მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ართმევენ?! - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ართმევენ?!

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გამოსცა, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

"უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალები მიხეილ სააკაშვილზე დამუშავებულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გადაგზავნილია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული მოქალაქეობის საკითხის კომისიის განხილვაზე და განხილული იყო კომისიის სხდომაზე. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.

საიმიგრაციო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები ჩამოთვლილია უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-9 მუხლში. კერძოდ, მოტყუების შედეგად, განზრახ ყალბი ინფორმაციის მიწოდების საშუალებით.

სააგენტო "ინტერფაქსის" უკრაინული ბიუროს წყარომ, დაადასტურა, რომ პოროშენკომ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საელჩოს საქართველოს საგარეო უწყებისგან რაიმე კონკრეტული ინსტრუქცია საკითხზე არ მიუღია.

”მაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ეს არის მისი პრეროგატივა. როგორც წესი, ასეთ დოკუმენტებს ახსნა-განმარტება არ ახლავს, შესაბამისად, საელჩოს რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია, მით უმეტეს, რომ ის გახლდათ უკრაინის მოქალაქე. უკრაინულმა მედიამ მე მითხრა, რომ ის იმყოფება აშშ-ში, რასაც გადამოწმება სჭირდება. რაიმე კონტაქტი მასთან არ შემდგარა. საელჩოს ცხოვრება დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან. აქ ალბათ იქნება ჩართული როგორც უკრაინული, ისე ქართული მხარე მომავალში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - განაცხადა დუმბაძემ.

უკრაინული გამოცემა nv.ua მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მისთვის მოქალაქეობის გაუქმებამდეა ჩაწერილი. გამოცემის კითხვაზე, რას აპირებს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში, სააკაშვილი პასუხობს, რომ დარჩება კიევში და, შესაძლოა, იქ სახლიც იყიდოს.

"არც არაფერს. ვიჯდები აქ, კიევში მოქალაქოების გარეშე. მე ახლა აქ, შორიახლოს ვცხოვრობ. ვნახოთ, იქნებ რაიმე პატარა ბინა აქ ვიყიდო. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ბინა გავყიდეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი მაიდანთან ახლოს ქირით ცხოვრობს, საიდანაც შემოდგომში გადასვლას აპირებს.