"კახა კალაძის განცხადება ბლეფია!"
07-08-2017
"კახა კალაძის განცხადება ბლეფია!"
"თბილისში 512 "ხრუშჩოვკა" დგას, რო­მლ­ებშიც დაახლოებით 12 ათასი კაცი ცხოვრობს. თითოეული შენობის დემონტაჟს­ დაახლოებით 300 ათასი ან ცოტა მეტი დოლარი დასჭირდება..."

"ასეთი პოპულისტური განცხადებები სხვა პოლიტიკოსებისგანაც გვსმენია. მაგალითად, ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა, "ხრუშჩოვკები" უნდა დაინგრეს, არაბი ინვესტორებიც გამოჩნდნენო, მაგრამ ეს ზღაპარი აღმოჩნდა"


"თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში,­ რომლებსაც უკვე დიდი ხანია ექსპლუატა­ციის ვადა გაუვიდა, არის ამორტიზირებული და მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური."
ჩვენ გვაქვს მომზა­დებული ძალიან საინტერესო პროექტი "ხრუშჩოვკების" ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას."ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ "ხრუ­შჩოვკის" ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით­ ან შესაბ
ამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით", - განაცხადა თბილისის­ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

საზოგადოება ამ მიმართვას არაერთგვა­როვნად გამოეხმაურა: "ეგ ჩანაცვლების კი არა, დაბოლების პროექტს უფრო ჰგავს"; "წინასაარჩევნო ზღაპრების სერია იწყება"; "შიხიაშვილმა არ გიჩივლოთ იდეების­ მოპარვისთვის"; "ეს თუ კიდევ ჭამეს თბილისელებმა, მაშინ მეტის ღირსები ყოფილხართ"; "კახი, მაგარი კაცი ხარ, ძმაო, მიაწექი ბოლომდე, თბილისი გვერდზე დაგიდგება", "ოღონდ ხეებს ხელი არ ახლოთ და თუ გინდათ, ბანიანი სახლები აშენდეს"; "კარგი იქნება, თუ ნათქვამი ნათქვამად არ დარჩება"; "ოცნებას კაცი არ მოუკლავს" - ვკითხულობთ კომენტარებში.
მართლაც რეალობად იქცევა "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება თუ წინასაარჩევნო მორიგი პოპულისტური განაცხადია? - ამ საკითხზე მსჯელობა არ წყდება.

აკაკი ცომაია, ეკონომისტი: -
ეს არის პოპულისტური განცხადება. არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოში, თუნდაც 2 ვადით და მეტი ხნითაც რომ იქნეს კალაძე მერად არჩეული, ასეთი რამ განუხორციელებელი, არარეალური და შეუძლებელია.
დავიანგარიშოთ: 1კვმ-ის აშენებას საშუალოდ 400 დოლარი სჭირდება. ახლა დათვალეთ "ხრუშჩოვკების" რაოდენობა შესაბამისი კვადრატულობის მიხედვით, გაამრავლეთ და მიხვდებით, რა მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო, იმდენად დიდი, რომ ეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სიდიდიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამის რესურსი არ იარსებებს ქვეყანაში, არც იმის მოლოდინი­ უნდა გვქონდეს, რომ შემოვა შესაბამისი ოდენობის უცხოური ინვესტიცია.

დღეს საქართველოს ეკონომიკა არ არის მიმზიდველი ამ მასშტაბის ინვესტიციებისთვის. ლამაზი თვალების გამო ასეთ ინვესტიციას არავინ­ განახორციელებს, რადგან მისი ამოღება შეუძლებელია, საქართველოს ეკონომიკა არ ვითარდება ისეთი ტემპით, რომ ასეთ დიდ რისკზე წავიდეს ინვესტორი. რატომ უნდა გარისკოს, როცა ლაპარაკია მილიარდობით, შეიძლება ტრილიონობით ამერიკულ დოლარზე?! ასე რომ, ეს აბსოლუტურად არარეალური განცხადებაა.
საქართველოს მშპ 11 მილიარდ დოლარამდეა. წარმოიდგინეთ, გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, ფაქტობრივად, სულ მცირე, მშპ უნდა გაორმაგდეს. ასეთი რამ მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, მით უფრო არ მოხდება ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ასეთი პოპულისტური განცხადებები სხვა პოლიტიკოსებისგანაც გვსმენია. მაგალითად, ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა "ხრუშჩოვკები" უნდა დაინგრეს, არაბი ინვესტორებიც გამოჩნდნენო, მაგრამ ეს ზღაპარი აღმოჩნდა.

- იქნებ იმ უბნებში მაინც დაიწყოს მშენებლობა, რომლებიც პრესტიჟულ, ცენტრალურ ადგილასაა?

- მაშინ წინა პირობა უკვე უნდა არსებობდეს და სოლიდური ინვესტიციების­ პატრონი კომპანიები შემოსული უნდა იყვნენ საქართველოში. როგორც წესი, ასეთ საქმეს წინ უძღვის კვლევითი სამუშაოები, რასაც არაერთი წელი სჭირდება. ასე რომ, კალაძის განცხადება ბლეფია!

ანა გოგბერაშვილი, სამშენებლო ხარჯთ­აღრიცხვის სპეციალისტი:
- "ხრუშჩოვკების" ტიპის საცხოვრებელი სახლების საექსპლუატაციო ვადა დიდი ხანია ამოწურულია. თემა პოპულისტურია - ვერ ვიტყვი, რომ "ხრუშჩოვკების" საკითხი დღეს პრობლემა არ არის და ვერც იმას, რომ ხვალ გადაწყდება. მის მოგვარებას სჭირდება კარგად დაგეგმვა, ფინანსების მოძიება და კარგი მენეჯმენტი.

თბილისში 512 "ხრუშჩოვკა" დგას, რო­მლ­ებშიც დაახლოებით 12 ათასი კაცი ცხოვრობს. თითოეული შენობის დემონტაჟს­ (საშუალოდ ავიღოთ 5 სართული, 2-სადარბ­აზოიანი და თითო სართულზე­ 3 ოჯახი) დაახლოებით 300 ათასი ან ცოტა მეტი დოლარი დასჭირდება. ფასში სხვაობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს შენობა, ესაზღვრება თუ არა სხვა ნაგებობას, ტექნიკისთვის მიუწვდომელი ხომ არ არის, ხელით სამუშაოს ხომ არ საჭიროებს და ა.შ.
საერთოდ, შენობის დემონტაჟი უფრო ძვირია, ვიდრე აშენება. დემონტაჟზე საუბრისას კი ერთი-ერთი მთავარი საკითხი შრომის უსაფრთხოებაა, რაც ჩვენთან არ დგას სათანადო დონეზე - ერთი კაციც არ უნდა დაიღუპოს. მშენებლობაზე მომუშავეთა უსაფრთხოება რომ უზრუნველყო, ამისთვის დიდი თანხებია საჭირო - მათი გადამზადება, სანათადო აღჭურვილობა და სხვ.
ახლა აშენების ხარჯი ვიანგარიშოთ: 1კვმ თეთრ კარკასამდე მიყვანილი, სულ მცირე, 350-დან 450 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია, რა უბანშია კორპუსი.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბურთალოზე მცხოვრები მშენებლობის პროცესში არ გაუშვან გლდანში ან მუხიანში, ყველა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ უნდა დარჩეს.

ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორ-ურბანისტი: -
თავის დროზე სხვა პოლიტიკოსებმაც განაცხადეს "ხრუშჩოვკების" ტოტალური რეკონსტრუქციის შესახებ, რაც ბლეფი გამოდგა. საიმისოდ, რომ აღებულ იქნეს ესა თუ ის სახლი, საჭიროა მოსახლეთა 100%-იანი თანხმობა, რაც არ არის ადვილი საქმე. ჩვენი საზოგადოება, ცოტა არ იყოს, დამფრთხალია ამ სამშენებლო საჰაერო პირამიდებით, დიდი აფერებით. ამიტომაც ნდობა ნაკლებია.
თუ ეს საჩუქარია თბილისელებისთვის,­ სხვა საკითხია, მაგრამ ვის ხარჯზე? თუ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება ქალაქის ბიუჯეტით იგეგმება, "ხრუშჩოვკებზე" უარესი მდგომარეობა გვაქვს ძველ თბილისში. ასე რომ, თუ პრიორიტეტებს დავალაგებთ სასწორზე, ცხადია, ძველმა თბილისმა უნდა გადაწონოს.

რევაზ მახვილაძე, მშენებელი: -
როდესაც "ხრუშჩოვკები" აიგო, თბილისი მაშინ სამრეწველო ქალაქად ვითარდებოდა, მოსახლეობა რაიონებიდან ჩამოდიოდა სამუშაოდ, მათ ბინებით ვერ აკმაყოფილებდნენ და "ხრუშჩოვკები" ამ პერიოდში პროგრესული აღმოჩნდა. ახლა, იმის მაგივრად, ახალი ტერიტორიები ავითვისოთ თბილისში, ცხადია, აჯობებს, უსახური შენობებისაგან გამოვათავისუფლოთ და ავაგოთ უკეთესები. მოსკოვში "ხრუშჩოვკები" გეგმურად ინგრევა და მოსახლეობას ახალ ბინებს აძლევენ. ჩვენი ბიუჯეტი კი ამდენს ვერ აიტანს. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, რასაც ათეული წლები სჭირდება. ვერც ერთი ინვესტორი ვერ აიღებს თავის თავზე, დაანგრიოს 40-ბინიანი "ხრუშჩოვკა", ააშენოს 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 40-ით ძველ მობინადრეებს უზრუნველყოფს, 60-ს კი გაყიდის. გაიყიდება თუ არა, ეს სხვა საკითხია.

ქალაქში "ხრუშჩოვკები" მიშენებებით გაფართოვდა, ზოგიერთს ზემოდან დაადგეს ვითომ მსუბუქი ე.წ. სამტრედეები. ეს იმას ნიშნავს, რომ მსურველთა რიცხვი ახალი ბინების მიღებაზე კი არ მცირდება, იზრდება.
ქვეყანაში სამშენებლო პოლიტიკა მოიკოჭლებს. ხომ ხედავთ, როგორი მდგომარეობაა სპორტის სასახლის გარშემო. ახალაგებულ სახლებს შორის კიდევ რამდენიმე ჩადგეს.

ნანა მეფარიშვილი, ენერგოაუდიტორი:­
- აშენებულის დანგრევა თანამედროვე­ მსოფლიოში მიღებული არ არის, იმიტომ,­ რომ წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ამიტომ ცდილობენ, ძველ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარონ. ეს საინტერესო კონცეფციაა, გერმანიაშიც აქტიურად იყენებენ ამ პრაქტიკას. სხვათა შორის, გაერომ განაცხადა, არ გინდათ ველოსიპედის გამოგონება, გაიზიარეთ გერმანიის გამოცდილება და თქვენს ქვეყნებში დანერგეთო. გერმანიამ საოცრებები გააკეთა. ყოფილ საბჭოთა გერმანიის ტერიტორიაზეც ბევრ "ხრუშჩოვკას" შეხვდებით. გერმანელებმა მათ ახალი სიცოცხლე შესძინეს და პრესტიჟულ საცხოვრებლად გადააქციეს. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ მივბაძოთ ევროპას და გავიზიაროთ უკვე აპრობირებული გამოცდილება.

ეკა სალაღაია
დავით
07 აგვისტო 2017 10:07
თუ ეს საჩუქარია თბილისელებისთვის,­ სხვა საკითხია, მაგრამ ვის ხარჯზე? თუ "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება ქალაქის ბიუჯეტით იგეგმება, "ხრუშჩოვკებზე" უარესი მდგომარეობა გვაქვს ძველ თბილისში. ასე რომ, თუ პრიორიტეტებს დავალაგებთ სასწორზე, ცხადია, ძველმა თბილისმა უნდა გადაწონოს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები