"ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია" - ოთო კახიძის პირველი განმარტებები - კვირის პალიტრა

"ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია" - ოთო კახიძის პირველი განმარტებები

სკანდალი არ წყდება პარლამენტარ ოთარ კახიძის გარშემო, რომელიც  23 ივლისს გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. ამის ამსახველი კადრები პალიტრაTV-მ გაავრცელა.

შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

როგორც ირკვევა, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის წარმომადგენლის, ვალდებულება იყო აღმოეფხვრათ ეს დარღვევა. ამ შემთხვევაში ან ოთარ კახიძეს უნდა დაეტოვებინა მანიფესტაცია, ან ცეცხლსასროლი იარაღი გაერიდებინათ აქციის ადგილიდან.

რას აცხადებს ოთარ კახიძე?!

პარლამენტარ, ოთარ კახიძის განმარტებით, ის ლეგალურად ფლობს "გლოკ 19"-ს და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

"პალიტრა TV"-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი.

მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ "გლოკ 19"-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც.

იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით,"ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით", - დაწერა მან "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

მან გამარტება მოგვიანებით გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში გააკეთა:

"იმ კადრებში ცეცხლსასროლი იარაღი რომ არის, არ ჩანს, მაგრამ ვადასტურებ, ნამდვილად იარაღია... მაგრამ აქციაზე არ მივსულვარ იარაღით, უნდა დამეტოვებინა მანქანაში, უბრალოდ, მანქანის გაჩერება მომიწია ცოტა შორს შეკრების ადგილიდან... როგორც მოგეხსენებათ, იყო ძალადობრივი მუქარა ჩვენი პარტიის მისამართით, ამიტომ გადავწყვიტე, წამეღო და მაქანაში არ დამეტოვებინა, რაც ჩემი შეცდომაა. საფრთხე არავისთვის შექმნია, ეს იყო თავდაცვის მიზნით".

კითხვაზე, მზად იყო თუ არა პარლამენტარი გამოეყენებინა საჭიროების შემთხვევაში იარაღი, კახიძემ უპასუხა: "იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თავდაცვის მიზნით".

იხილეთ ვიდეო