"გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს"
14-08-2017
"გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს"
"გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება"

გასულ კვირას რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და ასევე, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თანამდებობები დატოვეს - რეგიონებში საკადრო ცვლილებებს დინამიკურ პროცესად აფასებს მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი გადაადგილებას არჩევნებს უკავშირებს. "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს:

- გუბერნატორების ცვლილებას პირდაპირი კავშირი აქვს არჩევნებთან - მმართველი გუნდის განცხადებები, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმარ­თველობის გაუმჯობესებისთვის მოხდა, არასერიოზულია. "ქართულ ოცნებაშიც" კი შეთანხმდნენ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი აბსოლუტურად უფუნქციოდ იქცა
და მხოლოდ საარჩევნო რესურსების კოორდინაციისთვის იყენებენ. სავარაუდოდ, არჩევნებამდე მმარ­თველ გუნდში სუსტი რეგიონები გამოკვეთეს, სადაც თვითმმართველობის მეტი კონტროლია საჭირო, მოს­ახ­ლეობის განწყობაც არაპროგნოზირებადია და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

- თუ გუბერნატორი უფუნქციოა, როგორ უნდა მოახერხოს მან წინასაარჩევნოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლი ან საარ­ჩევნო რესურსების კოორდინაცია?

- სქემა ასეთია -
გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება. ამასთან, მმართველი ძალა შეეცდება საარჩევნოდ გუბერნატორის მეშვეობით ადგილობრივი ბიუჯეტიც გამოიყენოს, მათ შორის, ღონისძიებებისა და კამპანიის დასაგეგმად. ამის მეტს მმართველი გუნდი ვეღარ გაბედავს, რადგან გუბერნატორები არჩეულ გამგებ­ლ­ებს ფუნქციებით ვერასოდეს შე­ეჭიდებიან - გამგებლები მაღ­ალი­ ლეგიტიმაციის ფიგურები არიან, გუბერნატორებს კი მხოლოდ­ მმართველი ძალის პოლიტიკური ლოიალობა აქვთ, ისიც არაფორმალურად.
ვფიქრობ, გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს. კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ წინა პარლამენტში გაჟღერდა, რომ საარჩევნო სიების ფორმირებაში სუს-ი იყო ჩართული. თუმცა, დეცენტრალიზაციის პროცესი ახლა აქტიურ ფაზაშია და ეს დინამიკა მაძლევს იმედს, რომ თუნდაც არაფორმალური ბერკეტებით, სპეცსამსახურები მუნიციპალიტეტებზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენენ, რადგან საქმე არჩეულ მერებთან ექნებათ, რომლებიც ნელ-ნელა საკუთარ ლეგიტიმაციას თავადაც გაიაზრებენ.

გურიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შემთხვევა გვქონდა. ჩემი ინფორმა­ციით, გია სალუქვაძის ნაცვლად, ოზურგეთის ჯერ კიდევ მოქმედ გამგებელს მერაბ ჭანუკვაძეს დანიშნავენ. შესაძლოა, ჭანუკვაძე ფიქრობს, რომ გუბერნატორად დანიშვნა დაწინაურება იქნება და შიდაპარტიული ამბიციები დაკმაყოფილდება, მაგ­რამ მალევე მიხვდება, რომ დიდ გაუგებ­რობაში მოხვდა. არჩეული თანამდებობის შემდეგ, ჩემი აზრით, მას აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ჩანს, პარტიაში სხვა მნიშვნელოვანი პოზიცია მისთვის ვერ გამოინახა.

გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერი: - ორი გუბერნატორის ცვლილება უფრო არჩევნე­ბის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რათა გამგებლებმა მეტი ხარისხით იმუშაონ. გუბერნატორის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს რეგიონული, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების კოორდინაცია, 2018 წელს კი ამას საგანგებო მნიშვნელობა­ ექნება, რადგან ინფრასტრუქტურული პრო­ექტების რამდენიმე მილიარდი­ ლარის მოცულობის სამუშაოების ათვისებაზეა საუბარი. რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობა-არარსებობაზე გვქონდა მსჯელობა, თუმცა კოორდინაციის მნიშვნელობა დღის წესრიგში რჩება და შესაძლოა, გუბერნატორმა მეტი ფუნქციაც შეიძინოს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით