"იმედი მაქვს, პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს" - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს"

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, გუშინ საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა.

უკრაინის პრეზიდენტს, პირველ ლედის და სახელმწიფო დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

პეტრო პოროშენკოს საქართველოში ჩამოსვლას სოციალურ ქსელში ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

„მიხარია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც იქნა, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა. ურთიერთობები უნდა განვითარდეს როგორებიც არ უნდა იყვნენ დღევანდელი ლიდერები. არ ვიცი იცის თუ არა პეტრო პოროშენკომ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა უცხოელი სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით ფულის გაფლანგვაზე და ბრალდებებს შორის ასევე ფიგურირებს „ვიქტორ იუშენკოს აბანოს მომსახურება 28 ევროს ოდენობით“. ასე, რომ იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

19 ივლისს პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთსა და აჭარასაც ესტუმრება.

"ინტერპრესნიუსი"