"აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება"

"საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს"

"ამერიკის ხმა" ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ანალიტიკოსს, ევრაზიისა და რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილეს ჯეფრი მანკოფს ესაუბრა, რომელმაც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომიდან მეცხრე წლისთავზე არსებული მდგომარეობა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი ვიზიტი მიმოიხილა აფხაზეთში, რომლის შმეოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ:

- აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ცოტა ხნის წინ საქართველოში, ესტონეთსა და მონტენეგროში იმოგზაურა. თქვენი აზრით, რა იყო მისი უმთავრესი გზავნილი საქართველოში?

- ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივან მატისთან ერთად, უმთავრესი პირი ხდება, ვინც ევროპის აღმოსავლეთში მოკავშირეების დამშვიდებას ცდილობს. ხსენებული ვიზიტისას მისი მთავარი ამოცანა იყო, დაერწმუნებინა საქართველო, ესტონეთი და მონტენეგრო, რომ აშშ მათ მხარს უჭერს და მზადაა, ამ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევაში დაეხმაროს. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა წონა აქვს მაიკ პენსის ან სხვათა ხმას მაშინ, როცა აშშ-ს აღმოსავლეთი ევროპის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს არც მე და ალბათ არც სხვებს. მიუხედვად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმედისმოცემია, ვიდრე პრეზიდენტიც იმავეს არ იტყვის, ბუნებრივია, იარსებებს გარკვეული მღელვარება რეგიონის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის საკითხზე თავად ამ ქვეყნებში.

- როგორ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები სამხრეთ კავკასიაზე?

- მიმაჩნია, რომ სანქციების ამოქმედებაზე რუსეთი ამერიკას ორმხრივ ფორმატში უპასუხებს, განსაკუთრებით კი იქიდან გამომდინარე, რომ კრემლში ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მოლოდინი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების, ყველაფერი სხვა კი, რაც ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ესკალაციას წააგავს, ამ ურთიერთობების დალაგებას გაართულებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვი სადმე, მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში, მოქმედებისაგან თავს შეიკავებს, თუმცა ამგვარი ქმედება მაინც და მაინც ვაშინგტონის გადაწყვეტილებებით განპირობებული არ იქნება.

- რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა? ზოგადად, როგორ აფასებთ რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?

- ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ბოლო წლების რუსული ქმედებების გაგრძელებაა. კრემლს აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნება აინტერესებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეს პროცესი უფრო შორს არის წასული, აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ყირიმის მსგავსი პირდაპირი ანექსია - ის, რამაც მოსკოვს სანქციები მოუტანა, კრემლს გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთზე პირდაპირი გავლენის და დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნება სურს.

- რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრების რეგულარული დემარკაცია არის თუ არა, თქვენი აზრით, მცოცავი ოკუპაცია?

- ნამდვილად. საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს და მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს კვო საბოლოო არ არის და რომ გრძელვადიან შედეგს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები განსაზღვრავს.

- 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომიდან ცხრა წელი სრულდება. თქვენი აზრით, რა უნდა ექნათ შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მაშინ, რათა რუსეთი უკრაინაში აღარ შეჭრილიყო? ან როგორ უნდა დაეხმაროს ის საქართველოს რუსული აგრესიის დასრულებაში?

- 2008 წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქმედებები მკაცრად დაგმო, მაგრამ აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ვფიქრობ, აშშ-ს დიდი არჩევანი არც ჰქონდა. რუსეთმა ომი ძალიან სწრაფად, ხუთ დღეში დაამთავრა. ბევრი კრიტიკა ისმოდა ბუშისა და ობამას ადმინისტრაციათა მიმართ, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას შეეცადნენ ისე, რომ საქართველოში განვითარებული მდგომარეობა არ გაითვალისწინეს. მაგრამ მე მათ არ ვამტყუნებ, რადგან ბევრი არჩევანი არც ჰქონდათ. რუსეთმა კი, ნახა რა, რომ საქართველოსთან ომისთვის სანქციები არ დაუწესდა, უკრაინაში უფრო მასშტაბური ოპერაცია წამოიწყო. საბოლოოდ, სწორედ უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა აშშ-რუსეთისა და ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები ისე, როგორც ეს საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ვერ მოხდა.

- რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, რა არგუმენტები გაქვთ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების სასარგებლოდ, ან მის წინააღმდეგ?

- არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა მესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოსთვის იარაღის მიწოდება ზოგადი პოლიტიკისა და გათვლების ნაწილი უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის კონგრესმა განაახლა მსჯელობა უკრაინისთვის მომაკვდინებელი თავდაცვითი იარაღის მიწოდების თემაზე. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კონფლიქტის დაბალ ინტენსივობას, უკრაინის იარაღით აღჭურვა გადამწყვეტ შედეგს ვერ მოგვცემს. თუმცა კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ეს ვარიანტი უნდა განვიხილოთ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

ჟურნალისტი ანა კალანადაძე

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა»

მოამზადა სიმონ კილაძემ