"ივანიშვილსაც არ სჭრიდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა...” - სააკაშვილი CNN-ის ეთერში - კვირის პალიტრა

"ივანიშვილსაც არ სჭრიდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა...” - სააკაშვილი CNN-ის ეთერში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მისთვის უკრაიანის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ისაუბრა. მან წამყვანის კითხვას, ეძებს თუ არა ის დახმარებას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, ასე უპასუხა:

"არავის დახმარებას ვეძებ! აქ ჩემს ოჯახთან ჩამოვედი. ისინი აქ ცხოვრობენ, აშშ-ს მოქალაქეები არიან. ეს ბიძაჩემის ოჯახია. უკრაინის მოქალაქეობა იმიტომ ჩამომართვეს, რომ კორუმპირებულ ოლიგარქებს აღვუდექი. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. ეს უნიკალური სიტუაციაა, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მოქალაქეობა მომანიჭა და მე ამას დავეთანხმე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მას სურდა რეფორმების გატარება. რეფორმები საჭირო იყო, რათა უკრაინა უფრო მდგრადი გამხდარიყო რუსეთის წნეხის წინაშე. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია: ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის გათელვა. აქედან გამომდინარე, მე ხელისუფლების ოპონენტი გავხდი. ჩემთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად უკანონოდ ჩამორთმევით, პოროშენკომ თავისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მოიშორა. უკრაინელი ხალხი მოიგებს ამ ომს. ისინი შეაკავებენ რუსეთს, ისინი აიღებენ დასავლურ კურსს, მაგრამ საამისოდ მათ უნდა ჩამოიშორონ საბჭოთა სტილის ოლიგარქები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილსაც არ სჭრიდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა, რადგან როგორც უკარაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, საქართველოშიც იგივეა.

"რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო. მე პატარა ბავშვი არ ვარ. საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა პოროშენკო, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა და ბათუმში ჩასვლა ტყუილად არ მოიგონა, იმიტომ, რომ ურეკში უნდოდა შევლა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი. რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. ჩემი ინფორმაციით, როცა იყო საქართველოში ჩასული, იყო ივანიშვილთან ურეკში, ილაპარაკეს ამ თემებზე. პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილსაც არ სჭრიდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა... ასე რომ, ეს გააკეთა მაშინ, როცა არ ვიყავი უკრაინაში, ვინაიდან უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, მაშინ უნდა ყოფილიყო საუბარი საქართველოში ექსტრადიციაზე. საქართველოს ჩემი გადმოცემა არ სჭირდება. როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა“, - ეს სააკაშვილმა უკვე “რუსთვი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიგარქებისთვის, რომლებიც უკრაინას მართავენ, ის "სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ“ იქცა, მაგრამ რაც მეტად შეებრძოლებიან, მით მეტად გაძლიერდება.

"უკრაინაში მე მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია, 100 000 აქტივისტი, 26 რეგიონში დიდი შტაბები, ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ქსელი, ბიზნესმენების... ეს ხალხი არსად გაქრება, ამ ხალხთან ერთად ჩვენ ვაპირებთ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას“, - დასძინა სააკაშვილმა.

ამის პარლალეურად კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას მიხეილ სააკაშვილის ასამდე მხარდამჭერი ატარებდა. დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საინიციატივო ჯგუფი შეუშვა.

დღეს კიევში, მაიდანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტეს.

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ცოტა პირი დაბანონ, დიეტაზე დასვან, ფსიქიკა მოუწესრიგონ და ქართულ პოლიტიკაში ისევ შემოიყვანონ"