"ორჯერ მივმართეთ უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით..." - ქართული მხარის კომენტარი და სააკაშვილის პასუხი პოროშენკოს - კვირის პალიტრა

"ორჯერ მივმართეთ უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით..." - ქართული მხარის კომენტარი და სააკაშვილის პასუხი პოროშენკოს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ, თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით კი, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა. "გადავამოწმე, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია", - აღნიშნა პოროშენკომ. (იხილეთ: ახალი დეტალები სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე - რას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი?)

პოროშენკოს განცხადებას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

"რა მოხდება თუ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მიმართავს მას? მზად ხართ უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის მოქალაქის გადაცემა განიხილოთ? ბატონო პრეზიდენტო, შეცვალეთ იურიდიულ საკითხებში თქვენი მრჩევლები", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ უკრაინის პრეზიდენტის დასახვედრად საქართველოს მთავრობამ განათლების მინისტრი გააგზავნა.

"ჩემი პრეზიდენტობისას ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ არ დავხვედროდი და არ გამეცილებინა აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ამ არაფრის მაქნისმა მთავრობამ კი პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გააგზავნა. მე, როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს არ მომწონს, როდესაც ასე ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის დამცირებას", - დასძინა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა.

"მე მიხარია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან დაზუსტდა ინფორმაცია - დიახ, სიმართლეა ის, რომ ჩვენ, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2-ჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი მოთხოვნა გაგზავნილი იყო, დასაბუთებული იყო. მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები, თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით