"რუსეთის ხელმძღვანელობამ არ დაუშვა სამხრეთ ოსეთის განადგურება" - პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში - კვირის პალიტრა

"რუსეთის ხელმძღვანელობამ არ დაუშვა სამხრეთ ოსეთის განადგურება" - პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში

8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, "რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე".

ვლადიმირ პუტინი 2008 წელს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 9 წლის წინ რუსეთმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და სამხრეთ ოსეთის განადგურება არ დაუშვა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთში მყოფი ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ის საიმედოდაა დაცული.

"რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა განვითარების გზას ადგას, ინფრასტრუქტურის მშენებლობის სხვა სფეროებში. ასევე, მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკიხების გადაწყვეტა. დღევანდელი დღე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური ოპერაცია საქართველოში, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არ დაუშვა სამხრეთ ოსეთის განადგურება.

მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"გვაქვს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების პოვნა ახალი სამუშაო ადგილების და საგადასახადო ბაზის შესაქმნელად. მანვე აღნიშნა, რომ 2017-19 წლებში რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას და საინვესტიციო პროგრამა 6 მილიარდ რუბლს შეადგენს.

მისი თქმით, თავის მხრივ, ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის განსამტკიცებლად. პუტინის განცხადებით, დღვანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გახდომას გულისხმობს ეფექტური და თვითკმარი ეკონომიკით. მისივე თქმით, იანვარ-მარტში ურთიერთსავაჭრო ბრუნვა 6,5 %-ით გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით