"პრეზიდენტის არგუმენტი არის არამხოლოდ უსუსტესი, არამედ არანაირი ღირებულება არა აქვს" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის არგუმენტი არის არამხოლოდ უსუსტესი, არამედ არანაირი ღირებულება არა აქვს"

"ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ იქ, სადაც ქალაქი და არაურბანული დასახლებები არის ერთად, ეს ურბანიზაციას ხელს უწყობს"

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე” პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის არგუმენტები რეალობასთან შეუსაბამოა და არანაირ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და როგორც აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის.

”გავეცანი იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. ჩემი დაინტერესება იყო განსაკუთრებული, რადგან 2014 წელს ჩართული ვიყავი პროცესებში, რომელიც დაკავშირებული იყო თვითმმართველი ერთეულების გაყოფასთან. დღესაც, უშუალოდ ვიყავი ჩართული წინასაწარ განხილვებში, რომელიც დაკავშირებული იყო თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან. გარდა ამისა, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, რვა წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ვიყავი. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე”, - აღნიშნა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც კობახიძემ განმარტა, ევროპის მასშტაბით არის პრეცედენტები, როცა ერთ თვითმმართველ ქალაქში გაერთიანებულია, როგორც ურბანული, ასევე არაურბანული დასახლებები და ურბანული განვითარების დაგეგმვა ისეთივე წარმატებით ხორციელდება, როგორც იმ ერთეულებში, სადაც თვითმმართველი ქალაქი ცალკეა წარმოდგენილი.

”შესაბამისად, პრეზიდენტის არგუმენტი არის არამხოლოდ უსუსტესი, არამედ არანაირი ღირებულება არა აქვს. ურბანული განვითარების დაგეგმვა ურბანული და არაურბანული დასახლებების ერთად ყოფნის პირობებში ისევე შესაძლებელია, როგორც სხვა პირობებში”, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არც იმ არგუმენტს იზიარებს, რომლის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქებისა და შესაბამისი თემების გაერთიანების შემთხვევაში, მოსახლეობის კომუნალური პრობლემების მოგვარება გართულდება.

კობახიძის თქმით, არსებობს უამრავი დასკვნა, რომელთა გათვალისწინებით, გამსხვილების პირობებში ხარჯეფექტიანობა იზრდება, რაც კომუნალური მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სხვა შენიშვნებსა და არგუმენტებზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, მისი პოზიციები რეალობასთან შეუსაბამოა და არანაირ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება.

”პრეზიდენტი ამბობს, რომ ქალაქისა და სოფლების თანაარსებობა ხელს უშლის ურბანიზაციას. ეს არის პირიქით და ეს არის ანა-ბანა. ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ იქ, სადაც ქალაქი და არაურბანული დასახლებები არის ერთად, ეს ურბანიზაციას ხელს უწყობს. ჩვენი ისტორიაც რომ გავიხსენოთ, ქალაქები ცოტა იყო საქართველოში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ დასახლებებს ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა, ურბანიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო. ეს არის ანა-ბანა. ნებისმიერი ქალაქის ინტერესშია, სოფლის დასახლებებიც იყოს მასთან ერთად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ როგორც კი თბილისმა და ბათუმმა განვითარება დაიწყო, სოფლები შემოიერთა.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შესახებ და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე მსჯელობს.