"იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა" - კვირის პალიტრა

"იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა"

"სასტუმროსგან მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მოხმარდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სნოში, სასტუმროს გახსნისას განაცხადება გააკეთა. პრემიერის შეფასებით, რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს.

"დღეს პატრიარქმა თავის სახლში დაგვპატიჟა. სასტუმროს გახსნა სიმბოლურია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს პატრიარქის სამშობლოში ხდება, იქ, სადაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გაიზარდა და ყრმობა გაატარა. ჩვენ ასევე მომსწრე ვართ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნების გამოცემის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღწერს. ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, მე მქონდა ბედნიერება მისი უწმინდესობის აღსაყდრებას დავსწრებოდი. მაშინ 10 წლის ვიყავი. მას შემდეგ ოთხი ათწლეული გავიდა და მინდა როგორც ერთმა ადამიანმა, ქრისტიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ უამრავ ქარტეხილში მან ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი.

საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებითვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის. ჩვენი პატრიარქის სიტყვის განსაკუთრებული ძალის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ სწორედ ეს სასტუმრო, რომლის გახსნასაც დღეს ჩვენ ვესწრებით. მინდა პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს დასრულედება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რაც სტეფანწმინდას, სნოს და მთელს რეგიონს ზამთრის კურორტად აქცევს.

კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლისათვის დაიწყება მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2020 წლსითვის ექსპლუატაციაში შევა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოფელ სნოში სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მღვდელმთავრები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწმინდესის თქმით, სასტუმრო ”სნო” აშენდა იმისთვის, რომ არა ვინმემ მატერიალური სარგებელი ნახოს, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი მოქმედება სხვა რეგიონებმაც გაიმეორონ.

”ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი. ჰაერი, ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამიტომ ვისარგებლოთ ამ ღვთის წყალობით. დარწმუნებული ვარ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა არის მკურნალი ადამიანის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდით დღეს აქ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიდ საქართველო”, - ბრძანა უწმინდესმა.

სასტუმრო ”სნო” 34 ადგილიანია და ის შემოწირულობებით აშენდა. როგორც სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, სასტუმროსგან მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მოხმარდება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით