"მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები გასამკაცრებელია" - კვირის პალიტრა

"მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები გასამკაცრებელია"

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

დავით ნარმანიას თქმით, ახალი რეგულაციები გათვალისწინებული იქნება ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს.

”რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, ობიექტს ჰქონდეს უსაფრთხოების ბადეები, იყოს შესაბამისად აწყობილი ხარაჩოები და ა.შ. სამწუხაროა ის, რომ კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან. არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული, ასე, რომ მნიშვნელოვანია გაუფრთხილდნენ თავიანთ დასაქმებულ ადამიანებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, 27 წლის მამაკაცი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპესნიუსი"