"გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს" - კვირის პალიტრა

"გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს"

"გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება"

გასულ კვირას რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და ასევე, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თანამდებობები დატოვეს - რეგიონებში საკადრო ცვლილებებს დინამიკურ პროცესად აფასებს მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი გადაადგილებას არჩევნებს უკავშირებს. "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს:

- გუბერნატორების ცვლილებას პირდაპირი კავშირი აქვს არჩევნებთან - მმართველი გუნდის განცხადებები, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებისთვის მოხდა, არასერიოზულია. "ქართულ ოცნებაშიც" კი შეთანხმდნენ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი აბსოლუტურად უფუნქციოდ იქცა და მხოლოდ საარჩევნო რესურსების კოორდინაციისთვის იყენებენ. სავარაუდოდ, არჩევნებამდე მმართველ გუნდში სუსტი რეგიონები გამოკვეთეს, სადაც თვითმმართველობის მეტი კონტროლია საჭირო, მოსახლეობის განწყობაც არაპროგნოზირებადია და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

- თუ გუბერნატორი უფუნქციოა, როგორ უნდა მოახერხოს მან წინასაარჩევნოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლი ან საარჩევნო რესურსების კოორდინაცია?

- სქემა ასეთია - გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება. ამასთან, მმართველი ძალა შეეცდება საარჩევნოდ გუბერნატორის მეშვეობით ადგილობრივი ბიუჯეტიც გამოიყენოს, მათ შორის, ღონისძიებებისა და კამპანიის დასაგეგმად. ამის მეტს მმართველი გუნდი ვეღარ გაბედავს, რადგან გუბერნატორები არჩეულ გამგებლებს ფუნქციებით ვერასოდეს შეეჭიდებიან - გამგებლები მაღალი ლეგიტიმაციის ფიგურები არიან, გუბერნატორებს კი მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკური ლოიალობა აქვთ, ისიც არაფორმალურად.

ვფიქრობ, გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს. კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ წინა პარლამენტში გაჟღერდა, რომ საარჩევნო სიების ფორმირებაში სუს-ი იყო ჩართული. თუმცა, დეცენტრალიზაციის პროცესი ახლა აქტიურ ფაზაშია და ეს დინამიკა მაძლევს იმედს, რომ თუნდაც არაფორმალური ბერკეტებით, სპეცსამსახურები მუნიციპალიტეტებზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენენ, რადგან საქმე არჩეულ მერებთან ექნებათ, რომლებიც ნელ-ნელა საკუთარ ლეგიტიმაციას თავადაც გაიაზრებენ.

გურიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შემთხვევა გვქონდა. ჩემი ინფორმაციით, გია სალუქვაძის ნაცვლად, ოზურგეთის ჯერ კიდევ მოქმედ გამგებელს მერაბ ჭანუკვაძეს დანიშნავენ. შესაძლოა, ჭანუკვაძე ფიქრობს, რომ გუბერნატორად დანიშვნა დაწინაურება იქნება და შიდაპარტიული ამბიციები დაკმაყოფილდება, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ დიდ გაუგებრობაში მოხვდა. არჩეული თანამდებობის შემდეგ, ჩემი აზრით, მას აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ჩანს, პარტიაში სხვა მნიშვნელოვანი პოზიცია მისთვის ვერ გამოინახა.

გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერი: - ორი გუბერნატორის ცვლილება უფრო არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რათა გამგებლებმა მეტი ხარისხით იმუშაონ. გუბერნატორის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს რეგიონული, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების კოორდინაცია, 2018 წელს კი ამას საგანგებო მნიშვნელობა ექნება, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების რამდენიმე მილიარდი ლარის მოცულობის სამუშაოების ათვისებაზეა საუბარი. რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობა-არარსებობაზე გვქონდა მსჯელობა, თუმცა კოორდინაციის მნიშვნელობა დღის წესრიგში რჩება და შესაძლოა, გუბერნატორმა მეტი ფუნქციაც შეიძინოს.

რუსუდან შელია