"ჩვენში ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი საქართველოს ხომ არ გაყიდისო..." - კვირის პალიტრა

"ჩვენში ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი საქართველოს ხომ არ გაყიდისო..."

"ჩვენ ძალების დემონსტრირება არ გვინახავს, ეს უფრო ხასიათების მოსინჯვა იყო"

ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაგეგმილ 35 წუთზე ბევრად მეტ ხანს, 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ლიდერებმა განიხილეს სირიის და უკრაინის საკითხები და ასევე შეეხენ ცნობებს რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ისაუბრეს ჩრდილოეთ კორეის უკანონო იარაღის პროგრამის პრობლემაზე...

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ეს შეხვედრა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- ვფიქრობ, ეს იყო უფრო გაცნობითი შეხვედრა. ტრამპი არის ბიზნესმენი, ის პოტენციურ მეტოქეს თუ პარტნიორს ბიზნესმენის თვალით აფასებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო მოთელვა. ყველა იმ თემაზე გამახვილდა ყურადღება, რომლებიც წინასწარ იყო ნავარაუდევი, ეს არის სირიის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის პრობლემები, ასევე - საერთაშორისო ეკონომიკური პროცესები... მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორსაათ-ნახევარი ილაპარაკეს, ჩვენ ძალების დემონსტრირება არ გვინახავს, ეს უფრო ხასიათების მოსინჯვა იყო... სხვათა შორის, მათ ძალის დემონსტრირება ამ შეხვედრამდე სცადეს: პუტინმა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის - საქართველოშიც დესტრუქციული გააქტიურებით, ტრამპმა კი - შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პოლონეთში, მკაცრი განცხადებებით.

ამ შეხვედრის ერთადერთი შედეგი სამხრეთ სირიაში გავლენის ზონების თაობაზე მიღწეული შეთანხმებაა, რაზეც, როგორც ჩანს, მხარეები წინდაწინ იყვნენ შეთანხმებული. ეტყობა, არ სურდათ, მთლად უშედეგოდ წარმოჩენილიყო პრეზიდენტების პირველი შეხვედრა...

ამგვარი შეხვედრების წინ ჩვენში ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი საქართველოს ხომ არ გაყიდისო... ეს ლაპარაკი რას ჰგავს, იცით? ადამიანი არაფრის გამკეთებელი რომ არ არის და ეშინია, პატრონმა სხვაში არ გაცვალოს.

სულ ამას ვამბობ, ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებზე დაყრდნობით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. არ შეიძლება, სულ სხვებს შევყურებდეთ. რასაკვირველია, ზურგს უკან უნდა ვგრძნობდეთ ძალას, მაგრამ სულ ამ ძალის იმედად არ უნდა ვიყოთ.

სახელმწიფო ინსტიტუტების, უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება - ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ამაში, ტრამპი იქნება თუ სხვა ვინმე, შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ვერ იტყვის. საჭიროა ქვეყნის შიგნით მუშაობა, რასაც სახელისუფლებო კონსოლიდაცია სჭირდება!

მთავარი გზავნილები მხარეებმა, როგორც უკვე ვთქვი, შეხვედრამდე გააკეთეს. თუ ამ გზავნილებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ აშშ-ის ხელისუფლება სტრატეგიულ კომპრომისზე - არა, მაგრამ ტაქტიკური კომპრომისების შესაძლებლობაზე ფიქრობს. რუსეთის ხელისუფლების მდგომარეობა კი საკმაოდ რთულია და ის დამოკიდებულია აშშ-ის პოზიციაზე, რათა კრემლმა შემდგომ მოახდინოს რეაგირება. დაწესებულმა სანქციებმა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უკვე ისეთი დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთს, რომ ის აშშ-თან ურთიერთობაში პროცესების მოკარნახედ ვერ გამოდგება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.

იხილეთ ასევე: "თუ ომი გარდაუვალია, მაშინ პირველი დარტყმა ჩვენ უნდა განვახორციელოთ" - ტრამპისა და პუტინის შედარებითი დახასიათება