"დაე, "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს" - გიორგი მღებრიშვილი სატელეფონო "ხულიგნების" მსხვერპლი გახდა?! - კვირის პალიტრა

"დაე, "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს" - გიორგი მღებრიშვილი სატელეფონო "ხულიგნების" მსხვერპლი გახდა?!

"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია", - ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ბლოგ Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერს,  რომელში, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება.

აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.

"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება. პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე, "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.

ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე Страна.ua - ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს. როგორც რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულები არიან, აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

"ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერი. მით უმეტეს, რომ მსგავსი ზარები საქართველოში ყოფილა დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც კულტურის მინისტრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვინაიდან საუბრის შინაარსი შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს. უნდა ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა. ათას სისულელეზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდებოდა და "ნაციონალურ მოძრაობას" ეხებოდა, ხელისუფლება გამოძიებას იწყებდა. ადგენდა, იყო თუ არა ხმები ავთენტური და იბარებდნენ დეპუტატებსაც კი, ხმის ნიმუშების ასაღებად. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება ამ შემთხვევაშიც", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ასევე: "მღებრიშვილმა ხომ საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის საიდუმლო შეთანხმება გაგვიმხილა "