უპასპორტო სააკაშვილი პოლონეთში მაინც ჩავიდა - რის შესახებ ჩააყენა პოროშენკომ საქართველო საქმის კურსში?! - კვირის პალიტრა

უპასპორტო სააკაშვილი პოლონეთში მაინც ჩავიდა - რის შესახებ ჩააყენა პოროშენკომ საქართველო საქმის კურსში?!

"პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს"

4 აგვისტოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა. როგორ და რა საბუთებით შევიდა მოქალაქეობაჩამორთმეული სააკაშვილი ქვეყანის ტერიტორიაზე, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

"სასაზღვრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მონაცემები სასაზღვრო კონტროლის შესახებ მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეიძლება გადაეცეს", - განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის" პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა აგნეშკა გოლიასმა.

პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

სააკაშვილის პოლონეთში ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს მიმართა.

"მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - განაცხადეს პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, ოდესის ყოფილ გუბერნატორს დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს - მისი მეგობრისა და ყოფილი თანამებრძოლის, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

როგორც "კვირის პალიტრასთან" უკრაინელი ექსპერტი ვლადიმირ ბოიკო ამბობს, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ლოგიკური ფინალია იმისა, რომ დიდი ხანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოსთვის პოლიტიკურ თავსატეხად იქცა.

- 2014 წელს პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინაში იმ იმედით ჩამოიყვანა, რომ მის პიარს მოემსახურებოდა, განსაკუთრებით კი დაეხმარებოდა იმ კლანებთან ბრძოლაში, რომლებმაც ქვეყანაში ფესვები ღრმად გაიდგეს. საამისოდ სააკაშვილი იდეალური ვარიანტი იყო - გამოცდილი ორატორია, ხისტია და რაც მთავარია, იმ პერიოდში პოროშენკოზე იყო დამოკიდებული, რადგან საქართველოდან გაქცეულმა სწორედ მისგან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. თავდაპირველად, სააკაშვილი პოროშენკოს იმედს ამართლებდა, ერთ წელიწადში კი დაავიწყდა ვალდებულებები პოროშენკოს წინაშე, მათ შორის ისიც, რომ სწორედ მისი დამსახურებით მიიღო სამშობლოსგან გარიყულმა თავშესაფარი. გამოაცხადა, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად პოროშენკოს წინააღმდეგ იბრძოლებდა. მეტიც, მან საამისოდ შეურაცხმყოფელი პოლიტიკური პროპაგანდა აირჩია.

პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს - სიმღერას ერქვა "შოკოლადის უკანალი". სიმღერის ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემა დაიხურა, სააკაშვილს კი მოქალაქეობა ჩამოართვეს.

- საქართველოში განიხილავენ ვერსიას, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას შეთანხმდა.

- ჯერ კიდევ შარშან გახდა ნათელი, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი უკრაინის მაღალ ეშელონებში დღის წესრიგში დადგებოდა. მსგავს განცდას ისიც აძლიერებდა, რომ სწორედ ამ პერიოდში პოროშენკომ მოქალაქეობა სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლს, საშა ბოროვიკს ჩამოართვა. მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი 2015 წლის მაისში შევსებული დოკუმენტი გახდა, სადაც სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას მიუთითა, რომ მის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში სამართლებრივი კითხვის ნიშნები არ არსებობდა.

მაშინ ყველამ იცოდა, რომ ეს მტკნარი სიცრუე გახლდათ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პროკურატურამ ორჯერ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების თხოვნით და ორივეჯერ უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება - პოროშენკომ გაყალბებული ანკეტისთვის ჩამოართვა სააკაშვილს მოქალაქეობა. რაც შეეხება პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ამ გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში მსგავსი შეხვედრა უბრალოდ ვერ შედგებოდა - უკრაინამ სააკაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემაზე უარის თქმით უხეშად დაარღვია საქართველოსა და უკრაინას შორის ხელშეკრულება, რომელიც 1995 წლის 9 იანვარს გაფორმდა - უკრაინა ვალდებული იყო, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ეთანამშრომლა პრეზიდენტყოფილის დანაშაულებზე არსებული კითხვების გამო. ნაცვლად ამისა, უკრაინა საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო - ფაქტია, სააკაშვილის გავლენით. პოროშენკოს ვიზიტის მიზანი ამ დაძაბული ურთიერთობის გამოსწორების მცდელობა გახლდათ.

ეჭვიც არ არსებობს, რომ მან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ქართული მხარე საქმის კურსში ჩააყენა. (იხილეთ სრულად)

წაიკითხეთ ასევე: "აშშ-დან პოლონეთში უკრაინული პასპორტით ჩამოვედი... ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას"