ლინკოლნ მიტჩელი: "რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!" - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

ლინკოლნ მიტჩელი: "რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!" - ექსკლუზივი

"საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის"

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი არჩევნები, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში... ამ თემებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება ამერიკელი ანალიტიკოსი ევრაზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი.

- თქვენ აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, ყველაზე აქტუალური საკითხი საკონსტიტუციო რეფორმაა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის უთანხმოების მიზეზი გახდა. როგორ შეაფასებთ სიტუაციას?

- თუ ამ საკითხს ამერიკიდან შევხედავთ, ჩვენთან კონსტიტუცია თითქმის წმინდა დოკუმენტია, როგორც ბიბლია, თქვენს პროექტში კი არის ცვლილებები, რომლებიც არ მომწონს. მაგალითად: ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის განსაზღვრა, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა...

- თუმცა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ.

- განსხვავება ის არის, რომ საქართველოში ერთი პარტიაა დომინანტი, ამჟამინდელი პრეზიდენტი კი მთავრობის შემაკავებელ ძალად იქცა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით იკვეთება პირადი დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი... ამიტომაც არის ეს საკითხი შემაშფოთებელი. საჭიროა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, საყოველთაო არჩევნების გზით. ინგლისურენოვანი მედია წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯი, თუმცა მე ამ აზრს არ ვიზიარებ. "ქართულ ოცნებას" თუ სურდა, საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ ექცია, აქამდეც მოახერხებდა. საამისოდ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა და დიდი რესურსი.

- უთანხმოების მიზეზი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების გადადებაც გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მომავალ არჩევნებზე მანდატების დაკარგვა არ სურს და ამიტომაც აყოვნებს პროცესს.

- რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა. როდესაც ვენეციის კომისიის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, ეს არ უნდა ხდებოდეს...

- ითქვა, რომ კონსტიტუციის პროექტი უნდა მიიღონ ფართო კონსენსუსის შედეგად. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკონსტიტუციო რეფორმების ინიცირებისას ეს საკითხი რეფერენდუმზე გაიტანა. თქვენი აზრით, რატომ არ მოიქცა ასე "ქართული ოცნება"?

- მინდა, დავუბრუნდე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. "ქართულ ოცნებას" არ გაუმარჯვია 75%-ით და მეტით, მაგრამ სხვა პარტიებს არ ჰქონდათ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც "ქართულ ოცნებას", ეს კი ნიშნავს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ჭირს - ოპოზიციურმა პარტიებმა იციან, რომ შეწინააღმდეგებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ.

- დღე არ გავა, რუსეთმა საოკუპაციო ზოლი არ გადმოსწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან საუბრისას ამ საკითხს ყოველთვის განიხილავს, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. თქვენი აზრით, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

- მე შემიძლია გითხრათ, რა არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ - არ უნდა გამოიწვიოს რუსეთი და მას ომის დაწყებისკენ არ უნდა უბიძგოს, არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის. რუსეთი არასოდეს დათანხმდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ხელისუფლებას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია - უფრო აქტიური კავშირი დაამყაროს აფხაზებსა და ოსებთან. ამ ხალხს საქართველოზე მხოლოდ ის ესმის, რაც მოსკოვს სურს, რომ გააგონოს.

- მაგრამ რუსეთი ხომ წინ მოიწევს და ხელისუფლება თუ მათ ქმედებას უპასუხოდ დატოვებს, ეს ხომ ხელისუფლების პოლიტიკურ მომავალზეც აისახება.

- შესაძლოა, მაგრამ რა შეუძლია საქართველოს - სამხედრო ოპერაციით პასუხის გაცემა?! ყველაზე ცუდი ვარიანტი ომის დაწყებაა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის.

აფხაზები ამბობენ, რომ არ სურთ, იყვნენ რუსეთის ნაწილი, მაგრამ არც საქართველოსთან ყოფნა უნდათ. სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, პრობლემა არ მოგვარდება.

- დონალდ ტრამპმა ვარშავაში განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები სირიაში, უკრაინასა და სხვა რეგიონებში, თუმცა, არ უხსენებია საქართველო. ამან საზოგადოებას გაუჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება ოკუპაციის საკითხს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სათანადო სიმწვავით არ აყენებს...

- დღეს რუსეთთან დაკავშირებული დისკუსიები, ძირითადად, უკრაინას ეხება. ის უფრო მდიდარი და დიდი ქვეყანაა. ამასთან, ამერიკელი უკრაინელები პოლიტიკურად აქტიურები არიან...

- თვის ბოლოს საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ეწვევა. მაისში კონგრესმა მიიღო და აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც წერია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან?

- კონგრესი იძულებული იყო, საკანონმდებლო აქტი მიეღო, რადგან არც "რესპუბლიკელებმა", არც "დემოკრატებმა" არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა ტრამპი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მესიჯები ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, ადმინისტრაციაში არის ხალხი, ვინც სწორად აანალიზებს სიტუაციას, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, გენერალი მეტისი, გენერალი მაკმასტერი. თუ თქვენ მაიკლ პენსს, ჰილარი კლინტონსა და ჯონ მაკკეინს ჰკითხავთ, რას ფიქრობენ საქართველოზე, მათი პასუხი ერთნაირი იქნება. ეს არის საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის მეინსთრიმული ხედვა, მაგრამ არსებობენ სხვებიც, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგალითად, სტივ ბენონი, ჯარედ კუშნერი...

გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო ნარატივი. ამბობდა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ექნებოდა. ის რუსეთს არასოდეს დაჰპირისპირებია. არავინ იცის, რა გავლენას მოახდენს რუსეთი ამერიკის პოლიტიკაზე. აშშ-ში პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი დგება და ეს საქართველოზეც აისახება.

- როგორც ვხედავთ, სანქციები რუსეთზე გავლენას ვერ ახდენს, ის თავის პოლიტიკას არ ცვლის...

- თუ სანქციებს არ გამოვიყენებთ, გამოვა, რომ არაფერს ვაკეთებთ, ეს კი უარესია. სანქციების გაუქმება რუსეთის გამარჯვება იქნება.

რუსეთის შესაკავებლად არცთუ ბევრი საშუალება არსებობს. რუსეთმა ეს იცის, იცოდა 2008 წელს და იცოდა 2014 წელსაც - ყირიმის ანექსიის დროს... მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!

- 2008 წელი ახსენეთ... მაშინ დასავლეთმა რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის "დიდი ფასი" არ გადაახდევინა, პირიქით - 2009 წელს თეთრ სახლში მოსულმა ბარაქ ობამამ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყო, თუმცა განსხვავებული რეაქცია მოჰყვა ყირიმის ანექსიას. რით აიხსნება ეს? ნუთუ იმით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, უკრაინა კი - დიდი?

- მიზეზი ნაწილობრივ ესეც არის, თუმცა, არის სხვა ფაქტორიც: 2008 წელს რუსეთმა საქართველოში სიტუაცია გაამწვავა, 2014 წელს ყირიმსა და შემდეგ დონბასში კი მდგომარეობა შეცვალა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2008 წელს ვაშინგტონში ბევრი იყო შეშფოთებული სააკაშვილის რადიკალური ქმედებებით.

- მინდა, გკითხოთ მიხეილ სააკაშვილზე... როგორ გავლენას ახდენს ის - ახლა უკვე უკრაინელი პოლიტიკოსი - ქართულ პოლიტიკაზე?

- სააკაშვილმა თავისი პარტიის მობილიზება მოახდინა ისეთი ნარატივის ირგვლივ, როგორიც არის რეჟიმის შეცვლა, რევოლუცია... ქართველმა ხალხმა კი თქვა: "გვეყო! საკმარისია!" მათ სააკაშვილს უარი უთხრეს. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოიგებდა არჩევნებს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჭკვიანური კამპანია რომ ჩაეტარებინა. მას უნდა ეთქვა სააკაშვილისთვის: "მიშა, დარჩი კიევში, ჩვენ კი ვისაუბრებთ საჭირბოროტო საკითხებზე". ამ შემთხვევაში ისინი უკეთეს შედეგს მიიღებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად რეჟიმის შეცვლის მცდელობაში ჩაერთნენ.

სააკაშვილი საქართველოში რელევანტური აღარ არის. რაც შეეხება მის საქმიანობას უკრაინაში, ყველა დაიღალა მისი რიტორიკით: "შენ კორუფციონერი ხარ! შენ მოგიშორებთ!" ეს რიტორიკა უშედეგოა.

- სააკაშვილს ჰყავდა და, ალბათ, ახლაც ჰყავს მხარდამჭერები ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. არის თუ არა ის დღესაც აქტუალური აშშ-ის ადმინისტრაციისთვის?

- არა მგონია. ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან "ქორები", რომლებსაც მოსწონთ რუსეთთან დაკავშირებით მისი ნარატივი, თუმცა, ჩემი კოლეგები ანალიტიკურ ცენტრებსა თუ მთავრობაში სააკაშვილზე აღარ ლაპარაკობენ...

როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მიშას უნდოდა, ყოფილიყო ის, ვისაც ახალი პრეზიდენტი საქართველოზე დაელაპარაკებოდა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაში ის აქტუალური არ არის. ჰილარი კლინტონი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, ეს უფრო შესაძლებელი იქნებოდა.

- ოპოზიცია მუდმივად საუბრობს არაფორმალურ მმართველობაზე, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" დღესაც ისევ ივანიშვილის ავტორიტეტზე დგას. თქვენ რას ფიქრობთ?

- დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში გადასახლდა. შედეგად, შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე "ქართული ოცნება" ერთიან ძალად ვეღარ ვიხილოთ, მაგრამ ეს ცუდი არ იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის მტკიცებას, რომ ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ასე შეიძლება იყო მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გახლდათ. ეს ჩემი ანალიზია და მტკიცებულება არ გამაჩნია. ჩემი აზრით, ივანიშვილს სურს, პოლიტიკურ პროცესებს საბოლოოდ ჩამოშორდეს.

ესაუბრა კახა დგებუაძე