"ის მოქალაქეები, რომლებიც მარშში მონაწილეობდნენ, უნდა დაფიქრდეს, რომ ძალაუნებურად არ გახდნენ ძალიან საშიში რუსული თამაშის მონაწილენი"
"ის მოქალაქეები, რომლებიც მარშში მონაწილეობდნენ, უნდა დაფიქრდეს, რომ ძალაუნებურად არ გახდნენ ძალიან საშიში რუსული თამაშის მონაწილენი"
"საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია"

რუსეთის დესტრუქციული მოქმედებები საოკუპაციო ხაზთან გრძელდება. მცოცავი ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ რამდენჯერმე გააპროტესტეს როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა. ოკუპანტის მოქმედებები კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში სპეციალურად ჩასულმა აშშ-ის ელჩმა იან კელიმაც დაგმო. აღსანიშნავია, რომ ბანერი, რომელიც ოკუპანტებმა ამ სოფელში აღმართეს, 400-ოდე მეტრითაა დაშორებული ცენტრალური ავტომაგისტრალიდან და, პრაქტიკულად, ოკუპაციის ზოლში აქცევს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს.

"ამ ადგილს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ძალიან ახლოს არის ქვეყნის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენთან. როდესაც XXI საუკუნეში მეზობელი ასე უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს ამის წინააღმდეგ. მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივი შეცვლა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე, ხალხზე, მათ თავისუფალ გადაადგილებაზე", - განაცხადა იან კელიმ.
ისმის კითხვა, რატომ გააქტიურდა რუსეთი მაინცდამაინც ახლა და რა შეიძლება დაუპირისპიროს მის მოქმედებებს საქართველომ? - გვესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე:

- თუ საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურების წინა პერიოდს გადავხედავთ,
ვნახავთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ რუსულ მედიაში დაიწყეს ამ ყველაფრისთვის, ფაქტობრივად, ფონის მომზადება.
რუსი ექსპერტები ბოლო ხანს ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა
ისეთი დაძაბული, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა, რაც ძალიან მძიმე გზავნილია.

ეს მაშინ, როდესაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ერიდებოდა ყოველგვარ პროვოკაციას და ცდილობდა, რუსეთთან ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მშვიდი ყოფილიყო. რუსი ექსპერტების თქმით, შექმნილი ვითარება არ მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი დღესაც სამხედრო კონფლიქტს წამოიწყებს, ვინაიდან სამხედრო ძალით ორ ფრონტზეა ჩაბმული - უკრაინასა და სირიაში, თუმცა, მათივე დასკვნით, ეს საქართველოს დამშვიდების საშუალებას არ უნდა აძლევდეს და რომ რუსეთს საკმარისზე ბევრი ბერკეტი აქვს, რათა საქართველოს მწარედ აზღვევინოსო.

- რამ განაპირობა რუსეთის აგრესიის გაზრდა მაინცდამაინც დღეს?

- ამ ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ტრამპის არჩევის შემდგომ რუსეთის რიტორიკის გამწვავება მოსალოდნელი იყო. ეს განსაკუთრებით აგრესიული გახდა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა. ასეთი საინფორმაციო ფონი და აგრესიული განწყობა პუტინს სჭირდებოდა ტრამპთან შეხვედრის წინ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განხილულა.

კრემლი დღეს, ფაქტობრივად, მოსწრებაზეა - ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ ჩამოაყალიბებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კრემლს სურს, რაც შეიძლება გაიფართოოს გავლენის სფეროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რათა უკვე არსებული სტატუს-კვოდან ევაჭროს ტრამპს გავლენის სფეროების შესაძლო გადანაწილებაზე. ეს საქართველოს საკითხში რუსეთის დესტრუქციული მოქმედებების ერთი მიზეზია.

მეორე მიზეზია ის გააქტიურება, რაც ბოლო ხანს შეინიშნება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაში. იქნება ეს საქართველოს პრემიერისა თუ სხვა მაღალჩინოსნების ვიზიტები აშშ-ში, აშშ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი და ა.შ.

რუსეთის გაღიზიანების მესამე და უმთავრესი მიზეზია საქართველოს მზაობა, ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების ნატოსეულ სტრატეგიასა და კონცეფციაში. შეგახსენებთ, 2008 წლის მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა დაუფარავად თქვა, რომ არ დაუშვებდა შავ ზღვაში ნატოს გავლენის გაძლიერებას, რასაც მოჰყვა რუსეთის აგრესია და 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელსაც დასავლეთმა უხერხემლოდ უპასუხა. შედეგად, რუსეთს უფრო გაეხსნა ხელ-ფეხი და გაბედა ყირიმის ანექსია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა დასავლეთი. ნატომაც დაინახა, რომ კარგავდა პოზიციებს შავ ზღვაზე - გაჩნდა რუსეთის ორი ახალი სამხედრო ბაზა: აფხაზეთსა და ყირიმში. ამის შემდეგ დაიწყო ნატომ ფიქრი შავ ზღვაზე ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის და საქართველოს, როგორც ნატოს ერთ-ერთ აქტიურ პარტნიორსა და შავი ზღვის ქვეყანას, შესთავაზეს მასში მონაწილეობა. თავის მხრივ, ამ პროცესში ჩართვის სურვილი საქართველომაც გამოთქვა.

ეს განცხადებები გაკეთდა ჯერ კიდევ ამ წლის ზამთარში, რის შემდეგაც სულ ველოდი, რომ ამას რუსეთისგან მოჰყვებოდა ძალიან მძაფრი რეაქცია, რომელიც სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. გარდა ამისა, თუ გახსოვთ, ზამთარშივე გაჩნდა ამერიკულ საიტებზე ინფორმაცია, რომ საქართველოში ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების აქტიური მონაწილეობით იგეგმება ახალი საწვრთნელი ცენტრის გახსნა, სადაც ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მოამზადებენ და ეს იქნება შემცირებული, მაგრამ გერმანიაში ნატოს სამხედრო ბაზის ანალოგი. მოკლედ, ბევრი რამ დაგროვდა ისეთი, რაც რუსეთის აგრესიას იწვევს.

- რა შეიძლება გააკეთოს ასეთ ვითარებაში საქართველომ?

- უპირველესად მაქსიმალურად გამორიცხოს და აღკვეთოს რუსულ პროვოკაციებზე აყოლის ნებისმიერი შესაძლებლობა თუ შემთხვევა; მეორე - მოახერხოს ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების. მოკლე ხანში საქართველოში ველოდებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს. თუ გადავხედავთ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების ტრაექტორიას არჩევიდან დღემდე, ისინი არცთუ ისე ბევრ ქვეყანას ესტუმრნენ, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ინტერესი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ საქართველოს მიმართ არათუ შემცირდა, გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რეგიონში რჩება ერთადერთ დემოკრატიულ სახელმწიფოდ და აშშ-ის სტაბილურ პარტნიორად. მით უფრო, თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს ღირებულება, როგორც პარტნიორისა, მნიშვნელოვნად იზრდება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში საქართველო, როგორც შესაძლო გარიგების საკითხი, არ განიხილება!

ამასთან, ძალიან ძლიერია საქართველოს ლობი კონგრესში, სადაც ჩვენი ქვეყნის მეგობართა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ არ დაუთმობენ საქართველოს, რუსეთს. ასე რომ, საერთაშორისო ფონი, რუსეთის ასეთი აგრესიის მიუხედავად, საქართველოს სასარგებლოდაა. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საკითხი კვლავ შევიდეს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების დღის წესრიგში, ანუ უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და რუსეთის ნებისმიერი სხვა პროვოკაცია პირდაპირ აღიქმებოდეს აშშ-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.
მაშინ, როდესაც ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა უკვე ოფიციალურად გაისმა კონგრესში, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ფრონტზე არ დაუთმოს რუსეთს. ამიტომ­ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საქართველოს თემა სწორედ ამ კონტექსტში აიყვანოს. ეს, შესაძლოა, ძნელია, ან ვიღაცამ იფიქროს, რომ ძალიან დიდ პოლიტიკას ვეთამაშებით, მაგრამ ეს შესაძლებელია და ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

- ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უსაფუძვლო სულაც არ ჩანს ვარაუდი, რომ ქართველთა მარში, რომელიც 14 ივლისს თბილისში გაიმართა, მისი ორგანიზატორები კი უფრო აგრესიული აქციებითაც იმუქრებიან, სწორედ რუსეთის ინტერესში იყოს.

- შესაძლებლობა, რომ საქართველო გადაიქცეს აღმოსავლეთის შვეიცარიად, ვფიქრობ, სრულიად რეალურია. აბსოლუტურად სხვანაირად მიდის დღეს მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები.

არცთუ შორეულ მომავალში, შესაძლოა, აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების ინტერესში ისევე შევიდეს სტაბილური საქართველო, როგორც დღეს აშშ-ისა და დასავლეთის ინტერესებშია. ამგვარი პერსპექტივის რეალობად გადაქცევისკენ საქართველომ სვლა უკვე დაიწყო. დღეს სწორედ რუსეთის ინტერესში შედის ქვეყნისთვის ამ პერსპექტივის დაკარგვა. ის ვერ დაუწყებს აშკარად ბრძოლას, მაგალითად, ჩინეთისა თუ ირანის ინტერესებს საქართველოში, ყველას ხომ არ გადაიკიდებს, ამიტომ ყველანაირად შეეცდება, მონახოს სხვა გზები, რათა საქართველოდან ფეხი ამოაკვეთინოს როგორც ირანს, ასევე ჩინეთს, ინდოეთს და ა.შ. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. აქ ლაპარაკი არ არის შემთხვევითობასა და ალბათობაზე, ეს კარგად გათვლილი სტრატეგიაა.
რაც შეეხება მარშზე მისულ მოქალაქეებს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იქ ყველა რუსეთის ინტერესების გამო იყო გამოსული და ყველა მოისყიდეს, მათ შორის ბევრი გულწრფელად შეწუხებული ადამიანია, რომელთაც აშფოთებს ქვეყნის დემოგრაფიული პერსპექტივა, ოჯახის სიწმინდე და ა.შ.

მარშში მონაწილე ამ ადამიანების ღირებულებებსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მეორე საკითხია, სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქართველო ამგვარმა დამოკიდებულებამ უცხოელებისადმი.

იმისთვის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ვაქციოთ ოაზისად უცხოური ინვესტიციებისთვის, მეორე მხრივ კი არაფერი დაემუქროს არც დემოგრაფიას, არც ტრადიციებს, არც ადგილობრივ სამუშაო ძალას და ა.შ., უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები, საემიგრაციო პოლიტიკა უნდა იყოს სათანადო და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საქმეა. აკრძალვა, საზღვრების ჩაკეტვა და თვით­ი­ზოლაცია არ შეიძლება, თუმცა, შესაძლოა, გარკვეული სავიზო შეზღუდვები დაწესდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რისკს შეიცავენ.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან. საფრთხე ამ მიმართულებიდან იზრდება, მით უფრო ახლა, როდესაც სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" გავლენა დასასრულს უახლოვდება და ბევრი ჯიჰადისტი მებრძოლი საით აიღებს გეზს, არავინ იცის. ამიტომაც არის აუცილებელი მეტი სიფრთხილე საზღვრებზე. არაერთი ცივილიზებული ხერხი არსებობს იმ პრობლემების დასარეგულირებლად, რომლებიც მარშის მონაწილეებს აწუხებს.

მასობრივი აგრესია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სოციალურ ქსელებში აშკარად მართული საინფორმაციო კამპანიაა და ეს კეთდება სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივები საფუძველშივე ჩაიკლას.

ის მოქალაქეები, რომლებიც მარშში მონაწილეობდნენ, უნდა დაფიქრდეს, რომ ძალაუნებურად არ გახდნენ ძალიან საშიში რუსული თამაშის მონაწილენი.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ საქართველოს დასჯისთვის რუსეთმა ისევ გამოიყენოს ეკონომიკური ბლოკადა, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების დაქსაქსვის ფონზე პროვოკაციები მოგვიწყოს.

მოკლედ, ძალიან ბევრი მიმართულებით მართებთ მეტად გააქტიურება და პრევენციული ზომების მიღება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს.
აშკარაა, რომ საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია. ამ ომის იარაღი სწორედ საინფორმაციო ომია, ასევე ქაოსის ელემენტების შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში და უმართაობის განცდის გაჩენა; პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მოსყიდვის მცდელობა, ისევე, როგორც მედიის წარმომადგენლების...
ამასთან, ძალიან ცუდად მენიშნა, რომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თურმე დაცვაში კაზაკები დაეხმარებიან. ეს დამაფიქრებელი ინფორმაციაა.

ჩნდება საფრთხე, რომ ამ კაზაკებმა, ისე როგორც ყირიმში, საქართველოშიც "მწვანე კაცუნების" ფუნქცია შეასრულონ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი და მობილიზებული. ხელისუფლებას სჭირდება სათანადო საინფორმაციო პოლიტიკა, რათა გაუმკლავდეს სოციალურ ქსელებში მომრავლებულ მიზანმიმართულ აგრესიულ და დამანგრეველ განწყობებს; ასევე საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება, რათა როგორმე მოვახერხოთ და დავაბალანსოთ ეს ძალიან აქტიური რუსული საინფორმაციო ნაკადი სოციალურ ქსელებში და ქაოსი ავარიდოთ ქვეყანას.

- ჩვენში კვლავაც დიდი განსჯის საგანია, ერთი მხრივ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და, მეორე მხრივ, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის გარშემო შექმნილი ვითარება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჩვენი ხელისუფლება მეზობელი ქვეყნების საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის, თუმცა, მათი ინტერესების გათვალისწინება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს.

- საქართველო არც ერთი ქვეყნის შანტაჟს არ უნდა დაემორჩილოს. ეს თუ ტრადიციად იქცა, ყველა მეზობელი ქვეყანა ჩვენს სუვერენიტეტს მაქსიმალურად შეზღუდავს.
რა რესურსი აქვს საქართველოს, რომ ზეწოლას არ დაემორჩილოს? - განვიხილოთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა. გასაგებია, რომ საქართველოს აზერბაიჯანი სჭირდება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აზერბაიჯანულ გაზზე ვართ დიდწილად დამოკიდებული, მაგრამ განა აზერბაიჯანისთვის ნაკლებად ღირებულია საქართველო, როგორც მისი ენერგორესურსების გამტარი და ტრანზიტის წყარო?

რა გამოსავალი რჩება საქართველოზე გზის გადაკეტვის შემთხვევაში აზერბაიჯანს? - ირანი და რუსეთი, რომლებიც მისი კონკურენტები არიან ენერგორესურსების სფეროში, და აუცილებლად მონოპოლიურ პირობებს დაუწესებენ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს გარეშე აზერბაიჯანს რუსეთი ჩაყლაპავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა დათვალოს თავისი პლუსები როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან ურთიერთობაში და მათთან ახალი ტიპის კომუნიკაცია სწორედ ამის მიხედვით ააწყოს.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილური პარტნიორისა და დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი დასავლეთისთვის, რათა შევძლოთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებებს არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ საქართველო არის მათი ოპოზიციის ერთგვარი თავშესაფარი და გამომკვებავი ქვეყანა. საქართველოში არ უნდა ხვდებოდეს მათი ოპოზიციის ფინანსური თუ სხვა ტიპის რესურსები! არ ვამბობ, რომ საქართველომ ვინმეს უარი უთხრას ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვაზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. არსებობენ მესამე ქვეყნები, სადაც ეს ადამიანები ჩვენი ტერიტორიის გავლით უსაფრთხოდ მოხვდებიან, და ეს საქართველომ უნდა უზრუნველყოს.

- დიდი რეზონანსი გამოიწვია მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის კორუფციის ბრალდებით დაკავებამ.

- ეს არის ახალგაზრდა კაცის ტრაგედია, ამიტომ, სანამ გამოძიება საბოლოო სიტყვას არ იტყვის, გამიჭირდება შეფასება. თუ ის დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა, არა მგონია, ეს შექმნილ ვითარებაზე ქილიკის უფლებას ვინმეს აძლევდეს.
ვურჩევდი ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ, კარგად გადახედოს ადგილებზე მერებს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს. განსაკუთრებით რეგიონებში მასობრივი კორუფციის ფაქტები და დაუსჯელობის სინდრომი აშკარაა.
ხელისუფლებას ეძლევა შანსი, ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარი რიგები კორუმპირებული მოხელეებისგან გაწმინდოს. გაწმენდაში ვგულისხმობ იმას, რომ, სულ მცირე, ისინი აღარ წამოაყენოს კანდიდატებად მოახლოებულ არჩევნებში. თუ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ან არ ისურვა და არ აღკვეთა ახლავე ადგილობრივი მოხელეების თავნებობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება - დაიწყება უმართავი კორუფციული პროცესები. თუ დღეს ადამიანი კორუმპირებულია და ხელისუფლება კიდევ მისცემს შანსს, მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში, ის აუცილებლად უმართავი გახდება. საზოგადოების ფართო ფენებში კორუფციულმა გარიგებებმა ჯერ კიდევ ვერ შეაღწია, მაგრამ თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, აუცილებლად ფართო ქსელად გადაიქცევა.

ნათია დოლიძე
რიგითი
23 ივლისი 2017 11:16
როდის აქეთ გახდა ქართული იდეოლოგია - რუსული? ქვეყანას ეროვნული, მართლმადიდებლური, სწორედ რომ ქართული ძალა სჭირდება. რომელიც დაასრულებსს ურჯულოთა და ერის გამყიდველთა თარეშს.
lili
22 ივლისი 2017 14:48
როგორ კველაპერს რუსეტს აბრალებტ ტვე ოჯახ აპეტკებულებო. მე მაგალიტად ტურკეტს და ამერიკას ვაბრალებ .
samtukaroa
22 ივლისი 2017 13:01
ჯერ ამბობს სიმართლეს მაგრამ დასკვნას აკეთებს ულოგიკოს. რუსეთს უფრო აწყობს პროვოკაციები ზუსტად გამყოფ ხაზზე, ასე რომ საკითხავია ვინ უფრო რუსეთუმეა. მიშამ ე.წ. ჩაცუცქული ქართველები ძლივს მოგვაშორა, ლამის მაგათ გადააყოლეს და ეხლა მიშისტები არაქართველ ჩაცუცქულებს იცავენ. ნუთუ ესე ძნელია აღმაშენებელზე გავლა, რომ თქვენი თვალით დარწმუნდეთ? გერმანიაში თურქი ტერორისტების წინააღმდეგ ამ 40 წლის წინ რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს. ერთ ერთი იყო, ცდილობდნენ რომ თურქების ანკლავები არ შექმნილიყო. ლაგაზიძეს ეს მაგალითი რომ მოეყვანა, უფრო ვენდობოდი. ნახონ ჩვენებმა ის კანონებიო და ის მეთოდები რაც გერმანელებმა გამოიყენეს. შედეგად უამრავი თურქი არის ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში. მარტო 30 -მა თურქული წარმოშობის დეპუტატმა უყარა კენჭი თურქეთის წინააღმდეგ ამ შემოდგომაზე. წარმოიდგინეთ 40 წელიწადში ტერორისტების მაგივრად ყავთ დეპუტატები, თურქი მილიონერები, თურქი სპორტსმენები. ეს არის ევროპა და არა კონტრაქციების გამართვა.
მედეა
21 ივლისი 2017 16:49
მომეწონა სტატია. ვეთანხმები ყველაფერში. განსაკუთრებით მომეწონა სამხრეთის შვეიცარიად ყოფნა, მაგრამ ნატოსკენ რომ მივისწრაფით? ნატოს არ აწყობს ჩვენი ნეიტრალობა? რუსეთიც დამშვიდდება, როცა ნახავს, რომ ნეიტრალური ქვეყანა გავხდებით და თავს დაგვანებებს---ნეტავ მართლაც!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?