"ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის სნოში გაკეთებული განცხადება მისი იმპიჩმენტის საგანი იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის სნოში გაკეთებული განცხადება მისი იმპიჩმენტის საგანი იქნებოდა"

"პრემიერის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო თურმე ყოფილა თეოდემოკრატიული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ნახევრად სეკულარული სახელმწიფო"

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ, სნოში გაკეთებულს განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველო არის სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფო.

"პრემიერის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო თურმე ყოფილა თეოდემოკრატიული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ნახევრად სეკულარული სახელმწიფო, ან ჰქონია სურვილი, რომ საქართველო ამ ფორმით ეხილა. ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის ეს განცხადება მისი გადადგომისა და იმპიჩმენტის საგანი იქნებოდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სნოში, სასტუმროს გახსნისას განაცხადება გააკეთა. პრემიერის შეფასებით, რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს:

"საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებითვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის" - განაცხადა პრემიერმა

იხილეთ ვრცლად: "იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა"