ დარჩენის საკითხს შეეხება. მე პირადად ხშირად მეკითხებიან, მომდინარეობს თუ არა ისლამისტებისაგან საქართველოსთვის მოსალოდნელი ხიფათი, ჩემი პასუხია, რომ ამ წუთებში ტერორისტული შეტევების საფრთხეს ვერ ვხედავ. მითუმეტეს საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც სხვადასხვა ისლამისტურ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული, არა მუსულმანურში, არამედ ისლამისტურში, ამაში დიდი განსხვავებაა, ანუ იმ ორგანიზაციებში, რომელთა უკან მდგომი ძალები რელიგიას პოლიტიკური ნებისთვის იყენებენ.

გარდა ფიზიკური ტერორისა, არსებობს იდეოლოგიური ტერორის საფრთხეც, ამ თვალსაზრისით კი საქართველოში აშკარად აქტიურია აზიური თუ აფრიკული, განსაკუთრებით აზიური ორგანიზაციები.

იდეოლოგიური ტერორი იმას ნიშნავს, რომ ხდება საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციაში. იხსნება უამრავი უკანონო სასწავლებელი, მედრესეებს რომ ეძახიან. უკანონოდ ვრცელდება საღვთო წიგნები...

რელიგიური ორგანიზაციების გარდა, მავანი ამოფარებულია საქველმოქმედო საქმიანობას, ახალგაზრდების სამკურნალოდ ან სასწავლებლად საზღვარგარეთ გაშვებას და ა.შ როდესაც აქ მაცხოვრებლების იდეოლოგიური ფენა იქმნება, რომლებიც მომავალში ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეს შექმნიან, საჭიროა ამის კონტროლი. უბედურება ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტმა უმრავლესობამ არ იცის, რა ხდება რეალობაში. ხალხს ჰგონია, რომ ისლამი არის საფრთხის შემცველი, ისლამი კი არ არის საფრთხის შემცველი, არამედ ის ორგანიზაციებია, რომლებიც რადიკალურ ისლამისტურ პოზიციაზე დგანან.

მე მეჩეთების და ისლამის მტერი კი არ ვარ, კავკასიის ტერიტორიაზე რელიგიური მოზაიკა საუკუნეებით არის დალაგებული. აქ ქრისტიანიც ცხოვრობდა, მუსულმანიც, იუდეველიც და სხვაც, ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური ომები არასდროს ყოფილა. დღეს ეს მოზაიკა ჩვენს თვალწინ ინგრევა, ამას ანგრევენ საქართველოს მტრები, რომელიც მხოლოდ ერთი ქვეყანა არ არის. რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ სხვაც არაერთი მტერი გვყავს... ისლამს მაქსიმალურად იყენებენ პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის და პოლიტიკური მიზანი არის ის, რომ კავკასიის სივრცეში მავანმა მოიპოვოს თავისი გავლენა. ფულით და რელიგის მეშვეობით კი ეს გავლენები ძლიერდება. თუ რუსეთი საქართველოში ტანკით აძლიერებს თავის გავლენას, სხვა აძლიერებს რელიგიით და ფულით.

- ამ ყველაფერს რამდენად აქცევს ყურადღებას საქართველოს ხელისუფლება?

- ძალიან კარგად აქცევენ ყურადღებას და გეტყვით რატომაც, სირიასა და ერაყში საქართველოს 35-მდე მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის 24 მარტო პანკისის ხეობიდან, თქვენი გაზეთიც არაერთხელ წერდა ამაზე, ამ თვალსაზრისით თქვენ გყავთ საუკეთესო ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე. უკვე ერთი წელია თითქმის არავინ წასულა ზუსტად იმის გამო, რომ შესაბამისი სამსახურები ეფექტიანად მუშაობენ ამ მიმართულებით და სხვა მიმართულებითაც. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ახლა ხდება, ახალი ხილია ქვეყნისთვის და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ ახერხებენ სწორ რეაგირებას, რაც არ უნდა სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.

-ქვეყანაში, რომელიც ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული, რამდენად სწორია საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნა?

- და გამკაცრება რას ნიშნავს, საერთოდ არ შემოუშვან თუ შემოუშვან? უცხოელების თემა კარგა ხანია მწიფდება, თქვენმა გაზეთმა რამდენჯერმე დაბეჭდა სტატია იმაზე თუ რა ხდება პლეხანოვზე და რაც ხდება ამას გარკვეული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალა სათავისოდ იყენებს.

- ხომ არ არის ეს პროცესები მართული გარე ძალებიდან?

- არის თუ არა ეს რუსეთის დაკვეთა? - ძალიან მეეჭვება... რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ ღია მოწინააღმდეგეა, რომელიც ჩანს, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა მტრებიც გვყავს, რომლებიც თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ და ერთი მიმართულებით ჩაციკვლა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისათვის საზიანოა, სულ ამას ვლაპარაკობ და სამწუხაროა, რომ ცოტა ვინმე მისმენს.

იხილეთ ასევე: "მეზობელმა ქვეყანამ საზღვარი გადმოსწია, ამ ვითომ ვაჟკაცებს პრეტენზიაც არ გამოუთქვამთ და ორ-სამ უცხოელს დასდევენ" - ვის ან რას ემსახურება "ქართველთა მარში"?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)