"თუ რუსული ფული შემცირდება, აფხაზეთის ელიტა შეიძლება დაინტერესდეს საქართველოსთან შერიგების პერსპექტივით" - კვირის პალიტრა

"თუ რუსული ფული შემცირდება, აფხაზეთის ელიტა შეიძლება დაინტერესდეს საქართველოსთან შერიგების პერსპექტივით"

"თუ დღეს რუსეთში გამოკითხვას ჩაატარებთ, უმრავლესობა გეტყვით, რომ ურჩევნია, სანქციები გაგრძელდეს, ვიდრე, ასე ვთქვათ, დასავლეთს თავი დაუხარონ. ეს ეროვნული სიამაყისა და ღირსების საკითხად იქცა"

დასავლეთმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა და მანაც კონტრსანქციებით უპასუხა. ამასობაში საქართველოში ე.წ. საზღვრიზაციის პროცესი გრძელდება, ცხინვალი რეფერენდუმს გეგმავს, ე.წ."ელჩმა კულახმეტოვმა კი განაცხადა: "სამხრეთ ოსეთი თანამედროვე ქვეყნად უნდა იქცეს". რას ფიქრობენ ამ საკითხებზე რუსეთში და რას უნდა ველოდოთ აფხაზეთში, ამ თემებზე "კვირის პალიტრა" მოსკოვის "ლევადა ცენტრის" მთავარ მკვლევარს, დენის ვოლკოვს ესაუბრა.

- სანქციებით დავიწყოთ. როგორია მათი გრძელვადიანი გავლენა რუსეთსა და რუს საზოგადოებაზე?

- სოციოლოგი ვარ, ასე რომ, ამ საკითხზე უფრო ხალხის განწყობის მიხედვით ვისაუბრებ. თუ დღეს რუსეთში გამოკითხვას ჩაატარებთ, უმრავლესობა გეტყვით, რომ ურჩევნია, სანქციები გაგრძელდეს, ვიდრე, ასე ვთქვათ, დასავლეთს თავი დაუხარონ. ეს ეროვნული სიამაყისა და ღირსების საკითხად იქცა.

ამავე დროს, არც სანქციების მოხსნასა და დასავლეთთან შერიგებაზე იტყოდნენ უარს, ოღონდ პირველმა დასავლეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი ზავისკენ. როგორც მთავრობა, ასევე მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავე სწორედ დასავლეთია. მაგალითად, ახლახან პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმი მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო დასავლეთისთვის, რათა რუსეთისთვის სანქციები დაეკისრებინათ. ვიტყოდი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მის აზრს იზიარებს.

- როგორია პუტინის ახლანდელი რეიტინგი რუსეთში, ან რამდენად შეესაბამება ის სინამდვილეს? როგორ მოხდა, რომ დასავლეთში ბევრი აღფრთოვანებულია ადამიანით, რომელიც წინააღმდეგია ყველა იმ სიკეთისა, რასაც დასავლეთი გვიქადაგებს?

- გარწმუნებთ, სტატისტიკა არ ტყუის. პუტინის საქმიანობას მოსახლეობის 80% დადებითად აფასებს, მაგრამ, იმავდროულად, შეუძლებელია პარალელის გავლება დასავლელი ლიდერების პოპულარობასთან. პუტინისგან განსხვავებით, მათი პოპულარობის რეიტინგი ითვლება კრიტიკის, კონკურენციის, თავისუფალი მედიის ფონზე, პუტინის რეიტინგს კი, როგორც წესი, მსგავსი არაფერი ემუქრება. ვფიქრობ, ამჟამად მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მაინც მზადაა, მის პრეზიდენტობას ხმა მისცეს. პუტინის რეიტინგის დრამატული ზრდა მოიტანა ყირიმის ანექსიამ, რადგან რუსი ხალხის უმრავლესობისთვის ეს რუსეთის ისტორიული სიდიადის აღდგენის დასაწყისია.

რაც შეეხება დასავლეთს, როგორც მე მესმის, ძირითადად, ეს განპირობებულია იმით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იმედგაცრუებულია საკუთარი ლიდერებით და შთაგონების წყაროს ქვეყნის გარეთ ეძებს. პუტინი და რუსეთი აღიქმებიან როგორც პიროვნება და ქვეყანა, რომელიც არ ეპუება დასავლეთს. არ მოგწონს დასავლეთი? მაშინ დიდი შანსია, რომ მოგწონს პუტინი. მოგწონს დასავლეთი და დასავლური პოლიტიკა? მაშინ ძნელია, პუტინიც მოგწონდეს.

- მისი მთავარი ოპონენტიც განვიხილოთ - ალექსეი ნავალნი. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ელოდოს ქართველი საზოგადოება პრეზიდენტ ნავალნისგან?

- ვფიქრობ, ნავალნი იქცევა როგორც ნამდვილი პოლიტიკოსი, გამჭრიახი და ძალიან ცბიერი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იწონებს ყირიმის ანექსიასაც, არ ამბობს, რომ რუსეთმა ყირიმი უკან უნდა დააბრუნოს. ვფიქრობ, ნავალნი ცდილობს, მასებზე ითამაშოს. მას ძალიან უნდა პოპულარული იყოს რუსეთში, უნდა ერთ დღეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, ამისთვის კი აუცილებელია მასებს ანგარიში გაუწიოს. რაც შეეხება მის განცხადებებს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთზე, ვფიქრობ, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულისტური ნაბიჯი. სწორედ იმავეს ფიქრობს მოსახლეობის უმრავლესობაც. დღეს რუსეთის მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ესენი დამოუკიდებელი ქვეყნებია და ასევე უნდა დარჩნენ, ერთი მეხუთედი კი მომხრეა, ისინი რუსეთმა შეიერთოს. ამ განწყობაზე დიდი გავლენა იქონია ყირიმის ანექსიამ და შემდგომმა სანქციებმა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მათ არ ეპუება, საზოგადოების განწყობა შეიცვალა - უკვე აფიქრებთ, რა მოხდება, თუ რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც ყირიმის მეთოდით შეიერთებს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ომის შემდგომ უმრავლესობა მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიქვამს.

- კრემლმა ახლახან მკვეთრად შეამცირა სოხუმისა და ცხინვალისათვის გამოყოფილი რეგიონული ბიუჯეტი. შეუძლია კი ამ ორ რეგიონს რუსეთის ფინანსური დახმარების გარეშე დამოუკიდებლად არსებობა?

- ეს ტერიტორიები დიდწილად დამოკიდებული არიან რუსეთის მხარდაჭერაზე. ამის კლებასთან ერთად უნდა ველოდოთ მეტ დაძაბულობას. იმის გათვალისწინებით, რომ იყო ომი და ამ ხალხმა დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა, ვფიქრობ, შერიგებამდე ჯერ ძალიან შორსაა.

- სოციოლოგის გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით სიტუაციას აფხაზეთში?

- გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზ უმრავლესობას, ისევე როგორც რუსეთს, დღევანდელი სტატუს კვო მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. აფხაზეთის ელიტას ურჩევნია, დამოუკიდებელი იყოს როგორც რუსეთისგან, ასევე საქართველოსგან. ძნელი სათქმელია, მაგრამ, თუ რუსული ფული შემცირდება, შეიძლება, ისინი დაინტერესდნენ საქართველოსთან შერიგების პერსპექტივით.

- და ე.წ. სამხრეთ ოსეთი? როგორ ფიქრობთ, რეალურია თუ არა რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებაზე? და, თავის მხრივ, როგორი იქნება კრემლის რეაქცია?

- ცხინვალი მხოლოდ მაშინ შეუერთდება რუსეთს, თუ ამის სურვილი კრემლშიც ექნებათ. არა მგონია, ამჟამად იქ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს, მაგრამ თეორიულად, ეს შეიძლება გახდეს კრემლის მორიგი პასუხი დასავლეთისთვის, თუ ურთიერთობა უფრო გამწვავდება. მაგალითად, თუ ვერაფერი გააწყვეს ტრამპთან, შეიძლება თქვან, დასაკარგი არაფერი გვაქვსო და გადადგან ეს ნაბიჯი. მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არსებობს სივრცე მანევრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ასე რომ, კრემლს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ აწყობს, ისეთი ნაბიჯებისა, რომელთაც შემდეგ, ასე ვთქვათ, ღირსების შეულახავად უკან ვეღარ გადმოდგამს.

ვაჟა თავბერიძე