"თუ წულუკიანი არ გააცნობიერებს შექმნილ ვითარებას, ბოიკოტს გამოვუცხადებთ!" - კვირის პალიტრა

"თუ წულუკიანი არ გააცნობიერებს შექმნილ ვითარებას, ბოიკოტს გამოვუცხადებთ!"

საქართველოდან გაგზავნილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ დაიწუნეს - ამჯერად იმ განსხვავებით, რომ ევროპული სასამართლოსთვის კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი სამიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი აღმოჩნდა. პროცედურულად, კომისია, რომელსაც სტრასბურგში მოსამართლეობის სამი კანდიდატის გაგზავნა ევალება, მესამედ უნდა შეიკრიბოს საკითხის განსახილველად, თუმცა, თუ კომისიის შემადგენლობა და მიდგომები არ შეიცვლება, არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს არ გამორიცხავენ. გვესაუბრება კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წევრი სოფო ვერძეული:

- როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს ევროპულ სასამართლოში შესაბამისი კრიტერიუმების მქონე კანდიდატების გაგზავნას, ეს არაერთ კითხვას აჩენს. არაფერს ვამბობ იმ უხერხულობაზე (და შეფასებებზეც), რაც მსგავს ვითარებაში პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში იქმნება. ასეთ შედეგს კომისიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ვპროგნოზირებდით, რადგან კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, ტენდენციური გახლდათ - კომისიის წევრები ერთსა და იმავე კანდიდატს იდენტური კრიტერიუმებით პოზიტიურ შეფასებებს აძლევდნენ. არადა, რეალურად, ისინი არ იმსახურებდნენ მსგავს მხარდაჭერას, რადგან კონკურსში ბევრად კვალიფიციური კანდიდატებიც იყვნენ ჩართული. რატომღაც კვალიფიციური კანდიდატები კონკურსის დასაწყისშივე დაიწუნეს, სამაგიეროდ, ის პირები, რომლებიც, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად არ შეესაბამებოდნენ მოთხოვნებს, დაწინაურდნენ.

- ვინ არის ამ შედეგზე პასუხისმგებელი და რამდენად არსებობს ალბათობა, სტრასბურგის სასამართლოსა და ადგილობრივი არასამთავრობოების რეკომენდაციები იუსტიციის მინისტრმა ამჯერად მაინც გაითვალისწინოს?

- თუ თეა წულუკიანი და საქართველოს ხელისუფლება არ აიღებს პასუხისმგებლობას და არ გააცნობიერებს იმ მძიმე ვითარებას, რაც დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა, არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიას ბოიკოტს გამოვუცხადებთ. უნდა გადაიხედოს კომისიის შემადგენლობა და აზრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ვაფიქსირებთ, გაითვალისწინონ. სოფო ჯაფარიძის კანდიდატურის შესახებ სამოქალაქო სექტორს კონკრეტული პრეტენზიები გვქონდა - ის აშკარად ასოცირებული იყო ხელისუფლებასთან. რაც შეეხება შოთა გეწაძეს, რომელიც ასევე არ აღმოჩნდა მისაღები სტრასბურგის სასამართლოსთვის, მხოლოდ იმის გამო მოხვდა სამეულში, რომ, როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებული გადაწყვეტილებები დაუფასა - თუ მესამედაც ჩავარდა კანდიდატურები, ეს ხელისუფლების სრული კრახი იქნება. სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდეს, იუსტიციის მინისტრმა უნდა შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების პროცედურები და წესიც. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კომისიაში ნომინალური აღარ უნდა იყოს, პროცედურები უნდა გახდეს გამჭვირვალე და ასევე, გასაჯაროვდეს ის შეფასებები, რომლებსაც კომისიის წევრები კონკრეტულ კანდიდატებს ანიჭებენ. იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის მოსამართლე გახლდათ ათი წლის განმავლობაში, თუმცა, ფაქტია, ვერ შეძლო ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება.

- წულუკიანი გამოეხმაურა თქვენს მიმართვას და აღნიშნა, რომ კომისიის დაკომპლექტების წესისა და პროცედურების შეცვლას არ აპირებს.

- ეს ნიშნავს, რომ ისედაც დაბალი სანდოობის კომისიასთან კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდება. თუ იუსტიციის მინისტრს ეყოფოდა გონიერება, ჩვენ ამ ჩიხიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს ვთავაზობდით, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთ ვითარებაში ყოფნა მინისტრისთვის სასიამოვნოცაა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობითა და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რა გარანტია გვაქვს, რომ მესამედ ობიექტურად ჩატარდება კონკურსი და კიდევ ერთ უარს არ მივიღებთ სტრასბურგიდან, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ახლა უკვე ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში საბოლოოდ კანდიდატების შერჩევა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, კომისია დაკომპლექტდეს არა ხელისუფლების შტოების, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლებით. ამასთან, კომისიის წევრებს ჰქონდეთ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ დაწერილი ქულები და ეს შეფასებები იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ - ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი იმ სამარცხვინო პროცესის მიმართ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წამოიწყო.

რუსუდან შელია