"ოთარ აბესაძე პაიკი იყო, რომელიც სასურველ ვითარებაში გაწირეს" - აბესაძის დაკავებას მერიის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებაც მოჰყვება? - კვირის პალიტრა

"ოთარ აბესაძე პაიკი იყო, რომელიც სასურველ ვითარებაში გაწირეს" - აბესაძის დაკავებას მერიის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებაც მოჰყვება?

ირმა ჭკადუა: "ოთარმა კონსულტაციის გაწევა მერიის თანამშრომელ ორ გოგონას სთხოვა... ეს თხოვნა ჰქონდა აბესაძესთან მისულ პირს. გოგონებმა ის დააკვალიანეს, სწორედ მათზე საუბრობს ოთარი, ტორტი მივუტანოთო"

"კაროჩე, ახლა რა თემაა,"კაროჩე, მაგას გადაეცი-მეთქი, როგორც მითხარი, ძმაო, 3.000 დოლარი. მიდი ახლა და არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა, ქონების მართვაშიც ჩავა ის, არ თანხმდება 1.000 დოლარზე და 2.000-ს ითხოვს","- ეს ამონარიდია მერიის დაკავებული თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმიდან, რომელშიც ადვოკატები კონკრეტულ დანაშაულს ვერ ხედავენ და პროკურორს პირად ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ. რატომ აირჩია დუმილის უფლება, ვინ არის "ის", ვისაც ოთარ აბესაძის ფარული ჩანაწერების მიხედვით 2.000 დოლარი უნდა მიეღო, "კვირის პალიტრა" ოთარ აბესაძის ადვოკატს, ირმა ჭკადუას ესაუბრა:

"ახლა ოთარს მძიმე ემოციური ფონი აქვს"

- ვერც ერთი წარმოდგენილი მასალა ვერ ადასტურებს, რომ აბესაძემ 3.000 დოლარი ქრთამად მიიღო, თანაც, 8 ივლისს, ანუ მაშინ, როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო, ოთარი საჯარო მოხელე აღარ იყო, მას უფლებამოსილება 5 ივლისს ამოეწურა, შესაბამისად, როგორც საჯარო მოხელე, ქრთამს ვერ აიღებდა. სწორედ საქმის კვალიფიკაციის თაობაზე გვაქვს კითხვები, გავასაჩივრეთ აღმკვეთი ღონისძიების საკითხიც და იმედია, სიმართლე უახლოეს მომავალში გაირკვევა.

- საქმის არსებულ ჩანაწერში მითითებულია ტექსტი, სადაც გარკვეულ თანხებზეა ლაპარაკი?

- პროკურორს ამ ნაწილთან დაკავშირებით ვკითხე და დადასტურება მოვთხოვე, სად ჩანს, რომ ოთარ აბესაძე თანხას ქრთამად ითხოვს-მეთქი? მან პირადი ინტერპრეტაცია გაგვაცნო...

რაც შეეხება მოპედს, ჩანაწერში ისმის, რომ ვინმე ზვიად ჩიხლაძე თავად სთავაზობს აბესაძეს საჩუქრად მოპედს.

- ვინ არის ზვიად ჩიხლაძე და რა ქრონოლოგიით განვითარდა მოვლენები?

- ვინმე ჯავახიშვილმა დაურეკა ოთარ აბესაძეს, ჩემგან ერთი პირი დაგიკავშირდება და თუ შეძლებ, შეხვდიო. ჯავახიშვილი, როგორც ჩანს, ბიზნესმენია და ოთარს კარგად იცნობს. პირი, რომელსაც ოთარი უნდა შეხვედროდა, ზვიად ჩიხლაძე აღმოჩნდა. ზოგადად, ოთარი ბევრ ადამიანს ხვდებოდა იმისთვის, რომ დაეკვალიანებინა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სანაცვლოდ თანხას ითხოვდა.

საუბარი დაიწყო მტკვარზე ტივის აწყობის თაობაზე, სხვა დეტალი საქმეში არ დევს. როგორც ვიცი, ოთარმა კონსულტაციის გაწევა მერიის თანამშრომელ ორ გოგონას სთხოვა. ლაპარაკი იყო მხოლოდ პროცედურული ნაწილის დაჩქარებულად განხილვაზე. საქმის მასალების მიხედვით, ეს თხოვნა ჰქონდა აბესაძესთან მისულ პირს. გოგონებმა ის დააკვალიანეს, სწორედ მათზე საუბრობს ოთარი, ტორტი მივუტანოთო. დანარჩენზე საქმეში მხოლოდ ინტერპრეტაციების დონეზეა ლაპარაკი. ვნახოთ, რა მიმართულებები დაზუსტდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

ოთარ აბესაძე მერიის მაღალჩინოსნად რომ შერაცხეს, რეალურად, მასმედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მოადგილის კონსულტანტი იყო.

- მით უმეტეს, თუ აბესაძე მერიაში დაბალი თანამდებობის პირი იყო, როგორ უნდა მოეხერხებინა თუნდაც საქმის განხილვის დაჩქარება სხვა მაღალი თანამდებობის პირის დაუხმარებლად. საქმეში თუ არის მოხსენიებული, ვისი საშუალებით ჰპირდებოდა ის დახმარებას ვინმე ჩიხლაძეს?

- როგორც გითხარით, კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს და საქმის დიდი ნაწილი ინტერპრეტაციებზეა აგებული. ახლა ოთარს მძიმე ემოციური ფონი აქვს, თუმცა, გარკვეული ეჭვებიც აქვს, რაზეც თავად ისაუბრებს.

- აქვს ეჭვი, რომ, შესაძლოა, მის წინააღმდეგ პროვოკაცია მიზანმიმართულად დაიგეგმა? ისიც საინტერესოა, როდის აპირებს დუმილის დარღვევას?

- ვრცლად მის ეჭვებზე არ გვისაუბრია, როგორც გითხარით, ნერვიულობს არსებული ვითარების გამო, ამიტომ, ვცდილობ, ზედმეტად არ გადავტვირთო. ვფიქრობ,

როგორც კი ჩამოყალიბდება, დუმილს დაარღვევს და საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრებს.

"მეისრის დაჭერა იმიტაციისთვის, სტატისტიკის შესაქმნელად კარგია"

აბესაძის დაკავებას კლანურ დაპირისპირებას უკავშირებს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ხელისუფლებისთვის გასაგებია, თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიცია რა მიმართულებით გააკეთებს აქცენტს -

კორუფცია და კლანური ინტერესები ნარმანიას მმართველობის მთავარი პრობლემა იყო და დღემდე ასეა.

ამიტომ, შესაძლოა, ვიღაცამ ეს ვითარება გამოიყენოს და შეეცადოს, შექმნას ფონი, თითქოს კორუფციასთნ ბრძოლა დაიწყო. კარგად ვნახეთ მერიის ხელმძღვანელების აბესაძისგან გამიჯვნა - ჩვენიანებსაც არ ვინდობთო.

- და ეს ძლიერი არგუმენტია იმ ფონზე, როდესაც ფარცხალაძისთვის გადაცემულ მილიონობით ქონებაზე გამოძიებას დღემდე არაფერი უთქვამს?

- ძლიერი არგუმენტი არ არის, თუმცა, ვიღაც ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ მცირე საპასუხო თემა შეიქმნა.

მეისრის დაჭერა იმიტაციისთვის, სტატისტიკის შესაქმნელად კარგია, ფილმებშიც ხშირად გვინახავს, ნარკომომხმარებლებს ტოტალურად რომ იჭერენ და ნარკობარიგას ვერავინ ეკარება. მერიაშიც ასეთი ლოგიკა მუშაობს - არ ვამბობ, რომ აბესაძე ამის გამო დააკავეს, თუმცა, არჩევნებისთვის ამ ფაქტს აუცილებლად გამოიყენებენ.

ჩემი აზრით, აბესაძე შიდადაპირისპირებას შეეწირა - მერია ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია, შესაბამისად, ყველა სამსახურის უფროსს ცვლილება ემუქრება და ბევრს სალაფავს ჩამოაშორებენ. ეს მათ კარგად იციან, ამიტომ შესაძლებელია კუდების დამალვას წვრილ საქმეებზე აქცენტის გადატანით ცდილობენ.

თუმცა, როდესაც აქლემის ქურდი ხარ, ნემსის ქურდზე აქცენტირებით შენს დანაშაულს ვერ გადაფარავ.

სამი წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ ქალაქს მერი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა, მერიას კლანური დაჯგუფებები დაეპატრონენ. ოთარ აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი იყო, რომელიც მათთვის სასურველ ვითარებაში გაწირეს - მას ეგონა, მაღალი თანამდებობის პირებთან ფოტოების გადაღებით, სოციალურ ქსელში ხელისუფლების დითირამბებით გარკვეულ ინდულგენციას შეიქმნიდა და წვრილ ეშმაკობებს აპატიებდნენ, თუმცა, ამან არ გაამართლა და უფრო დიდ თამაშს შეეწირა.

- რა თამაში დაიწყო მერიაში არჩევნებამდე სამი თვით ადრე?

- მერიაში წლების განმავლობაში დალაგდა ბიზნესსქემები, რომელთა ამოქმედებას სულმოუთქმელად ელიან, ელიან როგორ განვითარდება მოვლენები.

კახა კალაძის სავარაუდო მერობა დიდ ბიზნესგადანაწილებასთან იქნება დაკავშირებული - კალაძეს ჰყავს მთელი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესის დასაკუთრებით არიან დაინტერესებული. ბუნებრივია, თუ კალაძე ქალაქის მერი გახდა, ისინი ველის მოსუფთავებასა და საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებას შეეცდებიან - დიდი რისკია, ერთი ბიზნესკლანი მეორემ შეცვალოს.

მერიაში არსებული ყველაზე დიდი ბიუჯეტის გამო სერიოზული ბიზნესები იკვეთება, თანაც, ეს არის უწყება, რომელსაც, სამინისტროებისგან განსხვავებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან გარკვეული ავტონომია აქვს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობა მერიაში უფრო ნაკლებად კონტროლირებადია, ის საქალაქო მეურნეობაა, სადაც ყველა მიმართულებიდან ფულის შოვნა შეიძლება - არქიტექტურის სამსახური, ეკოლოგიის მიმართულება, დასუფთავება და ა.შ. ამიტომ არავინ იცის, კიდევ რას გამოსტყორცნის ეს პროცესი.

დიდი ალბათობით, ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება.

"აბესაძის დაკავებით კალაძემ კოლექტიურ აბესაძეს გაუგზავნა შეტყობინება, რომ სიაში მოხვედრის ამბიცია აღარ ჰქონოდათ"

მოსალოდნელ დაკავებებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილიც:

- ოთარ აბესაძეს ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა - ტყიბულის მაჟორიტარობას გეგმავდა, თუმცა, კალაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ არა მხოლოდ მაჟორიტარად, საარჩევნო სიაში საერთოდ არ ყოფილიყო.

მოგვიანებით, აბესაძე თბილისის მერიაში გააქტიურდა და ჰქონდა ლეგიტიმური მოთხოვნაც, რომ საკრებულოს სიაში მოხვედრილიყო - ის ბოლო პეროდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერი იყო მერიიდან და თითქმის ყველა საკითხის "გაპრავებას" საკუთარ თავზე იღებდა. თუმცა, ამჯერადაც კალაძემ მისი სიაში ჩასმა არ მოინდომა და თან აბესაძის დაკავებით კალაძემ კოლექტიურ აბესაძეს გაუგზავნა შეტყობინება, რომ სიაში მოხვედრის ამბიცია აღარ ჰქონოდათ - დარწმუნებული ვარ, ოთარ აბესაძე ადრეც არაერთხელ იყო ჩართული კორუფციულ გარიგებებში და 3.000 დოლარი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქრთამებისა, რაც მას, შესაძლოა, სხვადასხვა გარიგების სანაცვლოდ აქვს მიღებული. თუმცა, როგორც გითხარით, ახლა დაკავების დირექტივა პირდაპირ კალაძისგან გაიცა - მას საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს ძალოვან სტრუქტურებშიც. ჩემი ინფორმაციით, დაკავებების სერია მომავალშიც გაგრძელდება - ეს განსაკუთრებით ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს შეეხება და თანაც, არა რიგით თანამშრომლებს. როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში ერთ-ერთი გამგებელი უნდა დააკავონ - ეს ადამიანები დაკავებას, რა თქმა უნდა, იმსახურებენ და კიდევ უფრო მეტიც არის მერიაში დასაჭერი და ალბათ, დაიჭერენ კიდეც. თუმცა, ვიმეორებ, ეს არის კალაძის გეგმის ნაწილი, რომ არასასურველი პირები თავიდან მაქსიმალურად მოიშოროს.

- რატომ ცდილობს კალაძე მათ გათავისუფლებას, რატომ წარმოადგენენ ისინი მისთვის საფრთხეს?

- კალაძეს საკრებულოში მხოლოდ თავისი გუნდი სჭირდება - მისი გათვლებით, 2020 წელს უფრო დიდი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, ამიტომ საკრებულოში პარტიული პირები, რომლებიც, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილზე არიან პიროვნულად დამოკიდებული, არ არიან მისთვის სასურველი.

თუ კახა კალაძესთან შეკითხვები დაგროვდება და "ქართული ოცნება" მის ჩამოშორებას მოინდომებს, მერის გადასაყენებლად საკრებულო მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლია. ამიტომაც ცდილობს, საკრებულო ისეთი პირებით დააკომპლექტოს, რომლებიც მას იმპიჩმენტს ვერასოდეს გაუბედავენ.

ოთარ აბესაძე და სხვა მისი მსგავსი პირები მისთვის სანდო არ არიან. მით უმეტეს, კალაძემ თქვა, რომ არჩევნებში მხოლოდ საკუთარი რესურსით ჩაერთვება, ამიტომ ის ახლა მაქსიმალურად შეეცდება, ყველა შესაძლო დივიდენდი მიიღოს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისგანაც მწვანე აქვს ანთებული, რადგან ის არჩევნებში მონაწილეობას ან რაიმე ფორმით ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავს. დარწმუნებული ვარ, კალაძის ფარული კომპლექსები მალე საშიშ და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

რუსუდან შელია