"საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად" - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად"

"დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ"

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა. ეკა მიშველაძე გამოეხმაურა საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ.

პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ.

"ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს. უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტები, აღიმართა ე.წ. ბანერები. ორიოდე დღის წინ ოკუპანტებმა მორიგი ხნული გაავლეს სოფელ ყარაფილასთან და ეს ყოველივე ხდება რუსეთის სამხედრო წვრთნების ფონზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს", - განაცხადა მიშველაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას და წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ სახელმწიფოთა ურთიერთობების ყოველგვარი ცივილური პრინციპების უგულვებელყოფას.

"ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

"ინტერპრესნიუსი"