"სააკაშვილი შემოდგომაზე კიევში რევოლუციას გეგმავდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი შემოდგომაზე კიევში რევოლუციას გეგმავდა"

"სააკაშვილმაც და იანუკოვიჩმაც საკუთარი ხალხის სისხლი დაღვარეს, შეუბრალებლად არბევდნენ იმ ხალხს, რომელიც ხმის ამოღებას ბედავდა. სააკაშვილმაც და იანუკოვიჩმაც ქვეყანა მიატოვეს და გაიქცნენ"

"მშვიდობით, მიშა! ქართველ იანუკოვიჩს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს!"

მიხეილ უმიწაწყლო - ასე მონათლეს სოციალურ ქსელებში უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული საქართველოს ექსპრეზიდენტი მას შემდეგ, რაც მას კლასიკური საბჭოთა მეთოდით,"ბორტზე ყოფნისას შეუჩერეს მეორე სამშობლოდ ქცეული უკრაინის მოქალაქეობა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საზოგადოებას უპასპორტო ექსპრეზიდენტის შესახებ ამცნო, უკრაინის რადის დეპუტატი, ოპოზიციონერი იგორ მოსიჩუკი იყო. "მშვიდობით, მიშა! ქართველ იანუკოვიჩს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს!" - ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე. მაინც რატომ არის სააკაშვილი ქართველი იანუკოვიჩი, რატომ არ შედგა მისი პოლიტიკური კარიერა უკრაინაში და არის თუ არა ეს ყველაფერი კიევსა და თბილისს შორის გარიგების შედეგი - ამ თემებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" რადის დეპუტატ იგორ მოსიჩუკს კიევში ტელეფონით დაუკავშირდა:

- ბატონო მოსიჩუკ, თქვენი სტატუსით დავიწყოთ - რატომ ქართველი იანუკოვიჩი? სააკაშვილს, ალბათ, ბევრი რამ შეიძლება დააბრალო, მაგრამ პრორუსულობა?

- სააკაშვილმაც და იანუკოვიჩმაც საკუთარი ხალხის სისხლი დაღვარეს. სააკაშვილიცა და იანუკოვიჩიც შეუბრალებლად არბევდნენ იმ ხალხს, რომელიც ხმის ამოღებას ბედავდა. სააკაშვილმაც და იანუკოვიჩმაც საკუთარი ქვეყანა მიატოვეს და გაიქცნენ. მიკვირს იმ უკრაინელების, რომლებიც ცდილობენ, სააკაშვილი დაიცვან, მინდა, მათ კითხვა დავუსვა: ის ათი წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, შემდეგ კი რა ქნა? ქვეყანა მიაგდო, გაიქცა და ახლა ჩემი ქვეყნის მოქალაქეობისთვის იბრძვის.

- თქვენ არ მიიწვიეთ უკრაინაში?

- ვფიქრობ, პოროშენკოს სურდა, დასავლელი პარტნიორების გული მოეგო, თანაც, ფიქრობდა, რომ მისი გაკონტროლება არ გაუჭირდებოდა, ამიტომაც ჩააბარა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა. შემდეგი იყო ოდესის გუბერნატორობა, რაც სააკაშვილმა პრეზიდენტისა და უკრაინის მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენა. სააკაშვილს არ გაუკეთებია არაფერი, რაც უკრაინის სახელმწიფოს წაადგებოდა. უკრაინელები თვითონ გადავწყვეტთ, როგორ მოვექცეთ საკუთარ პრეზიდენტსა და ქვეყანას. სააკაშვილის მსგავსი ყალთაბანდების გარეშეც იოლად გავალთ. პოროშენკომ გაათავისუფლა პროკურორი და პოლიციის ხელმძღვანელი, რომ ეს თანამდებობები სააკაშვილის კადრებით შევსებულიყო. ასე "გავბედნიერდით" ბატონი ლორთქიფანიძით, რომელიც ჩემი ჩარევის შედეგად გააგდეს სამსახურიდან.

ამ ადამიანმა უკრაინის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასამართლო სისტემა კინაღამ დააქცია. მის დროს გაიზარდა ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევები ოდესის ოლქში. ეს ყველაფერი ბატონი ლორთქიფანიძისა და ქალბატონი ზღულაძის დამსახურებაა!

- საინტერესოა ოფიციალური მიზეზი, რომელიც თქვენმა საემიგრაციო სამსახურმა გამოაქვეყნა - სააკაშვილმა მოქალაქეობის მოთხოვნისას არ მიუთითა, რომ იძებნებოდა? ეს ცოტა არასერიოზულად არ გეჩვენებათ? ამას ვინ დაიჯერებს?

- ყველამ ყველაფერი იცოდა. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა პარტიამ საემიგრაციო სამსახურში გავგზავნეთ წერილი, რათა მიგვეღო ოფიციალური დასტური - იცოდა თუ არა საემიგრაციო სამსახურმა, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოში იძებნებოდა? ეს წერილი გადაამისამართეს ფედერალურ პროკურატურაში, რომელმაც, თავის მხრივ, მოქალაქეობის მინიჭების საკითხების მმართველ კომისიას გადასცა ეს საქმე და როცა ყველამ გაიაზრა, რომ აუცილებელი იყო პასუხის გაცემა, მოხდა ის, რაც მოხდა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოროშენკომ საქართველოში ვიზიტამდე მიიღო. პოროშენკოს რომ ქართველებთან გარიგება დაედო, მაშინ დაელოდებოდა, როდის დაბრუნდებოდა უკრაინაში სააკაშვილი, ჩამოართმევდა მოქალაქეობას და ლანგრით მიართმევდა ქართველ სამართალდამცავებს.

- ისევ თქვენს ფეისბუქ-სტატუსს დავუბრუნდეთ - სააკაშვილს მოხეტიალე ცირკის მსახიობად მოიხსენიებთ. ფიქრობთ, ამ მსახიობის ხეტიალი დასრულდა?

- სააკაშვილის რეიტინგი 2%-ს შეადგენს. პოროშენკომ იმიტომ კი არ ჩამოართვა მოქალაქეობა, რომ მისი, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ შემოდგომაზე კიევში მორიგ რევოლუციას გეგმავდა.

- და როგორ მოახერხებდა ამას 2%-იანი რეიტინგით?

- იყო მცდელობები სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელების მოსყიდვის, რესურსების მობილიზების და ა.შ. არეულობას გეგმავდა, რასაც სამოქალაქო გამოსვლებად მონათლავდა და ამიტომაც გამოეთხოვა უკრაინის მოქალაქეობას.

- საინტერესო იყო კოლომოისკის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეცდომა იყო და რომ მისთვის პატივი იქნებოდა სააკაშვილის კომპანიაში ყოფნა. არადა, ისინი ცნობილი ოპონენტები არიან.

- ალიანსს გამოვრიცხავ, რადგან ეს სააკაშვილისთვის პოლიტიკური კარიერის საკუთარი ხელით დასამარება იქნებოდა. რაც შეეხება კოლომოისკის, მას თვითონ სამი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, რაც უკრაინული სამართლის დარღვევაა და შესაძლებელია, მალე სააკაშვილის ხვედრი გაიზიაროს.

- როგორ ფიქრობთ, ის ქართველი სამხედროები, რომლებიც დღეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვიან, როგორ შეაფასებენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას?

- ისინი აქ სააკაშვილის გამო არ არიან. ნახევარი თუ აფასებს მის საქმიანობას დადებითად.

- და შეკითხვა, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახე - თქვენი სტატუსის წაკითხვის შემდეგ ქართულ მედიაში გაიხსენეს, რომ არსებობს ვიდეოფირი, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია, თუ როგორ იღებთ ქრთამს და რომ ციხეს მხოლოდ დეპუტატის იმუნიტეტმა გადაგარჩინათ... რამდენად ობიექტურია იგორ მოსიჩუკი საკუთარ შეფასებებში?

- ეს ვიდეოფირი დამონტაჟებულია. სასამართლომ მე გამამართლა. დიპლომატიური იმუნიტეტი მომიხსნეს და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით ისევ დავიბრუნე. რაც შეეხება ჩემს ობიექტურობას, ეს ვიდეოფირი პოროშენკოს დაკვეთით გადაიღეს. ასე რომ, თავად განსაჯეთ, რამდენად ობიექტური ვარ, როდესაც მის გადაწყვეტილებას საჯაროდ მივესალმები.

ვაჟა თავბერიძე