"პრეზიდენტის განცხადება ომის ქრონიკას ჰგავდა" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის განცხადება ომის ქრონიკას ჰგავდა"

პრეზიდენტმა ორ საკანონმდებლო ცვლილებას ვეტო დაადო - ახლა პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე. პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაანონსებულია დიალოგის დაწყება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, თუმცა, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონსენსუსის მიღწევა ოპოზიციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამორიცხულია:

- პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო. გასაგებია, რომ პოლიტიკური მოტივაცია აქვს, თუმცა, მეტი დაფიქრება გვმართებს, რასთან დაკავშირებით აქვთ პრეზიდენტსა და პარტიების გარკვეულ ჯგუფს პრეტენზია. პრეზიდენტის განცხადება ომის ქრონიკას ჰგავდა - დაიკარგა თელავი, ამბროლაური და სხვა ქალაქებიო. ეს პათოსი რომ არ ჰქონოდა, ვიფიქრებდი, პროფესიონალურ მსჯელობას გვთავაზობდა, თვითმმართველობის რეფორმის მიზანი დუბლირებული ფუნქციების გაუქმება და ეფექტიანი მმართველობაა, პრეზიდენტმა კი საზოგადოებას დეზინფორმაცია მიაწოდა. მას პოლიტიკური კარიერა უფრო აღელვებს. საინტერესო ძალთა გადაჯგუფება მივიღეთ - მარგველაშვილის მხარეს არასამთავრობო ორგანიზიციები, "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო" და ერთკაციანი პარტიები შემოიკრიბნენ. შესაძლოა, მათ საერთო იდეოლოგიური შეხების წერტილი არც აქვთ, მაგრამ ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს. რეალურად, ორ დაპირისპირებულ კონცეფციას შორის დაპირისპირებას ვადევნებთ თვალს, რომელთა შორის კონსენსუსი გამორიცხულია.

- კონსენსუსზე გადაჭრით უარს იმ ფონზე აცხადებთ, როდესაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციასთან დიალოგი დააანონსეთ.

- ყველაფერს დავთმობთ, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ოპონენტები ამბობენ, "ქართული ოცნება" კონსტიტუციას საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ირგებსო, ანუ ადამიანებს, რომლებიც ორი ათეული წელია პოლიტიკაში არიან, ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ კეთილდღეობად წარმოუდგენიათ. სააკაშვილის დროს გაცილებით მკაცრი რეჟიმის პირობებში გავიმარჯვეთ, გაიმარჯვონ მათაც და მაინცდამაინც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ნუ ცდილობენ გამოკვებას, თვითმიზნად პარლამენტში შესვლა ნუ აქვთ.

- ოპოზიციაში ყოფნისას ითხოვდით პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა, ხელისუფლების პოზიციიდან ეწინააღმდეგებით.

- პროპორციული სისტემა პოზიტიური იქნება საქართველოსთვის - ასეთ შემთხვევაში რამდენიმე პარტია შედის პარლამენტში, მაგრამ დიდი ალბათობით, ვერც ერთი პარტია ვერ ქმნის უმრავლესობას. შესაბამისად, პარლამენტში შესული პარტიები იძულებული არიან, კოალიციური მთავრობა შექმნან, ანუ პარტიები პასუხისმგებლობას ინაწილებენ და მთავრობასაც კონსენსუსით აკომპლექტებენ. ეს კარგია დახლეჩილი საზოგადოების გასაერთიანებლადაც, თუმცა, 2020 წლისთვის შესაძლოა, მივიღოთ რეალობა, როდესაც პარტიების შეუთანხმებლობის გამო მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს. 2024 წლისთვის სულ სხვა რეალობა იქნება, რადგან ახალ თაობასაც განსხვავებული დაკვეთა ექნება.

რუსუდან შელია