"პირველი სამი თვე მძიმე აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"პირველი სამი თვე მძიმე აღმოჩნდა"

"თუ მთელი წლის განმავლობაში საქართველოდან გასული 60 ათასამდე ადამიანი უცხოეთში დარჩა, ეს შემაშფოთებელი იქნება ევროკავშირისთვისაც"

2017 წლის 28 მარტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში გადაადგილება ვიზის გარეშე გახდა შესაძლებელი, 55 ათასმა პირმა უვიზო მიმოსვლის უფლებით ისარგებლა, აქედან, ოფიციალური მონაცემებით, სამი ათასი საქართველოში აღარ დაბრუნდა. რა სურათი მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ოთხი თვის შემდეგ და დგას თუ არა დღის წესრიგში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე?

გვესაუბრება საერთაშორისო საკითხების ექსპერტი კახა გოგოლაშვილი:

- მოსალოდნელიც იყო, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა დიდი იქნებოდა - ასე მოხდა, მაგალითად, მოლდოვაშიც. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირველი სამი თვე მძიმე აღმოჩნდა.

ვისაც უვიზო მიმოსვლის გამოყენება ევროპაში არალეგალურად დასარჩენად სურდა, მათ საქართველოში დაბრუნება გაუჭირდებათ.

სამი თვის სტატისტიკა მთლიან სურათს არ ხატავს, მაგრამ მნიშვნელოვანი მინიშნებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ამ მიმართულებით გააქტიურდეს. თუ აღმოჩნდა, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოდან გასული 60 ათასამდე ადამიანი უცხოეთში დარჩა, ეს შემაშფოთებელი იქნება ევროკავშირისთვისაც.

- რა მექანიზმი აქვს ხელისუფლებას, რომ ნაკადი შეაჩეროს, თუ პირს დოკუმენტები წესრიგში აქვს? ან რა ბერკეტი არსებობს იმის გასარკვევად, დადგენილ დროს დაბრუნდება თუ არა პირი ქვეყანაში?

- ამის დადგენა შეუძლებელია, თუმცა, საქართველოს სამართლებრივი ბაზაც არ აქვს გამართული და ნაკლები ინფორმაცია აქვს მათი ბექგრაუნდის შესახებ. სწორედ ამ ბაზასთან დაკავშირებით არსებობდა ევროპაში კითხვები. ქართულმა მხარემ მოახერხა ევროკავშირის დარწმუნება, რომ კონტროლის მექანიზმები ჰქონდა. მთავარი მექანიზმი ევროკავშირთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაა. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება პერსპექტივა, რომ ჩვენი მოქალაქეები არალეგალურად კი არ გავლენ ქვეყნიდან, ლეგალურად მიიღებენ ევროპაში სამსახურს.

ასეთი პრაქტიკა არსებობს საბერძნეთთან დაკავშირებით. საქართველომაც დაიწყო ურთიერთობა საფრანგეთთან, თუმცა, რატომღაც ეს პროცესი შეჩერდა და შეთანხმების რატიფიცირება დღემდე არ მომხდარა. ევროკავშირთან მიგრაციის ცირკულარის ხელშეკრულება გულისხმობს, რომ მაგალითად, 500-მდე ადამიანს ევროკავშირმა შესთავაზოს ოფიციალური სამსახური და როდესაც კონტრაქტი ამოიწურება, ისინი დაბრუნდებიან საქართველოში. ასეთ დროს ორივე მხარეს აქვს პირთა მიგრაციის მონიტორინგის მექანიზმი. ასეთი შეთანხმება უნდა მოხდეს არა მხოლოდ საფრანგეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ დასაქმებას.

- აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ხელშეკრულების რატიფიცირება - საფრანგეთმა არ მოინდომა პროცესის დასრულება თუ ქართული მხარე არ აქტიურობს?

- ერთი მხრივ, საფრანგეთში პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობაა, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისგანაც არ იგრძნობა აქტიური ლობირება. არადა,

ასეთ ხელშეკრულებებზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის ლეგალური სამსახური ევროპაში. არავინ იფიქროს, რომ ევროკავშირს მიგრანტები არ სჭირდება - ევროპაში წლებია, სტატისტიკური დაბერება შეინიშნება, ამიტომ ეკონომიკური განვითარებისთვის სამუშაო ძალა სჭირდებათ.

- ოთხი თვის სტატისტიკა ზრდის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ალბათობას?

- შეჩერების მექანიზმში ნათლად და მკაფიოდ წერია, რომ არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. თუმცა, ამის ალბათობა ნაკლებია. ევროკავშირი მიგრანტთა რაოდენობას არა ოთხი თვის, არამედ ერთი წლის ან წელიწად-ნახევრის მონაცემებით შეაჯამებს.

საქართველოს მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის სახელმწიფოებთან ქვეყნიდან გასული პირების იდენტიფიკაციისთვის, ხელი შეუწყოს რეადმისიის პროცესს და თანხაც გამოყოს ბიუჯეტიდან.

აუცილებელია საზღვრის გამკაცრებაც - ქართველ მესაზღვრეებს აქვთ უფლება, საეჭვო პირი საზღვარზე არ გაატარონ, თუმცა ამისთვის საჭიროა გამართული სამართლებრივი ბაზა.

- ევროკავშირში არალეგალურად მყოფი პირების უფლებებს საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება იცავს, თუმცა, როგორც ვიცი, ასეთი შეთანხმება არ არსებობს ისრაელთან, სადაც მათი უფლებები ხშირად ირღვევა.

- ისრაელი სრულად დემოკრატიული სახელმწიფო არ გახლავთ. დიახ, არ არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ისრაელმა უნდა დაიცვას თუნდაც არალეგალურად მყოფი პირების უფლებები. საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა უნდა მოითხოვოს.

რუსუდან შელია