"ვერ ასაბუთებენ ფურშეტებზე და რესტორნებზე გაწეული ხარჯის მომსახურებას..." - კვირის პალიტრა

"ვერ ასაბუთებენ ფურშეტებზე და რესტორნებზე გაწეული ხარჯის მომსახურებას..."

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო თანხების განკარგვის თაობაზე მწვავე შენიშვნებს პერიოდულად აქვეყნებს და კონკრეტულ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციითაც მიმართავს. ხშირად შესწავლილი მასალები რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებსაც ეგზავნება. ხდება თუ არა რეაგირება აუდიტორების მიერ გამოვლენილ ფაქტებზე და რამდენი საქმე გამოიძია, მაგალითად, მთავარმა პროკურატურამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ლომჯარიას ვესაუბრეთ:

- 2016 წელს სამსახურმა 71 აუდიტორული შემოწმება ჩაატარა და ბიუჯეტიდან 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი შეისწავლა. დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა. კერძოდ, შესყიდვების მართვაში ხარვეზების მოცულობა 32 მილიონ 8 ათასი ლარია, საბიუჯეტო რესურსების მართვაში - 33 მილიონ 4 ათასი ლარი, აქტივების მართვაში - 5 მილიონი ლარი. ხარვეზების გამოსასწორებლად ჯამში 189 რეკომენდაცია გავეცით.

- რომელ უწყებებთან გაქვთ შეკითხვები?

- ბევრი შეკითხვა არსებობს სახელმწიფო შესყიდვებზე. 2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიარდი ლარი შეადგინა. ჩვენი ანალიზით გამოვლინდა სისტემური ხარვეზები შესყიდვების ყველა სტადიაზე, განსაკუთრებით კი დაგეგმვის ეტაპზე. კერძოდ, 2016 წელს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 37% გამარტივებული შესყიდვები დაფიქსირდა. ამასთან, ხშირად იკვეთება, რომ შესყიდვის პროცესში პირობების მორგება ერთ კონკრეტულ მომწოდებელზე ხდება. ასევე, გამოვლინდა, რომ ელექტრონული ტენდერები ცხადდება ისეთ საქონელზე, რომლის შესყიდვის საჭიროება უწყებას არ ჰქონდა.

- საინტერესოა სტატისტიკა - რამდენი კვლევაა აუდიტის სამსახურიდან გადაგზავნილი პროკურატურაში გამოძიებისთვის და რა რეაგირება მოჰყვა მას? თუ მოახდინეს რეაგირება თქვენს კვლევებზე იმ საჯარო უწყებებმაც, რომელთა საქმიანობაზე შენიშვნები გქონდათ?

- 2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებთან გადაიგზავნა 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები. პროკურატურიდან მოსული პასუხის მიხედვით, 25-ზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთ ანგარიშზე გამოძიება არ დაწყებულა, მეორეზე დაიწყო პირის სისხლისსამართლებრივი დევნა.

აუდიტორული შემოწმებისას ყოფითი პრობლემებიც გამოვლინდა, რომლებზეც უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ. მაგალითად, 2013 წელს 50 სამხედრო ქვედანაყოფში სასმელ წყალზე ჩატარებული ექსპერტიზით, 26 ობიექტზე წყალი მოხმარებისათვის უვარგისი აღმოჩნდა, თუმცა, რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექციის მომსახურების შესყიდვა ამ დრომდე არ მომხდარა. შედეგად, სამხედრო ქვედანაყოფების მნიშვნელოვან ნაწილში სასმელი წყალი დღესაც არ აკმაყოფილებს ნორმებს.

- რეგიონებში ჩატარებული აუდიტორული კვლევით, რა სურათი იკვეთება?

- 2014-2016 წლებში ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ სათანადო ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჯამში 14 მილიონ ლარამდე თანხის ბიუჯეტში მობილიზება და ეფექტიანად განკარგვა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის. ასევე, საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომელთა შედეგითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ და ბევრი რამ გამოსულია მწყობრიდან და ა.შ. ამასთან, მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ მიღებებზე, ფურშეტებზე, წვეულებებსა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების საჭიროებას. არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა, ან რატომ არის თანხები დახარჯული თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისთვის. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია სახელმწიფო აუდიტის შენიშვნებისა.

ამ დროისთვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%. მათ შორის რეფორმებსა და სისტემის გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ია... სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტის ჩართულობის გაზრდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში.

რუსუდან შელია