"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს მართვას, დაუბრუნდეს ლეგალურად" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს მართვას, დაუბრუნდეს ლეგალურად"

"კალაძის დასახელება კვლავაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებაში" არ არიან ლიდერები და ეს პარტია დღესაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე პარაზიტობს"

"ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირეა ოპონენტების სისუსტეა"

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" იმიჯს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით სერიოზული დარტყმა მიაყენა საკონსტიტუციო პროცესმა, თუმცა ეს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა სერიოზულ პრობლემად არ ექცეს, თუმცა მისი თქმით, "ქართული ოცნება" დაადგა დეგრადაციის გზას, მისი მთავარი ამოცანა გახდა არა სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება და მათ შორის ბალანსის მიღწევა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება.

გია ხუხაშვილი:

- ამ ინფანტილური პროცესის შედეგად მათ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს. ეს ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა, ვიღაცამ - მიამიტობით. "ქართულ ოცნებაში" ხომ ვერტიკალი არ არსებობს - ყველაფერი მიშვებულია, ვინ რას აკეთებ, ვერ გაიგებ. ცხადია, ბევრი მიზეზის გამო ახლა უკანდახევა აღარ გამოვა. მიიჩნევენ, რომ ამით ძალიან დაზარალდებიან, მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს არის მომდგარი. არც მქონია ილუზია, რომ უკან დაიხევდნენ. ისინი ჩქარობდნენ ბუკიკიოს ჩამოსვლამდე კანონის ორი მოსმენით მიღებას, რომ ბუკიკიოს ვიზიტს აზრი დაეკარგა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რომ წამგებიანია, ცხადია, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებაში" სტრატეგიული აზროვნების უნარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" დაადგა დეგრადაციის გზას, მისი მთავარი ამოცანა გახდა არა სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება და მათ შორის ბალანსის მიღწევა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენ ეს გვინახავს ამ ქვეყანაში და ვინ როგორ დაასრულა, ისიც გვახსოვს...

- ფაქტია, რომ მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება ძალიან სუსტი ოპოზიცია...

- ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირეა ოპონენტების სისუსტე და ამის გამო ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი, რომლის ერთ პოლუსზე "ნაციონალური მოძრაობაა" ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის გამოცდილებით... მაგრამ ამ ტალღაზე "ქართული ოცნების" მიერ დივიდენდების მიღება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მიუხედავად ამომრჩევლის იმედგაცრუებისა,"ქართული ოცნება" ამ ოპოზიციურ სპექტრთან არ დამარცხდება, მაგრამ ისეთ თვითდაზიანებებს იყენებს, რომ გარედან საფრთხის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ძალიან სავალალოდ დაასრულოს. იმის გამო, რომ ყველაფერთან ერთად იგრძნობა მმართველობითი სისტემის კოროზია, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. საიდან იმართება ქვეყანა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, გაუგებარია, რამაც შეიძლება გააჩინოს სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემები.

მივიღეთ ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა სახელისუფლებო ჯგუფი, ინტერესჯგუფები ხელისუფლების გარეთ და ა.შ. ეს კი ძალიან სახიფათოა.

ერთადერთი ავტორიტეტი ყველა ამ ჯგუფისთვის ისევ ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს მართვას, დაუბრუნდეს ლეგალურად. ის უნდა დაუბრუნდეს პრემიერ-მინისტრის სავარძელს და აღადგინოს სახელმწიფოებრივი წესრიგი.

დღეს არის ქაოსი, რომელიც, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ კრიზისს გამოიწვევს, მერე კი ამ კრიზისებს რამდენჯერ დაასხამს ნავთს ჯეჯელავა...

- ივანიშვილის დაბრუნება რეალური გგონიათ?

- სიმართლე გითხრათ, ამას სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია...

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ძალას იკრებს...

- არა მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები ქვეყანაში რამეს რადიკალურად შეცვლის, იმიტომ, რომ ჯერ სრულფასოვანი ალტერნატივა, რაც შექმნილ ვითარებას არსებითად შეცვლიდა, არ ჩანს. მცირე ინტრიგას ინარჩუნებს თბილისის არჩევნები, მაგრამ აქაც ობიექტურად რომ შევაფასოთ რესურსები, ხელისუფლებას აშკარად დიდი უპირატესობა აქვს. ამ უპირატესობის მიუხედავად, კალაძეს მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. იმიტომ კი არა, რომ მას ოპოზიცია დააზარალებს, არამედ დააზარალებს ხელისუფლება, რადგან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბევრ ჯგუფს კალაძის მერობა მაინცდამაინც არ მოსწონს და მის კანდიდატად დასახელებასაც ეწინააღმდეგებოდნენ.

კალაძის დასახელება კვლავაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებაში" არ არიან ლიდერები და ეს პარტია დღესაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე პარაზიტობს.

ეს ეხება კალაძესაც. "ქართულ ოცნებაში" არ არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და რომელზეც ამომრჩეველი არ ფიქრობს, რომ ის ივანიშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს... ვერ განვითარდნენ, ვერ გაიზარდნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გაიზარდა, კალაძეა. მან გამოავლინა სპორტული ბუნება და იმუშავა საკუთარ თავზე, მაგრამ მასაც აქვს თავისი თამასა, რაც არ აძლევს იმის ნებას, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. თუ კალაძეს ან მის გარემოცვას აქვთ ილუზია, რომ ის შეძლებს, ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ეს სრული ფიასკოთი დასრულდება.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას, ალბათ, უფრო დიდი შანსი ექნებოდა, თავისი განაცხადი თავიდანვე "ნაციონალური მოძრაობისთვის" რომ არ დაეკავშირებინა და ყველაფერი პოლიტტექნოლოგიურად ცოტა სხვანაირად გაფორმებულიყო, ანუ წამოეყენებინა თავი დამოუკიდებელ კანდიდატად და შემდგომ გამოეცხადებინა მისთვის მხარდაჭერა "ნაციონალურ მოძრაობას"...

საბოლოოდ კი, თბილისელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს, რაც მართლაც გულდასაწყვეტია... (იხილეთ სრულად)

ნათია დოლიძე