"დასავლეთს ჯერ კიდევ სათანადოდ არ ეშინია­ რუსეთის" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დასავლეთს ჯერ კიდევ სათანადოდ არ ეშინია­ რუსეთის" (ექსკლუზივი)

"დასავლეთმა მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ რუსეთის ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიერ ჩადენილი უმსგავსობების ფონზე. მეტიც, ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანეთ რეაგირება"

"მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები უკრაინასა და... სხვაგანაც!" - ასე გაკიცხა ვარშავაში ჩასულმა დონალდ ტრამპმა რუსეთი, მეორე დღეს კი ჰამბურგში პუტინს შეხვდა, სადაც ისევ ისაუბრეს უკრაინაზე, სირიაზე, ირანზე... სამხრეთ კავკასია და მისი პრობლემები კი არსად გახმიანებულა. ქრება თუ არა საქართველო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან? ჟურნალ "ეკონომისტის" რედაქტორ ედვარდ ლუკასს ვარშავაში ტელეფონით დავუკავშირდით.

- ბოლოდროინდელი მოვლენების შემხედვარე, ვიტყოდი, რომ ნამდვილად არსებობს საშიშროება, საქართველო დასავლეთის დღის წესრიგიდან ამოვარდეს. ჩემი აზრით, რუსეთის ქმედებები ისეთივე მიუღებელია დღეს, როგორიც ხუთი წლის წინ იყო და ჩვენ, დასავლეთმა, მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ რუსეთის ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიერ ჩადენილი უმსგავსობების ფონზე. მეტიც, ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანეთ რეაგირება. მეორე მხრივ, დასავლეთს უამრავი თავსატეხი აქვს და საქართველო კი არა, უკრაინაც კი - ქვეყანა, რომელიც საქართველოზე თითქმის ათჯერ დიდია - ძლივს რჩება დღის წესრიგში.

- ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება, სანქციებიც არ გადაიხედება. საქართველო ამ ფორმულაში საერთოდ არ ფიგურირებს...

- საქართველოს, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ექნება პოლიტიკური წონა. ნავთობსადენები, რომელიც ქვეყანაზე გაივლის, გარანტიაა იმისა, რომ დიდი დასავლური ენერგოკომპანიები დაინტერესებული იქნებიან საქართველოს უსაფრთხოებით. მაგრამ, მეორე მხრივ, გიწევთ ურთულეს სამეზობლოში ცხოვრება. თუმცა, ხდება კარგი რაღაცებიც: მაგალითად, უვიზო რეჟიმი... საინტერესო იქნება, რა კურსს აირჩევს ევროკავშირის ახალი ფრანკო-გერმანული ხელმძღვანელობა საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტია, მაკრონსა და მერკელს რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკა კარგს არაფერს უქადის. იმედი მაქვს, სამხრეთი კავკასია იქნება ერთ-ერთი ადგილი, სადაც მოხდება დემონსტრირება, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ შეუძლია იყოს აქტიური მოთამაშე რუსეთთან დაკავშირებით.

- თქვენს სტატიაში აღნიშნეთ, რომ რუსეთი დასავლეთის სანქციებს "სტოიკური შეუპოვრობით" უძლებს. რატომ ვერ ამჟღავნებს ასეთივე ნებისყოფას დასავლეთი?

- ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ სათანადოდ არ ეშინია რუსეთის. ჩემთან საუბარში ბრიტანელი სამხედროები აგდებით ჰყვებიან, რა საშინელ დღეშია რუსეთის ჯარი, რომ მათ ფული არ ჰყოფნით და რუსეთის სამხედრო ძალაზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. არ ვდაობ იმაზე, რომ რუსეთს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ საჭიროა, შევიგნოთ, რომ რუსეთს დასავლეთისთვის არა - ტრადიციული, არამედ ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული... რაში გვჭირდება რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, როდესაც ჩვენს არსენალში სხვა, უფრო ეფექტური იარაღიც არსებობს? მაგალითად, დასავლეთის ფინანსური სისტემა, რომელიც რუსებს ძალიან ეძვირფასებათ. განვუცხადოთ რუსეთს, რომ თუ თავს დაესხმებიან ბალტიისპირეთს, საქართველოს, არ შეწყვეტენ ომს უკრაინასთან, მათი დიდი კომპანიები დასავლეთში საკუთარ ანგარიშებსა და ქონებას უნდა დაემშვიდობონ, ეს კი რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ვგულისხმობ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ გიგანტ კომპანიებს, როგორიც არის "როსნეფტი", "გაზპრომი", ვი-თი-ბი ბანკი. ერთადერთი, რაც ამის განხორციელებას უდგას წინ, ისევ დასავლური კომპანიების ფინანსური ინტერესებია, მაგრამ ვფიქრობ, დროა, ამ ნაბიჯის გადადგმაზე ვიფიქროთ.

- დაბოლოს, უნდა ველოდოთ თუ არა დასავლეთისგან მსგავს რეაქციას, თუ ცხინვალმა მართლაც გამართა ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებაზე?

- მოდით, ამ პოლიტიკურ თეატრს რეფერენდუმს ნუ დავარქმევთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ცირკი, სადაც წარმოდგენას არა - ცხინვალი, არამედ კრემლი დგამს. თუ ეს მართლაც მოხდება, ეს იქნება მინიყირიმი. და მინდა, დავიჯერო, რომ ამაზე დასავლეთს სათანადო რეაქცია ექნება. თუმცა, მგონია, რომ კრემლი ამას არ გააკეთებს და ამ სცენარს მხოლოდ საქართველოს მთავრობის დასაშინებლად გამოიყენებს. მწარე სიმართლე ის არის, რომ ცხინვალი უკვე რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიაა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ვფიქრობ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად დიდხანს ლოდინი მოგიწევთ, ალბათ, 15-20 წელიწადი მაინც და ამას დასჭირდება რეჟიმის შეცვლა მოსკოვში...

ვაჟა თავბერიძე