"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა

"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა.

ირმა ინაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა დაასახელა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება პოლიტიკური პროცესი, ის ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე და ამ პროცესს სათავეში ირმა ინაშვილი ჩაუდგება. ამ კონტექსტში დავით თარხან-მოურავმა და თავად ირმა ინაშვილმა საარჩევნო სისტემის გაუარესებაზე გაამახვილეს ყურადღება.

"მე აქტიურად ვმონაწილეობდი საარჩევნო სისტემის განხილვის პროცესში. ხელისუფლებასთან ერთად მთელი საქართველო მოვიარე. შევხვდით ხალხს, ვისაუბრეთ და ვიკამათეთ ბევრი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია. "ქართულმა ოცნებამ" არაფერი შეცვალა. ჩვენ აღარ გვინდა თეატრალური პოლიტიკა. პოლიტიკა სპექტაკლი არ არის. იქ 25 წელია მერები და გამგებლები უხეშად ერევიან არჩევნებში, მანიპულირებენ საარჩევნო სიებით და აშინებენ ამომრჩეველს. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა მერი ღიად და დაუფარავად გამოართმევს საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა სიას, მერე დაუვლიან ყველას და ეტყვიან, რომ თუკი ირმა ინაშვილს მისცემენ ხმას, სოციალურ დახმარებს მოუხსნიან", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის შეფასებით, ქართველმა ამორჩეველმა არჩევნების მიმართ იმედი დაკარგა და ის, რაც ამ მიმართულებით მმართველმა გუნდმა განახორციელა, არის ღალატი ყველა იმ იდეალისა, რომელისთვისაც ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით 2012 წელს იბრძოდა.

"ინტერპრესნიუსი"