რას ჰყვება ინდოელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ორჯერ არ შემოუშვეს
რას ჰყვება ინდოელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ორჯერ არ შემოუშვეს
ბადრი ნაჭყებია: "არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ინფორმაცია სამართალდამცავებმა გაასაჯაროონ, თანაც, შესაძლოა, ვიზიტორი არ იყოს ტერორისტი, თუმცა, ტერორისტულ საქმიანობას ირიბად გულშემატკივრობდეს"

"მიზეზიც კი არ მითხრეს, რატომ არ იყო ჩემი ქვეყანაში შემოსვლა სასურველი"

ინდოელი ბიზნესმენი აქბარ-ხან ქურეში საქართველოში ორჯერ არ შემოუშვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე: "2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მესაზღვრე-კონტროლიორს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს, ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს".

უწყებაში დამატებითი განმარტებისგან­ თავს იკავებენ, ბიზნესმენის ადვოკატი მანანა­ აფხაძე კი აცხადებს, რომ
აქბარ-ხანი მიუღებელი გახდა­ გაურკვეველი დაჯგუფებისთვის, რომელსაც, შესაძლოა, ქვეყა­ნა­ში მისი ინვესტიციების მისაკუთრება­ სურთ:

- აქბარ-ხან ქურეში მსოფლიოში ცნობილი ინვესტორია, მას კაპიტალი დაბანდებული აქვს დუბაიში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში. ინდოეთის მოქალაქე დღეს დუბაიში ცხოვრობს. საქართველოში ბიზნესის განვითარებით აქბარ-ხანი 2015 წელს დაინტერესდა, მას კანონის სრული
დაცვით შრომის უფლებით ბინადრობის სტატუსიც მიენიჭა და აქტიურად ჩაერთო საქართველოს ხელისუფლებასთან ბიზნესის განვითარების მოლაპარაკებებში. არსებობს საჯარო განცხადებებიც, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები აქბარ-ხანის საქართველოში ჩამოსვლასა და ბიზნესინტერესებს ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიიჩნევენ.
2015 წელს მან ათი სოლიდური უძრავი ქონება შეიძინა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, დაწყებული აქვს სამუშაოები "საგურამო გარდენსის" მშენებლობისთვის, ეს არის სამშენებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც "ქალაქი ქალაქში" პრინციპით ახალი საავადმყოფოები, საცხოვრებელი კომპლექსები და სასტუმროები უნდა მოეწყოს.

აქბარ-ხანმა დუბაიში დაბრუნებისთანავე წერილი გამომიგზავნა, სადაც
დეტალურად მწერს, თუ როგორ დამამცირებლად ეპყრობოდნენ სამართალდამცავები. წერილი შესასწავლად როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე გენინსპექციაში შევიტანე, დახმარების თხოვნით მივმართე ბიზნესომბუდსმენსა და სახალხო დამცველსაც. ოფიციალური უწყებებიდან პასუხი ჯერ არ მიმიღია - არავინ მცემს პასუხს, რატომ გააგდეს ინვესტორი ქვეყნიდან მუჯლუგუნით. როგორც აქბარ-ხანი მწერს, სამართალდამცავები სატელეფონო საუბრებით იღებდნენ დირექტივებს.

- 3 ივლისის შემდეგ აქბარ-ხანმა კიდევ ერთხელ სცადა ქვეყანაში შემოსვლა. მეორედ მაინც თუ მიიღეთ განმარტება, რატომ არ მისცეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება?

- როდესაც აქბარ-ხანი დამიკავშირდა, მითხრა, რომ შოკირებული იყო, თუმცა, იმის გამო, რომ სრულიად უდანაშაულოა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება სურს. თუ უკანონოდ განდევნას არ გააპროტესტებდა, შესაძლოა, კულუარული ჯგუფის გეგმასაც ემუშავა და საზოგადოება მართლაც დაერწმუნებინათ, რომ აქბარ-ხანი დამნაშავეა და ქვეყნიდან სამართლიანად გააგდეს.

- ვის გულისხმობთ კულუარულ ჯგუფში და რატომ უნდა ყოფილიყო ვინმეს ინტერესში ინდოელი ინვესტორის ქვეყნიდან გაძევება?

- აქბარ-ხანი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ საზღვარზე გაუგებრობა მოხდა, ამიტომ გადაწყვიტა, 5 ივლისს ისევ დაბრუნებულიყო საქართველოში. მართლაც, მესამე დღეს გამოფრინდა დუბაიდან, თუმცა, საზღვრის გადმოლახვის უფლება ისევ არ მისცეს. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ზრდილობიანად ეპყრობოდნენ, თუმცა, კონკრეტული განმარტება მეორედაც ვერ მოისმინა, მხოლოდ ის უთხრეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს არ აკმაყოფილებო. საუბარია ინვესტორზე, რომელსაც ქვეყნის არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პრობლემა არასოდეს შექმნია. ასეთ ვითარებაში, რა ეჭვი უნდა გვქონდეს, თუ არა ის, რომ ვიღაცამ საქართველოში მისი ქონების მისაკუთრება მოინდომა?
თუ ამ ქვეყანაში ოკუპანტ ლუჟკოვს ნებისმიერ წერტილში თავისუფლად სეირნობის უფლება აქვს, ადამიანი, რომელიც ინვესტიციების­ განხორციელებასა და ბიუჯეტში­ მილიონობით­ ლარის შეტანას აპირებს, ყოველგვარი განმარტებების გარეშე რატომ უნდა გააგდო ქვეყნიდან?
ბოლო პერიოდში აგორდა კამპანია, უცხო­ელები საქართველოში ბავშვებს აუპატიურებენო, ვინც დამნაშავეა, რასაკვირველია, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა, კრიმინალებს პატიოსან ინვესტორებთან რა კავშირი აქვთ?!

ინდოელ ბიზნესმენს, აქბარ-ხან ქურეშს, დუბაიში დავუკავშირდით:

- საქართველოში ინვესტიციის განხ­ორ­ციელება და ბიზნესაქტივობები ორი წლის წინ დავგეგმე - 2015 წელს მაღალი თანამდებობის პირებსაც შევხვდი, ჩემთან ერთად, დუბაის საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, საინვესტიციო ჯგუფი სკეპტიკურად უყურებდა საქართველოში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას, თუმცა, ბიზნესპარტნიორები დავარწმუნე, რომ ევროპული ქალაქების შემდეგ, ბიზნესის განვითარება საქართველოშიც შესაძლებელია. საბოლოოდ, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, სოლიდური ინვესტიციები განგვეხორციელებინა,
ფოკუს-ჯგუფი მარკეტინგი და სამშენებლო ბიზნესი გახლდათ, ჩვენს კომპანიას 30-წლიანი საქმიანობის გამოცდილება აქვს, თანაც ხუთი წლის განმავლობაში ინვესტიცია ეტაპობრივად უნდა გაზრდილიყო, ანუ ინვესტიციის განხორციელება ჩვენთვისაც საინტერესო იყო და, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი ბენეფიტი იქნებოდა საქართველოსთვისაც, რასაც არაერთ შეხვედრაზე აფიქსირებდნენ ქვეყნის ოფიციალური პირები.

- ვინ არიან ისინი და როდის შეექმნა თქვენს ბიზნესსაქმიანობას საქართველოში პირველად პრობლემები?

- ორი წლის განმავლობაში პრობლემა არავისთან შემქმნია, ბიზნესსაქმიანობას გეგმის მიხედვით, სტაბილურ ვითარებაში ვაწარმოებდი. პრობლემას 3 ივლისს გადავაწყდი, როდესაც ქვეყანაში არ შემომიშვეს და მიზეზიც კი არ მითხრეს, რატომ არ იყო ჩემი ქვეყანაში შემოსვლა სასურველი. დამამცირებლად მექცეოდნენ, ხელიც მკრეს, რაც ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია. არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველიც, რადგან მე ლეგალურად ვმუშაობდი, ბიზნესსაქმიანობის ნებართვაც ოფიციალურად მქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თხუთმეტჯერ ქვეყნის საზღვარს ვერ გადმოვკვეთდი. საქართველოში საგზაო წესებიც კი არ დამირღვევია. საქართველოში ჩემი თანამშრომლები გაოგნებული არიან, ვერ გაუგიათ, რა ხდება. ყველა დოკუმენტსა და დახარჯულ დოლარს ოფიციალურად მივაწვდი შესაბამის პირებს, თუ ისინი რეალურად დაინტერესებულნი არიან ჩემი საქმიანობით. ყველა ჩემი ნაბიჯი გამჭვირვალეა და პასუხს ვაგებ, თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი ბიზნესსაქმიანობა არც არავის აინტერესებს, სხვა რაღაცაშია საქმე, რასაც აუცილებლად გავარკვევ.

"შსს-ს შესაძლოა, ამ ბიზნესმენის შესახებ ინფორმაცია არაბული ქვეყნებისგან ჰქონდა"


რა პრინციპით ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პუნქტებზე, ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი ბადრი ნაჭყებია ესაუბრა:
- დღეს მსოფლიო ტერორიზმის ტალღას ებრძვის. სხვათა შორის, ტერორისტების სერიოზულ სამიზნე ჯგუფს ინდოეთი წარმოადგენს - ქაშმირის შტატში ორი ტერორისტული ორგანიზაცია - "ლაშქარ ეთაიბა" და "ხარაკათ უნ ანსარი" მოქმედებს, ამიტომ ინდოეთის მოქალაქეები გარკვეულწილად ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში შემჩნეული არიან. ვფიქრობ, სასაზღვრო პუნქტებზე რეჟიმის გამკაცრება სწორი გადაწყვეტილებაა.

- ინდოელ ბიზნესმენს არც კი განუმარტეს მიზეზი, ორი წლის განმავლობაში ხშირი ვიზიტის შემდეგ რატომ აღარ შემოუშვეს საქართველოში.

- არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ინფორმაცია სამართალდამცავებმა გაასაჯაროონ, თანაც, შესაძლოა, ვიზიტორი არ იყოს ტერორისტი, თუმცა, ტერორისტულ საქმიანობას ირიბად გულშემატკივრობდეს, ან რადიკალური იდეების ქადაგებებს ესწრებოდეს და ა.შ. სხვათა შორის, ასეთი პირები სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესმენის ან ქველმოქმედის, ან სულაც მეცნიერის სტატუსით აღწევენ. საქართველო კოალიციის წევრია, ამიტომ, ბუნებრივია, ვალდებულია, ფრთხილად იმოქმედოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინდოელებს მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დიასპორა ჰყავთ და ამ ქვეყანაში ასმილიონიანი მუსლიმანური თემია, თანაც, როგორც ვიცი, კონკრეტულად ეს ბიზნესმენი დუბაიში ცხოვრობს. მართალია, დუბაი არ არის შემჩნეული ტერორისტებთან ურთიერთობაში, თუმცა, შესაძლოა, ის აღმოსავლეთში ვიზიტით იმყოფებოდა და მასთან კითხვები გაჩნდა. იმასაც არ გამოვრიცხავ, დამნაშავე არ იყოს, თუმცა, შესაძლოა, სახლმწიფომ თავი დაიზღვია. საქართველოს არაბულ ქვეყნებთანაც აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება, ასე რომ, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ბიზნესმენის შესახებ ინფორმაცია პარტნიორი ქვეყნებისგან ჰქონდა.

რუსუდან შელია
rato
19 ივლისი 2017 15:31
რას ნიშნავს რატო არ შემოუშვეს? რს თქვენი საქმეა? ეგრე შეიძლება ხალხი ისე დააშინო, რომ ნებისმიერი შემოუშვან. არის კანონი და თუ კანონს იცავს მესაზღვრე, დიდი მადლობა მას. ტიპმა თურმე ქალაქი უნდა ამიშენოს. მიდი რა გაიარე.
დავითი
18 ივლისი 2017 01:06
გაიგეთ, რომ არ არის სახელმწიფო ვალდებული ანგარში ჩააბაროს ყველა ვიზტორს, რომელსაც შემოსვლაზე უარს ეტყვის. ასე ეს საქართველოს კანონმდებლობით და სხვა წქვეყნების კანონმდებლობითაც.
ეს კარჰგად იცის ამ ბატონმაც მაგრამ ყველას ჩვენთან აქვს გული.
უბედურება ის არის ასეთებს - ისევ ქართველები, რომ გულშემატკივრობენ
zura
17 ივლისი 2017 17:49
უნდა მკაცრად მივხედოთ,ვენ საზღვრებს,ისე როგორც ეხლა უკვე გამოფხიზლებული ევროპა,არაა ქვეყნის წინსვლისტვის გადადგმულინ აბიჯი ყველა ურჯულო აქ შემოვიდეს ინვესტორის სახელიტ,პაკისტანელი,რაბი,ჩინელი და ინდოელი,აი ეს ჩინელეებთან ერთად მაგარი გასაკონტროლებელია..
საოცარია
17 ივლისი 2017 17:47
ამ ინვესტორის ქვეყანაში სამშენებლო სფეროში კაპიტალის სიჭარბეა?
რეალური კაპიტალი ქვეყნიდან მაშინ გადის, როცა ადგილზე დაბანდების პრობლემა აქვს. ყველა სხვა შემთხვევა საეჭვოა.
მაგ აქბარ-ხანის სამშობლოში ხალხი როგორც ცხოვრობს ყველამ იცის. ამას კი სხვაგან გააქვს სიკეთე?
ამერიკელი რომ მოდის გასაგებია. იქ უძრავი ქონების ბაზარი გაჯერებულია. ინდოეთიდან კი ნაღდად გასაკვირია. უსახლო რომ სახლის აშენებას დაგპირდება არ უნდა გაგიკვირდეს?
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა