"რუსეთმა ღია შანტაჟის სისტემა შექმნა" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ღია შანტაჟის სისტემა შექმნა"

"სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ბანერის გამოჩენით რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა ეჩვენებინა, რომ მთავარ მაგისტრალთან მიახლოების და მეტიც, მაგისტრალის გადაკეტვის რესურსი აქვს"

4 ივლისს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალამდე 500 მეტრში, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი უკანონოდ აღმართეს, რის გამოც რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზის მიღმა მოექცა. როგორც ექსპერტი კახა გოგოლაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, პროვოკაცია საგანგებოდ დაემთხვა აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრას პრაღაში:

- ტრადიციადაც იქცა - ზურაბ აბაშიძისა და კარასინის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსული მხარე პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს. რუსეთმა ამ მხრივ ღია შანტაჟის სისტემა შექმნა. საზოგადოებისთვის უცნობია, ოფიციალურად გაჟღერებული საკითხების მიღმა, კიდევ რა თემებზე საუბრობენ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე, რადგან ფაქტია, სწორედ ამ კონკრეტული შეხვედრების წინ აქტიურდება მუქარა, ცდილობენ, მუდმივად დაძაბულ რეჟიმში გვამყოფონ და შეგვახსენონ, რომ მათი აგრესიის საწინააღმდეგო რესურსი არ გაგვაჩნია.

- რა ბერკეტი აქვს დღეს ქვეყანას, რომ მთავარი მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში საოკუპაციო ბანერის აღმართვას წინ აღუდგეს?

- სამწუხაროდ, მკაფიოდ არ ვიცით და ვერც რუსეთის ფედერაცია ხედავს, რა სახის რეაგირება შეგვიძლია მათ პროვოკაციულ ქმედებებზე - დავიწყებთ ომს თუ საერთაშორისო ხმაურს. სამწუხაროდ, არც მოსახლეობას აქვს გაცნობიერებული, რა ტიპის პროტესტი უნდა გამოხატოს, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა ოკუპანტს. წინააღმდეგობაში, ბუნებრივია, საომარ მოქმედებებს არ ვგულისხმობ, თუმცა, სახელმწიფო დონეზე ძლიერი პროტესტის გამოხატვა აუცილებელია. მაგალითად, აბაშიძე საოკუპაციო ბანერის აღმართვის ფონზე ჩასულიყო და ერთგვარი დემარშით ეპასუხა რუსული პროვოკაციისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სისტემა უნდა გვქონდეს შემუშავებული, რომ რუსეთმაც იცოდეს, მის სხვადასხვა პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლების რა პასუხი შეიძლება მოჰყვეს. აბაშიძის ვიზიტის გაუქმება რუსეთს, პირიქით, გაუხარდებოდა კიდეც, ჩვენ კი მოწინააღმდეგის შანტაჟზე უმოქმედობამ, შესაძლოა, ბევრად მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

სამწუხაროდ, დღეს რუსეთი გრძნობს, რომ ქართული მხარე სუსტი და მოწყვლადია და, შესაძლოა, მაინცდამაინც არც შეგ=ეწინააღმდეგოს, თუ კონკრეტული მოთხოვნები გექნება. სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ბანერის გამოჩენით რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა, ეჩვენებინა, რომ მთავარ მაგისტრალთან მიახლოების და მეტიც, მაგისტრალის გადაკეტვის რესურსი აქვს.

- ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ხელისუფლების უმოქმედობასთან გვაქვს საქმე თუ საერთაშორისო მისიების პასიურობასთანაც?

- თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით არ გვექნება მწვავე რეაქცია ოკუპაციაზე და მეტიც, იმდენად არ გვაწუხებს ეს საკითხი, რომ ვაგრძელებთ უსტატუსო შეხვედრებსა თუ მოლაპარაკებებს, დახმარებას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. პროტესტის ტალღა შენთან უფრო მაღალი უნდა იყოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შემოგიერთდეს. არ ვამბობ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი კონტრპროდუქტიულია, თუმცა, ფაქტია, ამ შემთხვევაში საკმარისი ბერკეტები არ გაგვაჩნია.

სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ ხელისუფლებას მასშტაბური სამოქმედო სტრატეგია აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ინტეგრირებულად იმოქმედებდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე მოსახლეობასთან.

ზურაბ აბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი:

- პრაღაში კარასინთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი ნაწილი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს შეეხო. ასევე ვისაუბრეთ 2011 წლის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. მკაფიოდ დაისვა შეკითხვა - საქართველომ უკვე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები და შესაბამისი კონტრაქტის ტექსტზე მუშაობა, რამდენად მზადაა მის ასამოქმედებლად რუსეთი და დაასრულა თუ არა ანალოგიური კონტრაქტის ტექსტზე მუშაობა? პასუხად მივიღე, რომ რუსეთი მზადაა და კონტრაქტის ტექსტიც უკვე შემუშავებული აქვს, შესაბამისად, ახლა უკვე შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად უნდა დავთქვათ ვადები, როდის დაიწყება 2011 წელს დადებული შეთანხმების ამოქმედება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის.

- თუ რუსეთი 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მზადაა, რა პასუხი მიიღეთ მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში საოკუპაციო ბანერის განთავსებაზე?

- საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ რეგიონებში 2009 წლის შემდეგ სულ რაღაც ხდება, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ პროვოკაცია მაინცდამაინც ჩვენს შეხვედრას დაემთხვა, თანაც, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ დააფიქსირა, ბანერი ჩვენს შეხვედრამდე 20 დღით ადრე გამოჩნდა. თუმცა, არა აქვს მნიშვნელობა, დაემთხვა თუ არა, ამაზე მეტად ის მაწუხებს, რომ დესტრუქციული პროცესი 2009 წლის შემდეგ გრძელდება და ის აუცილებლად უნდა შევაჩეროთ.

- როგორ აპირებთ შეჩერებას, თუ თქვენი შეხვედრების პარალელურად, საოკუპაციო ზოლი წინ მოიწევს?

- იმისთვის, რომ ზუსტად მცოდნოდა პასუხი კითხვაზე, რამდენად სწორია ჩემი პრაღაში ვიზიტი საოკუპაციო ბანერის გამოჩენის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ბრიუსელს ვესტუმრე და

ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყნის 28 ელჩს შევხვდი. მათი პოზიცია იყო, რომ საქართველო სწორად მოქმედებს და იმ ფონზე, როდესაც რთული ვითარება გვაქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში, სირიაში, ყარაბაღში და ა.შ., მოლაპარაკება უნდა გავაგრძელოთ ჟენევასა და პრაღაშიც.

რუსუდან შელია