ახალი დეტალები სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე - რას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე - რას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი?

"გადავამოწმე, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პოროშენკოს განცხადებით, კარგია, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება.

”სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

როგორც ცნობილია, პეტრო პოროშენკომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს.

"ინტერპრესნიუსი"