წყალში გადაყრილი ფულის ქრონიკა
07-08-2017
წყალში გადაყრილი ფულის ქრონიკა
გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან:

შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 6000 ცალი უსადენო მოძრაობის დეტექტორის შესყიდვის მიზნით 2015 წლის 26 მარტს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 360 ათასი ლარი განსაზღვრა. ტენდერში მონაწილეობა სამმა მსურველმა მიიღო, თუმცა, ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე ორი პრეტენდენტი დისკვალიფიცირდა იმ მოტივით, რომ ვერ წარმოადგინეს უსადენო მოძრაობის დეტექტორის სერტიფიკატი. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ყველაზე მაღალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი,
რომელსაც გაუფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 356.400 ლარი. თუმცა, აუდიტორული შემოწმებით გამოვლინდა, რომ ტენდერში სამივე პრეტენდენტმა იდენტური წარმოშობის ქვეყნის საქონელი, ანუ იდენტური მწარმოებლისა და მარკის პროდუქტი წარმოადგინა. ტენდერში დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს რომ გაემარჯვა, დეპარტამენტი 91 ათას 600 ლარს დაზოგავდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმება ჩაატარა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროშიც, სადაც რამდენიმე ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, 2015 წლის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით, სამინისტროს აპარატის მომუშავეთა რიცხვი 114 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, სახელფასო ფონდით 2 მილიონ 200 ლარი. მთელი წლის განმავლობაში 30 ვაკანტური თანამდებობა იყო გამოცხადებული, თუმცა, კადრების შესარჩევად კონკურსი არ გამოცხადებულა. ვაკანტური თანამდებობებისთვის განსაზღვრული სარგო კი, დაახლოებით 360 ათას 100 ლარი, აპარატის მოქმედი თანამშრომლების მატერიალური წახალისებისთვის დაიხარჯა. გარდა ამისა, თანამშრომელთა წასახალისებლად სამინისტრომ დამატებით 183 ათასი ლარი გამოყო, ჯამში კი ხარჯმა 2,4 მილიონი ლარი შეადგინა და ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბა.

ენერგეტიკის სამინისტროში 2015 წელს გაცემული პრემია, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 420 ათასი ლარით არის შემცირებული, თუმცა, დანამატების მოცულობა 434 ათას 400 ლარითაა გაზრდილი. შედეგად, 2015 წლის პრემიისა და დანამატის ჯამური თანხა 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.8 ათასი ლარით აღემატება. ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოში 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, პრემია შემცირებულია 116.3 ათასი ლარით, ხოლო დანამატი გაზრდილია 104.7 ათასი ლარით. სამინისტროს აპარატში დანამატი განისაზღვრა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 75 საჯარო მოხელეს ყოველთვიურად, 2015 წლის ბოლომდე, დაუწესდა დანამატი, ჯამში 72.6 ათასი ლარის ოდენობით.

სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო­ სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და შრომის ანაზღა­ურებაზე გაწეული ხარჯებიც. გამოვლინდა, რომ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია DOPPELMAYR-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით. კომპანია DOPPELMAYR-ისთვის წინასწარი ანგარიშსწორებით, საბანკო გარანტიისა და მატერიალური ფასეულობის მიღების გარეშე, გადარიცხულია 4 მილიონ 100 000 ევრო, მაშინ, როდესაც მისაწოდებელი ტექნიკის თბილისში დასაწყობების შემდეგ ხელშეკრულებით 2.8 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ. საბაგირო გზის მშენებლობისთვის 2012-2013 წლებში ბიუჯეტიდან გაწეულია სულ 12.6 მილიონი ლარის საკასო ხარჯი, არსებული მდგომარეობით კი შესრულებულია მხოლოდ 604.6 ათასი ლარის სამუშაოები. რატომღაც მერია კომპანიისგან სამუშაოების შესრულებას არ ითხოვს. აუდიტის პროცესში კეთილმოწყობის სამსახურისა და შპს "უძრავი ქონება თბილისის" თანამშრომლებთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელებში შესრულებული სამუშაოების დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული ლიფტები და საპირფარეშოები არ ფუნქციონირებს, სამეთვალყურეო სისტემიდან მცირე ნაწილია გამართული. არადა, ამისთვის 831 ათას 600 ლარია დახარჯული.

რაც შეეხება რეგიონებს, სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და 12 შენობა-ნაგებობას, რომელთა საერთო ფართობი 600 კვმ-ზე მეტია, იყენებდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომელთაც მუნიციპალიტეტთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები. აღნიშნული ქონების იჯარით გაცემის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი საიჯარო ქირის სახით ყოველწლიურად მიიღებდა 32 ათას ლარზე მეტ შემოსავალს. 2014-2015 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტმა"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეისყიდა 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის სამუშაოები, რაზეც 212 ათასი ლარი დაიხარჯა. 2016 წლის ივნისშიც კი პროექტი დასრულებული არ იყო. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 92 თასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც დაუსრულებელია. ფიქსირდება ასეთი დარღვევებიც: 2014-2015 წლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული 118 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, შესაბამისი ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა. 2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარემონტო სამუშაოებისთვის, ორი ხელშეკრულების ფარგლებში, დაიხარჯა 123.600 ლარი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2015 წელს შესრულებული გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 725 ათასი ლარის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და გზის საფარი დაზიანებულია. იმის მიუხედავად, რომ ყველა ობიექტს ჰქონდა საგარანტიო ვადა, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის ამ პრობლემის გამოსასწორებლად. 2015-2016 წლებში ისნის რაიონის გამგეობამ რეაბილიტაცია ჩაუტარა და მოაწყო 52 სპორტული მოედანი და სკვერი, ღირებულებით 2 მილიონი ლარი. დათვალიერების შედეგად 2015 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ 7 ობიექტზე გამოვლინდა ხარვეზები, თუმცა, მიმწოდებლისთვის არ მოუთხოვიათ საგარანტიო ვადაში (2 წელი) მომხდარი დაზიანებების გამოსწორება. ასევე, გამოიკვეთა ისეთი გარემოებები, როდესაც მიმწოდებლებმა ვერ მოახერხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის დაკმაყოფილება, მათ შორის სამუშაოების შესაბამის ვადებში დასრულება. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტებმა არ მოითხოვეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარანტიის თანხების ანაზღაურება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით