"სააკაშვილი შეეცდება, "ქართველი გიულენის" როლი მოირგოს"
31-07-2017
"სააკაშვილი შეეცდება, "ქართველი გიულენის" როლი მოირგოს"
"პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს - სიმღერას ერქვა "შოკოლადის უკანალი"

საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს - მისი მეგობრისა და ყოფილი თანამებრძოლის, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. რა რეაქცია მოჰყვა ამას უკრაინაში, "კვირის პალიტრასთან" უკრაინელი ექსპერტი ვლადიმირ ბოიკო საუბრობს:

"ეჭვიც არ არსებობს, რომ პოროშენკომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ქართული მხარე
საქმის კურსში ჩააყენა"


- სააკაშვილისთვის მოქალ­აქეობის ჩამორთმევა ლოგიკური ფინალია იმისა, რომ დიდი ხანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოსთვის პოლიტიკურ თავსატეხად იქცა. 2014 წელს პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინაში იმ იმედით ჩამოიყვანა, რომ მის პიარს მოემსახურებოდა, განსაკუთრებით კი დაეხმარებოდა იმ კლანებთან ბრძოლაში, რომლებმაც ქვეყანაში ფესვები ღრმად გაიდგეს. საამისოდ სააკაშვილი
იდეალური ვარიანტი იყო - გამოცდილი­ ორატორია, ხისტია და რაც მთავარია, იმ პერიოდში პოროშენკოზე იყო დამოკიდებული, რადგან საქართველოდან გაქცეულმა სწორედ მისგან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. თავდაპირველად, სააკაშვილი პოროშენკოს იმედს ამართლებდა, ერთ წელიწადში­ კი დაავიწყდა ვალდებულებები პოროშენკოს წინაშე, მათ შორის ისიც, რომ სწორედ მისი დამსახურებით მიიღო სამშობლოსგან გარიყულმა თავშესაფარი. გამოაცხადა, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად პოროშენკოს წინააღმდეგ იბრძოლებდა. მეტიც, მან საამისოდ შეურაცხმყოფელი პოლიტიკური პროპაგანდა აირჩია.
პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს - სიმღერას ერქვა "შოკოლადის უკანალი". სიმღერის ეთერში­ გასვლის შემდეგ გადაცემა დაიხურა, სააკაშვილს კი მოქალაქეობა ჩამოართვეს.

- საქართველოში განიხილავენ ვერსიას, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას შეთანხმდა.

- ჯერ კიდევ შარშან გახდა ნათელი, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი უკრაინის მაღალ ეშელონებში დღის წესრიგში დადგებოდა. მსგავს განცდას ისიც აძლიერებდა, რომ სწორედ ამ პერიოდში პოროშენკომ მოქალაქეობა­ სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლს, საშა ბოროვიკს ჩამოა­რთვა. მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი 2015 წლის მაისში შევსებული დოკუმენტი გახდა, სადაც სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას მიუთითა, რომ მის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში სამართლებრივი კითხვის ნიშნები არ არსებობდა. მაშინ ყველამ იცოდა, რომ ეს მტკნარი სიცრუე გახლდათ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პროკურატურამ ორჯერ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების თხოვნით და ორივეჯერ უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება - პოროშენკომ გაყალბებული ანკეტისთვის ჩამოართვა სააკაშვილს მოქალაქეობა. რაც შეეხება პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ამ გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში მსგავსი შეხვედრა უბრალოდ ვერ შედგებოდა - უკრაინამ სააკაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემაზე უარის თქმით უხეშად დაარღვია საქარ­თველოსა და უკრაინას შორის ხელშეკრულება, რომელიც 1995 წლის 9 იანვარს გაფორმდა - უკრაინა ვალდებული იყო, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, საქართველოს ძალოვან სტ­რუქტურებთან ეთანამშრომლა პრეზიდენტყო­ფილის დანაშაულებზე არსებული კითხვების გამო. ნაცვლად ამისა, უკრაინა საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო - ფაქტია, სააკაშვილის გავლენით. პოროშენკოს ვიზიტის მიზანი ამ დაძაბული ურთიერთობის გამოსწორების მცდელობა გახლდათ.
ეჭვიც არ არსებობს, რომ მან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ქართული მხარე საქმის კურსში ჩააყენა.

- მიუხედავად ამისა, რა გავლენა აქვს სააკაშვილს დღეს უკრაინულ პოლიტიკურ პროცესზე?

- სააკაშვილს უკრაინაში გავლენა დაკარგული აქვს. არც მისი პოლიტიკური რეიტინგი გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ მის პოლიტიკურ მოძრაობას პერსპექტივა ექნება. მის საჯარო გამოსვლებზე ოფიციალური პირების რეაგირება მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ზურგს პოროშენკო უმაგრებდა, თანაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, ძმასთან, დავით სააკაშვილთან ერთად, ფინანსური­ სარგებელიც მიეღო, თუმცა, ახლა ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით მის ძმასა და ასევე, ოდესის კონსულ თემურ ნიშნიანიძესთან უკრაინის პროკურატურას კითხვები აქვს - მებრძოლებისთვის შექმნილი ფონდიდან სოლიდური თანხებია გაფლანგული. შესაბამისად, სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურად განეიტრალებულია.

"პოროშენკომ საქართველოს ხელისუფლებას ე. წ. ფინტი ჩაუტარა"


სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე პოროშენკოს ვიზიტისას ქართულ მხარესთან შეთანხმებას ექსპერტი გია ხუხაშვილი გამორიცხავს:
- არა მგონია, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეში გარეული იყოს. შესაძლოა, ეს პოროშენკოს პოლიტიკურად აწყობდა, თუმცა, ქართული მხარე ამ ვითარებიდან პოლიტიკურ დივიდენდს ვერ მიიღებს. პირიქით,
პოროშენკომ სცადა და გამოუვიდა კიდეც, შეექმნა სურათი, თითქოს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის წართმევა მის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. ამით მან პასუხისმგებლობა და რისკები ქართულ მხარეზეც გადაანაწილა - შემთხვევითი არ იყო ჩერნოვეცკის საკითხის წამოწევაც - შეიქმნა განწყობა, რომ ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის კონკრეტული პირები გაიცვალა. პოროშენკო ჩვენს ხელისუფლებას ცუდად მოექცა და ე. წ. ფინტი ჩაუტარა.
დღეს ბევრს სჯერა, მათ შორის, დასავლეთშიც, რომ პოროშენკო და ივან­იშვილი შეხვდნენ და გა­რ­კვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ. არადა, ივანი­შვილი ბევრ­ად ჭკვიანია­ და მსგავს საკითხზე პოროშენკოსთან არ ისაუბ­რებდა. იდიოტიზმის გამ­ორიცხვა არ შეიძლება,­ მაგრამ არა მგონია, საქა­რთველოს ხელისუფლებ­აც ამ ხაფანგში გახვეულ­იყო. მათთვის უკეთესი იყო, სააკაშვილი უკრაინ­ის ოპოზიციაში გამარგინალებულ ფიგურად დარჩენილიყო, რომელ­იც საქარ­თველოსთვის ნაკლებად იცლიდა და "ქართულ ოცნებასაც" ნაკლებ თავსატეხს უჩენდა.

ამერიკაში გაქცეული სააკაშვილი შეეცდება "ქართველი გიულენის" როლი მოირგოს, მაგრამ რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა, სხვა საკითხია... შესაძლოა, უკრაინაში ვერ დაბრუნდეს, თუმცა, ოპოზიციურ პროცესებს იქაც წაახალისებს, მაგალითად, ტიმოშენკოს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, უახლო­ესი 2-3 თვის განმავლობაში­ სააკაშვილი­ წონას, ფსიქიკას მოიწესრიგებს და წამყვან ამერიკულ არხზე აბსოლუტურად შეცვლილს ვიხილავთ.

"სააკაშვილი აპატრიდია, ­ანუ პირი, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს"


რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს სააკაშვილს მოქალაქეობის დასაბრუნებლად, სამართალმცოდნე დავით ჯანდიერი­ გვესაუბრება: - დღეს გაერო აქტიურად მუშაობს, რომ აპატრიდების, ანუ, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭება მოხდეს, თუმცა, პროცესი­ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სააკაშვილი აპატრიდია, ­ანუ პირი, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს და დევნილის სტატუსს ელოდება, ან სამართლებრივ დავაშია კონკრეტულ სახელმწიფოსთან. უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მოქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ პირმა უწყებებს გაყალბებული დოკუმენტაცია წარუდგინა
- სააკაშვილის შემთხვევაშიც ეს პუნქტი გამოიყენეს, თუმცა, გაყალბებული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია პოროშენკოს ორი წლის წინ უნდა ჰქონოდა.

- რა მექანიზმი რჩება სააკაშვილს მოქალაქეობის აღსადგენად?

- სააკაშვილმა გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლოში უკვე გაასაჩივრა, თუმცა, დიდი ალბათობით, საქმე მისთვის სასურველი შედეგით არ დამთავრდება. მოქალაქეობის საკითხს სტრასბურგი არ განიხილავს, შესაბამისად, სააკაშვილი დახმარებისთვის ევროპულ სასამართლოს ვერ მიმართავს, თუ თავად სტრასბურგმა პრეცედენტი არ დაუშვა.
სააკაშვილს აქვს რამდენიმე ვარიანტი - მოითხოვოს დევნ­ილის სტატუსი ან პოლიტიკური­ თავშესაფარი, ან კონკრეტული­ სახელმწიფოს ინიციატივით მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

პოროშენკოც იანუკოვიჩიზაციის გზას დაადგა


ზაზა ბიბილაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა": -
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება პოლიტიკური აქტი გახლდათ, მაშინ ანკეტის შევსებაზეც კი არ იყო ლაპარაკი, მზა პასპორტი მიუტანეს. პოროშენკომ კარგად იცოდა, რომ სააკაშვილს საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლება დევნიდა. ისიც იცოდა, რომ უკრაინის პროკურატურამ ქართულ მხარეს უარი უთხრა ექსტრადირებაზე. ივანიშვილი და პოროშენკო გარიგდნენ და საერთო მტრის განადგურებას შეეცადნენ, თუმცა, ეს პროცესი მათთვის მოულოდნელი სცენარით დასრულდება. უკრაინაში სააკაშვილის დევნა ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ - პოროშენკოც ისეთივე ოლიგარქი აღმოჩნდა, როგორიც ივანიშვილია და იანუკოვიჩიზაციის გზას დაადგა. თუმცა, ეს გვმატებს ძალას, რომ პუტინური რეჟიმებთან ბრძოლა აქტიურად გავაგრძელოთ.

რუსუდან შელია
G-ordi
06 აგვისტო 2017 04:36
წარმოიდგინეთ ,როგორი ავანტიურისტის ხელში იყო ძალაუფლება 9 წელი....
bibilasvils
05 აგვისტო 2017 14:52
ბიბილაშვილო!სააკაშვილის მსგავს გზებზე სიარული არ მოგეშალოს,აბა ჰე..ნაბიჯით იარ სააკაშვილისაკენ....
ia
05 აგვისტო 2017 13:37
ამერიკის კონგრესიც ოლიგარქებისგან შედგება? უფულოდ პოლიტიკაში ვერავინ მიდის. შეიძლება რამდენიმე პასპორტი აქვს მიშას.ექნება კიდეც. რა მერე...

რედაქტორის რჩევით