"არც ერთი ფარული ჩანაწერი, აქამდე რაც ყოფილა, პრინციპულად არ მომისმენია" - კვირის პალიტრა

"არც ერთი ფარული ჩანაწერი, აქამდე რაც ყოფილა, პრინციპულად არ მომისმენია"

15 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, სადაც საუბრის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას ეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ქირაობენ ხელისუფლებებს და მათი არჩევნებში ჩართულობა მნიშვნელოვანია.

“ვიმედოვნებ, რომ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკოსების იმედი მაქვს, რომ წელს ისეთ პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიას გააკეთებენ, ბოლოს და ბოლოს, რომ მთელი მოქალაქეები გამოვალთ აღტაცებულები და მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ახსოვდეთ, რომ ხელისუფლებები არიან მათი დაქირავებულები”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა არ იყო და რომ ჩაკეტილ კარს მიღმა უსწრაფესად მოხდა მთავარი დოკუმენტის მიღება ისე, რომ არ მოხდა საზოგადოების ფართო მასების აზრის გათვალისწინება. მარგველაშვილი ასეთ რამეს დაუშვებლად მიიჩნევს, რადგან „კონსტიტუცია ეხება თითოეულ მოქალაქეს“.

„არ ვეთანხმები პროცესს, ეს კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანისაა და ის ფორმა, რაც ამ პროცესმა მიიღო, მიუღებელია. ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობა, მერე რა, რომ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტები და კონსტიტუციონალისტები მუშაობდნენ. კონსტიტუცია ხომ თითოეული მოქალაქისაა. ღმერთმა მე მომცა თავისუფლება და არა ვიღაც კონსტიტუციონალისტს. შესაბამისად, ის ჩემს თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს და მთავარ დოკუმენტს წერს, მეც უნდა ჩამრთოს ამ პროცესში. მერე უცებ მოხდა ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მგონი, მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი არ მოუსმენია და კომენტარს ვერ გააკეთბს: "არც ერთი ფარული ჩანაწერი, აქამდე რაც ყოფილა, ან ვიდეო ან აუდიო პრინციპულად არ მომისმენია. ასე, რომ ლექსიკაზე, სტილზე, ტონზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება და ვუწოდეთ პროვოკაცია. შემიძლია გითხრათ ის, რაც აქამდეც მითქვამს: ფარული ჩანაწერები, „ვიკილიქსები“ და სხვა მსგავსი ინფორმაციები პროვოკაციებით, მოტყუებით, რომელიც ჩემამდე მოსულა, მიუღებელია. პრინციპი ერთია: არ ვაკეთებთ კომენტარს. მარტო პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი არა, სხვებსაც მოვუწოდებთ, რომ არ განიხილონ და არ შევიდნენ დეტალებში. თუ ჩვენ დავიწყებთ ასეთი ჩანაწერების მოძიებას, გაანალიზებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს შევქმნით, ვიქნებით ძალიან დაუცველები. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვის ეხება - შინაგან საქმეთა მინისტრს, ოპოზიციის ლიდერს, ჟურნალისტს თუ სხვას".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით