"დაგეგმილია დიდი დაპირისპირება" - კვირის პალიტრა

"დაგეგმილია დიდი დაპირისპირება"

"მეტი ვიფიქროთ და უფრო ფრთხილად ვიყოთ"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო შავიშვილმა "კვირის პალიტრას" იმ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აუწყა, რომელსაც შესაძლოა ქვეყანაში სისხლიანი დაპირისპირება და ქაოსი მოჰყვეს.

- 6 მაისს გოგა ხაინდრავამ თბილისელებს და იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც აქციაზე არ მივიდნენ, შეშინებული და ჩასვრილი უწოდა.  "ფორუმში" როგორ მიიღეს ეს შეფასება?

- საქართველოში დიდი დაპირისპირება, საზოგადოების ორად გახლეჩა მზადდება. ეს დაწყებულია კიდეც და ამაში ლომის წილი ხელისუფლებას უძევს. ჩვენ არ გვინდა ძალისმიერი დაპირისპირების პროვოცირება მოვახდინოთ. ხომ ფაქტია, რომ სააკაშვილი არ დაუშვებდა 6 მაისს აქციის მონაწილეების აღლუმამდე მისვლას. ეს მრავალრიცხოვანი აქცია რომ ყოფილიყო ("ფორუმი" რომ იქ მისულიყო, ფაქტია, აქცია ბევრად ხალხმრავალი იქნებოდა), პოლიციასთან დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა. დავაკვირდეთ ყურადსაღებ მოვლენებს, იმას, რაც ხდება და სცენარი ნათელი გახდება.

დეისაძის წიგნის ჯერ გამოქვეყნება, მერე განხილვა და ამაზე საპასუხო რეაქცია გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

გავაანალიზოთ, რაც მოხდა: ვიღაც 19 წლის ბიჭმა დაწერა წიგნი, რომელიც სოლიდურმა გამომცემლობამ დაბეჭდა. ამაში ვიღაცამ ფული გადაიხადა, 19 წლის ბიჭს არ ექნებოდა იმის საშუალება, თავისი ნაშრომი დიდი ტირაჟით დაებეჭდა. თუ საზოგადოებას აინტერესებს, საიდან დაიწყო კონფლიქტი, უნდა გაარკვიოს, საიდან მოვიდა ფული ამ წიგნისთვის. გეგმის ნაწილი იყო ისიც, რომ სოლიდურ უმაღლეს სასწავლებელში, ილიას უნივერსიტეტში, გაიმართა მისი განხილვა.

ამ შემთხვევაში გათვლა შეიძლება ასეთი იყოს: სტუდენტების ერთ ნაწილს, ცხადია, არ მოეწონებოდა დეისაძის შეხედულებები. უკმაყოფილო ხალხი გამოვიდოდა გარეთ და გადაწყვეტდა, მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათო. საქართველოში (რომელიც რელიგიური შემწყნარებლობით იყო ცნობილი) რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გაღვივებას ცდილობენ. ეს ძალზე სახიფათო გზაა და  ცხადია, ამას კავშირი არა აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამიტომაც 6 მაისის თუ მომავალი აქციების ორგანიზატორებმა უნდა იცოდნენ, რომ დაგეგმილია დიდი დაპირისპირება, რომლის ერთ მხარეს იქნება ხელისუფლება და მეორეს კი - ოპოზიცია. ამ სიტუაციიდან "გამოსავალი" იქნება ვანო მერაბიშვილი და ძალისმიერად დამყარებული წესრიგი. ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება ძალიან დიდხანს შეინარჩუნებს პოზიციას.

- მაგრამ გავიხსენოთ 7 ნოემბერი, როდესაც მომიტინგეების დარბევის შემდეგ სააკაშვილი გადადგა...

- საქართველოში არის გარედან დაფინანსებული ხალხი, რომელიც სისხლის ღვრის პროვოცირებას შეეცდება. ამას მხოლოდ მასობრივი აქცია სჭირდება. ამიტომაც არ მიიღებს ასეთ საქმეში მონაწილეობას "ფორუმი". მორალურად მხარში ვუდგავართ იმ ხალხს, ვინც აქციებს აწყობს, მაგრამ ხალხმრავალი აქცია ძალიან სახიფათოა. ჩვენთვის ცნობილი გახდა მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი: ხალხმრავალ აქციაზე დაპირისპირებას გამოიწვევდა ოპოზიციის ბანაკში მოწყობილი პროვოკაცია - ტყვიის გავარდნა. ამას დიდი არეულობა მოჰყვებოდა და მერე ვანო თავისი მსახვრალი ხელით დაამყარებდა წესრიგს.

ეს საფრთხე არსებობდა 6-შიც და ე. წ. ლიბერალურ-მართლმადიდებლური დაპირისპირების დროსაც. რაც შეეხება სააკაშვილს, შეამჩნევდით, ის ხშირად არის ბოლო დროს უცხოეთში. სისხლის ღვრა, სავარაუდოდ, საქართველოში მისი არყოფნის დროს მოხდება და პასუხისმგებლობა მერაბიშვილს დაეკისრება.

- გარედან დაფინანსებულები ახსენეთ, ვინ აფინანსებს მათ?

- საქართველო მნიIშვნელოვანი რეგიონის შემადგენელი ნაწილია და სავსებით ბუნებრივია აქ სხვა სახელმწიფოების ინტერესი. არსებობს სხვა მიზეზიც. კერძოდ, ხელისუფლების ინტერესი, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ოპოზიციის ინტერესი - არსებული ხელისუფლება წავიდეს და თვითონ მოვიდეს ქვეყნის სათავეში. ამიტომაცაა, რომ ზოგი ამერიკის, ზოგიც რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის გადარჩენა ჰქონდეს მიზნად დასახული.

საქართველოს გაკონტროლების სურვილი აქვს ყველას - დიდ ქვეყნებსაც და მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებსაც. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ენერგოდერეფნის ფუნქციაა. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსებმა საქართველოს გვერდის ავლით როგორ უნდა იმოძრაონ? ამიტომ საქართველო ევროპის გასაკონტროლებლად კარგი ბერკეტია. საქართველომ ფუნქცია რომ არ დაკარგოს, ქვეყანაში სტაბილური გარემოა საჭირო. გარე ძალები შეეცდებიან, საქართველოში ვითარება არიონ და მერე ყველაფერი თავიანთი ინტერესების შესაბამისად დაალაგონ.

შესაძლოა, ერთ დღესაც რუსეთმა გაიყვანოს ჯარი და ეს მისივე ინტერესებით იქნება ნაკარნახები. რუსეთმა საქართველოს თემით (მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოიჭრა და მსოფლიოს უთხრა, აქ გამავალ უმნიშვნელოვანეს ენერგოდერეფანს ვაკონტროლებო) სარფიანად ივაჭრა აშშ-თან და ახლაც ვაჭრობს. აბა, სხვას რა უნდა მოასწავებდეს აშშ-სა და რუსეთს შორის გასაოცარი სისწრაფით დადებული ხელშეკრულებები? ევროპასთან დაპირისპირებულ აშშ-ს მოკავშირედ რუსეთი სჭირდება და ისინი დღეს კარგად თანამშრომლობენ. შესაძლოა, რუსეთსა და ამერიკას შორის ვაჭრობის თემა სტაბილური საქართველოც იყოს და ამიტომაც გაიყვანოს ჯარები რუსეთმა.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველო, ისევე როგორც ყირგიზეთი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი დერეფნის ჩამკეტია. ამიტომაც, რაც ყირგიზეთში ხდება, ჩვენთვისაც ჭკუის სასწავლებელია. საქართველოში რომ ყირგიზეთის მსგავსი მოვლენები არ განვითარდეს,  უკრაინული მოდელი უნდა ავირჩიოთ და არჩევნებით გავუშვათ ხელისუფლება.

- მაგრამ "ფორუმი" ხომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს?

- დღევანდელ საარჩევნო გარემოში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ამ საარჩევნო კანონით სააკაშვილი მარიონეტებივით გვათამაშებს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ თავისუფალ არჩევნებამდე მივიდეთ. ამისათვის "ფორუმი" მასობრივი აქციების გამართვას აპირებს. ამ საქმეს დიდად წაადგება სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევაც.

ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ და ხალხს მხოლოდ ერთს ვურჩევდი, - მეტი ვიფიქროთ და უფრო ფრთხილად ვიყოთ. მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა საქართველოს ვერ გადაარჩენს.