"არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს"
"არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს"
მარიუშ მაშკევიჩი: "არ გვსურს, თავს ვგრძნობდეთ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონად, რომელსაც ბერლინი გადაუწყვეტს, რა გააკეთოს და საით წავიდეს"

დასავლეთში პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრა­ც­იის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან საქართველოზე და საერთოდ, როგორი ევროპა სურთ პოლონელებს, ამ და სხვა საკითხებზე პოლონეთის ელჩი საქართველოში ­მარიუშ მაშკევიჩი გვესაუბრება:

- საქართველო-პოლონეთის ურთიერთობით დავიწყოთ...

- პირველი პოლონელი მოახალშენეები საქართველოში მე-18 საუკუნის ბოლოს
ჩამოვიდნენ. პოლონეთში ქართველებს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, დიდ იმპერიებს შორის მოქცეული ორი ერი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა გადარჩენისათვის, საკუთარი იდენტობების და ქრისტიანული ღირებულებების გადასარჩენად. ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავთ ჩვენი ორი ერის ისტორიაში. როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის ისტორია გამუდმებული ომების ისტორიაა. პოლონელები ამაყი ერი ვართ და ამასვე
ვხედავთ ქართველებშიც, ამიტომ დიდ პატივს გცემთ.

25 წელია, მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. ძალიან ვამაყობთ და ბედნიერი ვართ, რომ თბილისში არის ლეხ კაჩინსკის მემორიალი და მისი სახელობის ქუჩა.

- პრემიერმა ჟიდლომ განაცხადა, რომ "ვარშავა ბრიუსელის გიჟურ ჩანაფიქრებში მონაწილეობას არ მიიღებს". რაზე ვერ რიგდებით ბრიუსელთან და როგორია ვარშავისთვის მისაღები ევროპა?

- ურთიერთობა ბრიუსელსა და ჩვენ შორის მართლაც გამწვავებულია და ამის მთავარი მიზეზი ევროპული ინსტიტუციების იდეოლოგიაა. ჩვენ გვსურს ხალხის, ერების ევროპა და არა ევროკავშირის ევროპა. ჩვენ, პოლ­ონეთსა და უნგრეთს, გვსურს, ევროკავშირი იყოს პროექტი, რომელიც ახლოს იქნება ქრისტიანულ ღირებულებებთან.

- ფიქრობთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისთვის ქრისტიანული ღირებულებები არ არის მნიშვნელოვანი?

- ჩვენ, პოლონელებს, და გერმანელების დიდ ნაწილსაც, არ გვესმის, რატომ არ შეიძლება იყო კარგი ევროპელი და ამავე დროს, თქვა, რომ ქრისტიანობა და ქრისტიანული ღირებულებები ჩვენი ცხოვრების, კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია? რატომ არ უნდა გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც ევროპის ქრისტიანული ისტორია დგას?

- თუ ამ შეკითხვას ევროპელ ლიბერალებს დაუსვამთ, სავარაუდოდ, გიპასუხებენ, რომ ლიბერალური და ქრისტიანული ღირებულებები ერთი და იგივეა.

- მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებენ ლიბერალები, ფაქტია, რომ ახალი ევროპა, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს, უფრო კოლექტივიზაციის პრინციპებს ეფუძნება, რაც ძალიან გვაფიქრებს. ასევე გვაფიქრებს ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ევროპულ ინსტიტუციებს შორის. არ მოგვწონს, როდესაც ჩვენ მაგივრად ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებებს, ისევე როგორც არ მოგვწონდა, როდესაც მოსკოვი აკეთებდა იმავეს. არ გვსურს, თავს ვგრძნობდეთ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონად, რომელსაც ბერლინი გადაუწყვეტს, რა გააკეთოს და საით წავიდეს.

- უსაფრთხოების საკითხებზე გადავიდეთ. პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ახლახან მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა. როგორ ფიქრობთ, რა გააკეთა ისეთი მონტენეგრომ ალიანსისთვის, რომ გაწევრება საქართველოზე ადრე დაიმსახურა?

- პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილებას ნატოს თითო­ეული წევრი ქვეყანა იღებს, კონსენსუსის მიღწევა კი პრობლემატურია. მაგრამ, ვფიქრობ, ისევე როგორც პოლონეთის შემთხვევაში 18 წლის წინ, საქართველოსთვის მაპ-ის და საბოლოო წევრობის გასაღები მაინც ვაშინგტონში ინახება.

- კიდევ ერთი თემა: საქართველოს მთავრობა გეგმავს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას და ამის სანაცვლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ფოკუსირებას. რამდენიმე წლის წინ იგივე მოიმოქმედა პოლონეთმა.შეგიძლიათ ამ საკითხზე პოლონური ნოუ-ჰაუ გაგვიზიაროთ?

- ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო ჩვენი შიდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლად რუსეთი გვყავს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა რუსეთის აგრესიის გამო საქართველოსა და უკრაინაში. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი თავის დაცვა შეგვეძლოს. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ნატოს რეაქციას დიდხანს ველოდოთ. გამოთვლების მიხედვით­, რუსეთის სავარაუდო აგრესია, შესაძლოა, გაგრძელდეს 2-3 კვირა, ერთი თვეც კი, და ამ ხნის განმავლობაში მზად უნდა ვიყოთ, ჩვენვე დავიცვათ საკუთარი თავი. ამიტომ დავიწყეთ შიდატერიტორიული თავდაცვის სისტემების განვითარება.

- თუმცა, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი და პოლიტიკოსი საქართველოს ამის გამო აკრიტიკებს, აცხადებენ, რომ ეს "პრორუსული" ნაბიჯია და დასავლეთისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს.

- საქართველოს მთავრობის შიდა პოლიტიკის შეფასება ჩემგან მართებული არ იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩემი შეფასებით, თქვენი თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ გააძლიეროს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები