ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ სამშობლოში "ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ“ - კვირის პალიტრა

ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ სამშობლოში "ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ“

ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ერთად შესაძლებლობას აძლევს "ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:

ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს, როგორც ტურისტები შესაბამისი ვიზით ან "შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტეგრაციის პროგრამებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა დღეიდან, 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი, ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა: israel.cons@mfa.gov.ge

"ინტერპრესნიუსი"