"თურქული მხარე გვაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, რომ ჩაბუქი თანამედროვე სტანდარტის ციხეში იქნება"
24-07-2017
"თურქული მხარე გვაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, რომ ჩაბუქი თანამედროვე სტანდარტის ციხეში იქნება"
"ოჯახის განუყოფლობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ მუსტაფა ჩაბუქს არ მივანიჭეთ სტატუსი, მისი ოჯახის წევრებსაც ვერ მივანიჭებდით..."

თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქა­რ­თველოში 24 მაისს დაკავებულ მუსტაფა­ ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭა - ახლა ის წინასაექსტრადიციო სამთვიან პატიმრობაშია და გადაწყვეტილებას ელოდება. გადასცემს თუ არა ხელისუფლება დემირელის სკოლის მენეჯერს თურქეთს მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროპარლამენტის წევრები "ქართულ ოცნებას" მისი უფლებების დაცვისკენ­ მოუწოდებენ. "კვირის პალიტრას" დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი
ესაუბრა:

- მუსტაფა ჩაბუქის საქმის განხილვა, დიდი ალბათობით, სასამართლოში გაგრძელდება - ეს წმინდა სამართლებრივი პროცედურებია და მას პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს. გასაგებია, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს, მისთვ­ის სასურველი განცხადებები გაავრცელოს, მათ შორის, პოლიტიკურ ფაქტორზეც, თუმცა, არ მესმის, ე.წ. მესამე ძალები რატომ ცდილობენ სამინისტროს თანამშრომლებზე
გავლენის მოხდენას?! ეს არ მოხდება!
მით უმეტეს, რომ ლტოლვილის სტატუსს კავშირი არა აქვს ექსტრადიციასთან.

- ლტოლვილის სტატუსის მინიჭებით ექსტრადირების პროცედურა შეჩერდებოდა, თანაც, თქვენ რასაც ზეწოლას უწოდებთ, ევროპარლამენტის წევრები კანონის უზენაესობის დაცვად აფასებენ, ამბობენ, რომ ამ მხრივ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში პრობლემები ექმნებათ.

- გასაგებია, რომ ლტოლვილის სტატუსი ექსტრადიციას შეაჩერებს, თუმცა, უარის თქმა დაუყოვნებლივ ექსტრადირებას­ არ ნიშნავს. გადაწყვეტილება სხვა უწყებებმა - იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ უნდა მიიღონ. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, განისაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა პირი გაეროს ლტოლვილთა კონვენციით ჩამოყალიბებულ კრიტერიუმს, მაგალითად,­ დევნიან თუ არა პოლიტიკურად, რელიგიურად­ ან რასობრივად. თუ მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება, პირი ლტოლვილის სტატუსს ვერ მიიღებს. მეორე მხარეა ექსტრადირებისთვის აუცილებელი მასალები - ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებისთვის სისხლის სამართლის ისეთი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, რომლებიც დანაშაულში მისი მხილებისთვის საკმარისი იქნება... სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემდეგ საკითხი სასამართლო წესით განხილვას ექვემდებარება. მისი დასრულების შემდეგაც იხსნება გზა ექსტრადიციისთვის.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული­ მხარე ცდილობს, პასუხისმგებლობა მოიხსნას და გააჭიანუროს პროცესი. არის თუ არა ხელისუფლება ჩიხში თურქული მხარის ზეწოლასა და ევრო­პარლამენტარების გაფრთხილებებს შორის?

- თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ამიტომ ზეწოლაზე ლაპარაკი ზედმეტია. როდესაც მხარე ითხოვს მეორე ქვეყანაში შეფარებული პირის დაკავებას, თანამშრომლობა უნდა შედგეს. თურქული მხარე ამბობს, რომ მუსტაფა ჩაბუქს დანაშაულში მიუძღვის ბრალი. ხომ ფაქტია, რომ მასშტაბური დანაშა­ული მართლაც მოხდა, რომელსაც 300-მდე კაცი ემსხვერპლა?

- ისიც ხომ ფაქტია, რომ თურქეთში­ გადატრიალების მცდელობას ერდოღანის ოპონენტების დაკავების სერია მოჰყვა... როგორ უნდა გაარკვიოთ, საქართველოში­ მოქმედი მენეჯერის­ შესაძლო ბრალეულობა­ ამბოხების საქმეში, როდესაც მასალები მხოლოდ თურქულმა მხარემ­ უნდა მოგაწოდოთ და თქვენ გადამოწმების ბერკეტი არ გაგაჩნიათ?

- საქართველო შეისწავლის ამ დოკუმენტებს და გაარკვევს, მიუძღვის თუ არა წვლილი დანაშაულში, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში გამოიხატა.

- ჩაბუქის ოჯახის წევრები მუქარის გამო დაცვას ითხოვენ. გრძნობს თუ არა ხელისუფლება მათ წინაშე პასუხისმგებლობას?

- ოჯახი აცხადებს, რომ მუქარის წერილი სოციალურ ქსელში მიიღეს, თუმცა, ვინ ემუქრება და რა მიზნით, ინფორმაცია არ არსებობს­. თუ გაირკვა, რომ საფრთხე არსებობს, დაცვა დაენიშნებათ. ისე, რაც სოციალურ ქსელში მუქარები იბეჭდება, ყველამ დაცვა რომ მოითხოვოს, ამას დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების რესურსიც კი არ ეყოფა.

- ჩაბუქის ოჯახის წევრების განცხადებას არასერიოზულად აღიქვამთ?

- საზოგადოებაზე მგრძნობიარე თემებით ხდება აპელირება და თამაში. მათ შორის, იმაზეც, რომ მუსტაფა ჩაბუქის ოჯახის წევრებსაც არ მივანიჭეთ ლტოლვილის სტატუსი. ამ შემთხვევაშიც არგუმ­ენტი გვქონდა - ოჯახის განუყოფლობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ მუსტაფა ჩაბუქს არ მივანიჭეთ სტატუსი, მისი ოჯახის წევრებსაც ვერ მივანიჭებდით. ოჯახის წევრების­ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ არსებობს. მათ უფლება აქვთ, დარჩნენ საქართველოში ან სხვაგან გაემგზავრონ...

- ქართულ მხარეს აქვს საერთაშორისო ვალდებულება - თუ სხვა სახელმწიფოს საპატ­იმროებში წამების ფაქტები­ ფიქსირდება, მის ტერიტორიაზე მყოფი, თუნდაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ექსტრადაციას არ უნდა დაუქვემდებაროს. რა ტიპის გარანტიები მიიღეთ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი თურქეთის საპატიმროში უსაფრთხოდ იქნება?

- თურქული მხარე გვაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, რომ ის თანამედროვე სტანდარტის საპატიმროში იქნება და მისი მონახულება შეუზღუდავად შეეძლება საქართველოს კონსულს...

- ევროკავშირში თურქეთის გაწევრება გაურკვეველი პერსპექტივით გადაიდო. "ამნესტი ინტერნეიშენალისა" და "ჰუმან­ რაითს ვოჩის" ანგარიშებით, საპატიმროებში პოლიცია პატიმრებს ემუქრება გაუპატიურებით,­ ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფს. გადატრიალების მცდელობაში მსჯავრდადე­ბულების 23% გაუპატიურების, 77% კი სხვა ტიპის სექსუალური ზეწოლის მსხვერპლია.

- თურქეთის საპატიმროებზე გასულ წელს კითხვები გაჩნდა, თუმცა, 2016 წლის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ბრიტანეთის საშინაო ოფისისა­ და წამების საკითხებში გაეროს დეპარტამენტის მოხსენებაში პროგრესზეა საუბარი.

- სტატისტიკა თუ არსებობს, მეზობელი ქვეყნების რამდენ მოქალაქეს არ მიანიჭეთ ლტოლვილის სტატუსი და რა მიზეზით?

- აზერბაიჯანიდან 19 მოთხოვნა შემოვიდა, რომელთაგან ოთხს უარი ვუთხარით, კრიმინალური საქმე გახლდათ. მათ აზერბაიჯანულ ციხეში სასჯელის მოხდა არ სურდათ. ერთს სტატუსი დაუკმაყოფილდა, რამდენიმემ თავად განაცხადა უარი, რადგან გაიგეს, რომ საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მაგალითად, გერმანიაში ვერ გაემგზავრებოდნენ, დანარჩენის განხილვა ახლაც მიმდინარეობს. რაც შეეხება თურქეთიდან შემოსულ განცხდებებს, არ მახსენდება საქმე, რომელიც კრიმინალურ დევნას არ უკავშირდებოდა. ბუნებრივია, ასეთ ადამიანებს ლტოლვილის სტატუსს ვერ მივანიჭებთ.

"საქართველომ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი"


კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი:
- ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოსთან უნდა გვქონდეს პრინციპები, რომელთაც არასოდეს დავთმობთ. დიპლომატია კარგია, მაგრამ მას ნებისმიერი მთავრობის შეცდომაში შეყვანა შეუძლია, თანაც პრინციპი - "მიზანი ამართლებს საშუალებას", თანამედროვე პოლიტიკაში არ ამართლებს. სახელმწიფო ინტერესების დაცვის გარეშე ქვეყნის იმიჯი იმდენად ზარალდება, რომ ყოველგვარი პერსპექტივის შანსს კლავს. ქართულმა მხარემ უნდა გამიჯნოს მეზობელი ქვეყნისა და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. რთულია ხისტი მოქმედება - თურქეთი უზარმაზარი სახელმწიფო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა, საქართველომ უპრინციპობით ბევრად მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.
ხელისუფლების უპრინციპობა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის აგენტები პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლეს, რუსეთის გავლენითვე გაათავისუფლეს ოსი ტერორისტებიც... ოთხოზორიას საქმეში ქართულმა მხარემ დიპლომატიურ ომზეც კი უარი განაცხადა. ამ ყველაფერს ემატება აფგან მუჰთარლისა და მუსტაფა ჩაბუქის საქმე, რაც აჩენს საფრთხეს, რომ პრინციპული სახელმწიფოს იმიჯი და შესაბამისად, საერთაშორისო მხარდაჭერა დავკარგოთ...

დიპლომატია დონკიხოტობა არ არის. თუ საეჭვო მოთხოვნით შენს ტერი­ტორიაზე მყოფ პირს არ გადასცემ, ხარჯის გაწევა მოგიწევს, თუმცა, ბევრად დიდ მოგებას მიიღებ - პრინციპული სახელმწიფოს სახეს გამოავლენ.
თუ ჩაბუქის ექსტრადირება მოხდება, თურქეთს ბევრად მეტი მოთხოვნა გაუჩნდება საქართველოსთან, და თუ უარს მიიღებს, თურქული მხარე ჩათვლის, რომ საქართველომ პრიორიტეტები შეცვალა, რადგან თუ თავიდანვე შეათანხმა თამაშის წესები და ურთიერთგაგების პოლიტიკა, მის ცვლილებას საქართველოს არავინ აპატიებს.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები