"კარგად ვიცნობ მიშას და არა მგონია­, საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად დაბრუნდეს" - კვირის პალიტრა

"კარგად ვიცნობ მიშას და არა მგონია­, საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად დაბრუნდეს"

"სააკაშვილს არასოდეს გაუსწორებია თვალი იმ ფაქტისთვის, რომ ბევრი ცუდი რამ მოხდა მისი პრეზიდენტობისას"

უპასპორტოდ დარჩენილი საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობისთვის იბრძოლებს და რომ "ახლა იწყება თავდავიწყება". მაინც რა თავდავიწყებაა მოსალოდნელი, ამაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დამფუძნებელსა და როგორც თავად ამბობს, ქართველებისთვის ჯერ კიდევ "მიშას ძმაკაც" მარკ მალენს ვესაუბრეთ:

- მიშას ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო იმ გუნდის შექმნა, რომელმაც საქართველო კორუფციისგან გაათავისუფლა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მან შეწყვიტა სხვა ადამიანების მოსმენა და დამარცხდა. რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ კარიერას, სწორედ მიშას გამო ვერ გახდა "ნაცმოძრაობა" ისეთი გავლენიანი ოპოზიცია, როგორიც შეეძლო, ყოფილიყო.

- რატომ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მიიჩნეოდა დემოკრატიის დესპანად, დღეს მოქალაქეობის გარეშეა?

- დემოკრატია არ იყო მისი მთავარი კოზირი. ის და მისი რეფორმები მოსწონდა ქართველ ხალხს, მაგრამ შემდეგ მან სცადა, საკუთარი მოძღვრება სხვა ქვეყანაში წაეღო. უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მაგრამ ფაქტია, უკრაინაში მზად არ აღმოჩნდნენ მისი აგრესიული მმართველობის სტილისთვის. თუმცა, რამდენიმე კარგი იდეა ჰქონდა, განსაკუთრებით, ოდესაში, სადაც მისი მცდელობა, აღეკვეთა კორუფცია, საბოტაჟის მსხვერპლი გახდა. იმავდროულად, მან მოახერხა ყველას გადამტერება, ვისთანაც კი მუშაობა უწევდა.

- როგორ ფიქრობთ, შეიფარებს თუ არა დასავლეთი სააკაშვილს და მოუწევს თუ არა უკრაინას თავის მართლება?

- დასავლეთში კარგად იციან მიშას ძლიერი და სუსტი მხარეები. ასე რომ, არა მგონია, ამის გამო უკრაინა პრობლემებს წააწყდეს. ვფიქრობ, ამერიკა მას დარჩენის ნებას მისცემს. არ ვიცი, შესთავაზებს თუ არა მოქალაქეობას რომელიმე სხვა ქვეყანა. ევროპაში საკმარისადაა ხალხი, ვინც მას პატივს სცემს, მაგრამ საქმე ის არის, რა როლი აქვს სააკაშვილს ევროპულ პოლიტიკაში? არც უკრაინის და არც საქართველოს მთავრობას მიშა არ სჭირდება, ასე რომ, ვის და რაზე უნდა ელაპარაკოს სააკაშვილი? ის არცთუ კარგი ანალიტიკოსია, უფრო მოქმედების კაცი გახლავთ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ, სადაც მას შეუძლია რაღაც გააკეთოს, მისი ნახვა აღარ სურთ.

- თქვენი აზრით, დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ოდესმე საქართველოში და რა სტატუსით - პატიმრის თუ პოლიტიკოსის რანგში?

- "ოცნების" მაღალ ეშელონებში სააკაშვილი სძულთ და სურთ, ციხეში ჩასვან. მეორე მხრივ, სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომელთა გამოც ხალხს ციხეში სვამენ. კარგად ვიცნობ მას და არა მგონია, იმისთვის დაბრუნდეს, რომ ციხეში ჩაჯდეს. ასევე არა მგონია, პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს საქართველოში. თეორიულად, თუ "ოცნება" ძალიან არაპოპულარული გახდება, ასე 5 ან 10 წელიწადში, შეიძლება ხალხის ნაწილმა იფიქროს, რომ მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია მათი დამარცხება, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ეს მოხდეს. მით უმეტეს, რომ მიშა ნამდვილად არ გამოირჩევა მოთმინების დიდი უნარით. არა მგონია, ის ათწლიან ვადაში გეგმავდეს საკუთარ მომავალს.

- ანუ, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა?

- სააკაშვილს არასოდეს გაუსწორებია თვალი იმ ფაქტისთვის, რომ ბევრი ცუდი რამ მოხდა მისი პრეზიდენტობისას. სანამ ამას არ გააკეთებს, არა მგონია, ქართველები დაინტერესდნენ... პოლიტიკოსს არენა, აუდიტორია სჭირდება, მე კი სააკაშვილისთვის ამას ვეღარ ვხედავ.

ვაჟა თავბერიძე