"აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი იყო, რომელიც გაწირეს"- რატომ უკავშირებენ აბესაძის დაკავებას კახი კალაძეს? - კვირის პალიტრა

"აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი იყო, რომელიც გაწირეს"- რატომ უკავშირებენ აბესაძის დაკავებას კახი კალაძეს?

"ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება"

გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

14 ივლისს აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ოთარ აბესაძისა და მერიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს.

ირმა ჭკადუა, ოთარ აბესაძის ადვოკატი:

"ვერც ერთი წარმოდგენილი მასალა ვერ ადასტურებს, რომ აბესაძემ 3.000 დოლარი ქრთამად მიიღო, თანაც, 8 ივლისს, ანუ მაშინ, როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო, ოთარი საჯარო მოხელე აღარ იყო, მას უფლებამოსილება 5 ივლისს ამოეწურა, შესაბამისად, როგორც საჯარო მოხელე, ქრთამს ვერ აიღებდა. სწორედ საქმის კვალიფიკაციის თაობაზე გვაქვს კითხვები, გავასაჩივრეთ აღმკვეთი ღონისძიების საკითხიც და იმედია, სიმართლე უახლოეს მომავალში გაირკვევა".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

სამი წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ ქალაქს მერი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა, მერიას კლანური დაჯგუფებები დაეპატრონენ. ოთარ აბესაძე ჩვეულებრივი პაიკი იყო, რომელიც მათთვის სასურველ ვითარებაში გაწირეს - მას ეგონა, მაღალი თანამდებობის პირებთან ფოტოების გადაღებით, სოციალურ ქსელში ხელისუფლების დითირამბებით გარკვეულ ინდულგენციას შეიქმნიდა და წვრილ ეშმაკობებს აპატიებდნენ, თუმცა, ამან არ გაამართლა და უფრო დიდ თამაშს შეეწირა.

- რა თამაში დაიწყო მერიაში არჩევნებამდე სამი თვით ადრე?

- მერიაში წლების განმავლობაში დალაგდა ბიზნესსქემები, რომელთა ამოქმედებას სულმოუთქმელად ელიან, ელიან როგორ განვითარდება მოვლენები.

კახა კალაძის სავარაუდო მერობა დიდ ბიზნესგადანაწილებასთან იქნება დაკავშირებული - კალაძეს ჰყავს მთელი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესის დასაკუთრებით არიან დაინტერესებული. ბუნებრივია, თუ კალაძე ქალაქის მერი გახდა, ისინი ველის მოსუფთავებასა და საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებას შეეცდებიან - დიდი რისკია, ერთი ბიზნესკლანი მეორემ შეცვალოს.

მერიაში არსებული ყველაზე დიდი ბიუჯეტის გამო სერიოზული ბიზნესები იკვეთება, თანაც, ეს არის უწყება, რომელსაც, სამინისტროებისგან განსხვავებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან გარკვეული ავტონომია აქვს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობა მერიაში უფრო ნაკლებად კონტროლირებადია, ის საქალაქო მეურნეობაა, სადაც ყველა მიმართულებიდან ფულის შოვნა შეიძლება - არქიტექტურის სამსახური, ეკოლოგიის მიმართულება, დასუფთავება და ა.შ. ამიტომ არავინ იცის, კიდევ რას გამოსტყორცნის ეს პროცესი.

დიდი ალბათობით, ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "აბესაძის დაკავებას მერიის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებაც მოჰყვება"